სამართალი

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “ბათუმელების საქმეს” ეხმაურება

21 ნოემბერი, 2011 • 960
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “ბათუმელების საქმეს” ეხმაურება

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” შეშფოთებულია სამართალდამცველების მხრიდან ზედაპირული რეაგირების ფაქტით “გაზეთ ბათუმელების” განცხადებაზე.

კოალიცია კატეგორიულად მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან უპასუხოს საზოგადოებას, თუ რატომ არ მოახდინეს პოლიციის წარმომადგენლებმა სრულყოფილი კანონიერი რეაგირება გუშინ, 20 ნოემბერს, გაზეთის წარმომადგენლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და საჯაროდ გასცეს პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება „გაზეთ ბათუმელების” ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის მიმართ 2009 წლის 25 ნოემბერს განხორციელებული შანტაჟისა და იძულების ფაქტების თაობაზე გამოძიების მინდინარეობას.

კოალიცია ასევე მოითხოვს, დაისვას იმ პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც 2011 წლის 20 ნოემბერს არასრულყოფილად შეასრულეს საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილება და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხონ „გაზეთ ბათუმელების” ჟურნალისტები.

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” მიიჩნევს, რომ დასმულ შეკითხვებზე სახელმწიფოს მხრიდან საჯაროდ ღირსეული პასუხის გაცემა არის უმნიშვნელოვანესი ტესტი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად დაცულია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება.

“გუშინ, 2011 წლის 20 ნოემბერს, გაზეთის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და, სახელმწიფო საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის მიზნით, მოახდინეს ერთ-ერთი იმ პირის – დავით დევნოზაშვილის – იდენტიფიცირება, რომელიც, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდა ჟურნალისტის დაშანტაჟებისა და იძულების პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის წარმომადგენლებმა გამოიძახეს პოლიცია და მიაწოდეს მას ინფორმაცია შესაძლო დამნაშავის ადგილსამყოფელის შესახებ, პოლიციამ დაარღვია მისთვის კანონით დადგენილი ყველა ვალდებულება და არ გაატარა რაიმე პროცესუალური ღონისძიება. უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წარმოადგენს კიდევ ახალი, დამატებითი დანაშაულის ჩადენის ტოლფას ქმედებას”, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “გაზეთ ბათუმელების” წარმომადგენლებმა დაადგინეს შანტაჟისტი პოლიციელის ვინაობა, რომელიც ორი წლის წინათ, 2009 წლის 25 ნოემბერს, ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის მიმართ შანტაჟს ახორციელებდა. შესაბამისი ინფორმაცია “ბათუმელებმა” გუშინვე მიაწოდა საპატრულო პოლიციას. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, არ გააფორმა სათანადო აქტი და მიატოვა გამოძახების ადგილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი