სამართალი

შსს ჟურნალისტთა სარჩელს ნაწილობრივ ეთანხმება

22 ნოემბერი, 2011 • • 1088
შსს ჟურნალისტთა სარჩელს ნაწილობრივ ეთანხმება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რომ სპეცრაზმელებმა  ჟურნალისტებს  ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 2011 წლის 26 მაისს თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დაშლისას და ამ ფაქტზე არ დავობენ.   შსს-ს წარმომადგენლებმა  ამის შესახებ დღეს, 22 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სულ 7 მოწმე დაიკითხა, რომლებმაც დეტალურად გაიხსენეს 26 მაისს როგორც საკუთარი თავის, ისე კოლეგების ცემის, ასევე კამერების წართმევის ფაქტები.

ჟურნალისტებმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოში ადმინისტრაციული წესით სარჩელი 2011 წლის 26 მაისს, თბილისში ოპოზიციის აქციის დაშლისას სამართალდამცავების მიერ მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შეიტანეს. ჟურნალისტების საერთო სარჩელი სულ შვიდი მოსარჩელის მოთხოვნას აერთიანებს, ესენი არიან: ნეტგაზეთის ჟურნალისტები თაზო კუპრეიშვილი და კონსტანტინ სტალინსკი, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია, შპს „გაზეთი ბათუმელები“, შპს „ჩოხატაურის მაცნე“, შპს „ახალი ამბები“, შპს „ცენტრ პლიუსი.“ ჟურნალისტების ინტერესებს სასამართლოში იცავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები თამარ კორძაია და ნათია კაპანაძე.

თაზო კუპრეიშვილი, კონსტანტინ სტალინსკი და ნატო გოგელია სასამართლოს გზით ითხოვენ აქციის დაშლისას სამართალდამცავების მიერ მიყენებული ჯანმრთელობის ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ კი, შემდგომში გაწეული მკურნალობის ხარჯებს. სარჩელის ამ ნაწილზე შსს არ დავობს და ადასტურებს, რომ ეს ჟურნალისტები ნამდვილად დაშავდნენ აქციის დაშლისას. რაც შეეხება ორგანიზაციებს, ისინი წართმეული და დამტვრეული ვიდეოკამერების საფასურის ანაზღაურებას მოითხოვენ. ამ ფაქტზე შსს-ს განსხვავებული მოსაზრება აქვს. მათ მიაჩნიათ, რომ არ არსებობს საკამარისი მტკიცებულებები, რაც ჟურნალისტური ტექნიკის დაკარგვას დაადასტურებდა. სარჩელის საერთო ღირებულება 5 ათას ლარს აჭარბებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესამდე რამდენიმე კვირით ადრე შსს-მ ჟურნალისტებს მორიგება შესთავაზა, თუმცა საკუთარი პირობები დეტალურად არ წარმოუდგენიათ. მორიგების მზაობა დღესაც გამოხატა შსს-ს წარმომადგენელმა, თუმცა ჟურნალისტებმა ამას უარით უპასუხეს.

მოწმეთა დაკითხვა აღნიშნულ საქმეზე დასრულდა. შემდეგი სასამართლო პროცესი 2011 წლის 12 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი