სამართალი

“ბათუმელების” დირექტორის წერილი ვანო მერაბიშვილს

21 ნოემბერი, 2011 • 1790
“ბათუმელების” დირექტორის წერილი ვანო მერაბიშვილს
შპს “გაზეთ ბათუმელების” დირექტორმა მზია ამაღლობელმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
ბ/ნ ივანე მერაბიშვილს
გაზეთ “ბათუმელების” დირექტორის
მზია ამაღლობელის
(მის: ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის ქ.#48)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(პოლიციელთა მხრიდან უმოქმედობის შეტყობინებისა და ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე)


მოგახსენებთ, რომ 2009 წლის 30 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ დანაშაულის შეტყობინების შესახებ და მოვითხოვეთ ქ. ბათუმის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება სსკ-ს  333-ე მუხლის III ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სასმსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით), შემდეგ  გარემოებათა გამო:
2009 წლის 25 ნოემბერს ქ. ბათუმში გაურკვეველმა პირებმა გააჩერეს “გაზეთ ბათუმელების” თანამშრომელი – თედო ჯორბენაძე, რომლებიც, მათივე თქმით, იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოსთხოვეს განყოფილებაში (ბათუმი, გრიბოედოვის ქ.#4) გაყოლა. აღნიშნულ მისამართზე გამოვცხადდით გაზეთ “ბათუმელების” ხელმძღვანელები _ მზია ამაღლობელი, ეთერ თურაძე და თედო ჯორბენაძე. თუმცა, ჩვენგან მოშორებით გიყვანეს მხოლოდ თედო ჯორბენაძე და მის მიმართ განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა; შანტაჟის და იძულების გზით (აღნიშნული პირები ემუქრებოდნენ, რომ გაუხმაურებდნენ თედო ჯორბენაძის პირადი ცხოვრების ისეთ დეტალებს, რომლის გავრცელების შემთხვევაში საზოდგადოება ზურგს შეაქცევდა და სამსახურსაც დაკარგავდა) ისინი ცდილობდნენ მის დათანხმებას მათთან თანმამშრომლობაზე, თუმცა ამაზე  კატეგორიული უარი მიიღეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის პროკურატურაში, თუმცა გამოძიება დღემდე ჭიანურდება იმ მიზეზით, რომ პროცესის მწარმოებელი  ირგანოს მიერ ვერ მოხერხდა იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებმაც თედო ჯორბენაძის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედება განახორციელეს.
გაზეთ “ბათუმელების” მიერ 2011 წლის 20 ნოემებრს აღმოჩნილ იქნა ერთ-ერთი პირის, დავით დევროზაშვილის საცხოვრებელი სახლი და მისივე საცხოვრებელ მისამართზე მოხდა ამ პირის იდენტიფიცირება, ამოცნობა (მე პირადად, მზია ამაღლობელი, რომელიც 2009 წლის 25 ნოემბერს პირადად ვიყავი და ვესწრებოდი თედო ჯორბენაძის დაშანტაჟების ფაქტს, მივედი დავით დევნოზაშვილის საცხოვრებელ სახლში და კარი სწორედ იმ ადამიანმა გააღო, რომელიც უშუალო მონაწილე იყო ამ პროცესის. გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით დავუკავშირდით პოლიციას და პროკურატურას მივაწოდეთ აღნიშნული ინფორმაცია).
უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა ვინ იყო ვინმე ბატონი დავითი, რომელიც აშანტაჟებდა ჟურნალისტს და ეუბნებოდა, რომ თუ ის მათთან არ ითანამშრომლებდა, ისინი გაავრცელებდნენ მის მაკომპრომეტირებელ ფოტოებს.
მინდა ავღნიშნო, რომ გამოძიების პროცესში, 2009 წლის ნოემბერში ჩვენ (სამივეს) წარგვედგინა ფოტოები დანაშაულის ჩამდენი პირის ამოცნობის მიზნით, თუმცა მათ შორის არ იყო ის პირი, ვინც რეალურად ჩაიდინა დანაშაული. პიროვნება რომელიც ჟუნრალისტის გადაბირებას თუ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას უკანონო მოქმედებებით ცდილობდა, გახლავთ 1971 წელს დაბადებული დავით დევნოზაშვილი, მცხოვრები ქ. თბილისში დოლიძის 26-ე კორპუსში, მისი ამოცნობა ქ/ნ მზია ამაღლობელმა შეძლო, გაზეთ ,,ბათუმელების” თანამშრომელ ქ/ნ ნესტან ცეცხლაძის თანდასწრებით.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენს მიერ მოხდა ამ პირის ამოცნობა და პოლიციისათვის შეტყობინება, თუმცა ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციის თანამშრომლებმა დაარღვიეს პოლიციის შესახებ კანონის მე-8 მუხლის “ლ” ქვეპუნქტის მოთხოვნები.  კერძოდ, “პოლიციელი ვალდებულია მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს შემოსული ინფორმაცია დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის შესახებ და დაუყოვნებლივ მოახდინოს მასზე რეაგირება, აწარმოოს სამართალდარღვევისა და მათი ჩამდენი პირების აღრიცხვა.” უფრო კონკრეტულად, ჩვენი გამოძახების შემდეგ ადგილზე გამოცახდებულმა პოლიციის თანამშრომლებმა (ჩვენთვის ერთი მათგანის სახელია ცნობილი – ხვიჩა კირვალიძე) არ მოახდინეს მომხდარი შეტყობინების რეგისტრაცია და დოკუმენტირება. მათ ფორმალური პასუხებით თავი აარიდეს მათზე დაკისრებული კანონიერი ვალდებულების შესრულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ და მოვითხოვთ:
1. დაუყოვნებლივ მოგვაწიდოთ ყველა იმ დოკუმენტის ასლი (ინფორმაცია) რომელიც არის რეგისტრირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებაში 2011 წლის 20 ნოემბერს გაზეთ “ბათუმელების” მიერ გაკეთებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით.
2. დაგვიბაროთ და დეტალურად გაარვკიოთ იმ დღეს მომხდარი ფაქტები;
3. გამოავლინოთ დამრღვევი პოლიციის თანამშრომლები და დარღვევის სიმძიმის მიხედვით მისცეთ პასუხისმგებლობაში.
ველით თქვენს დაუყოვნებლივ რეაგირებას.
პატივისცემით,

მზია ამაღლოებელი

დირექტორი

შპს “გაზეთი ბათუმელები”

ამავე თემაზე:

ნაპოვნია

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “ბათუმელების საქმეს” ეხმაურება



მასალების გადაბეჭდვის წესი