სამართალი

პატიმარი, რომელიც გარდაცვალებამდე სიკვდილს ნატრობდა

12 ნოემბერი, 2011 • • 1550
პატიმარი, რომელიც გარდაცვალებამდე სიკვდილს ნატრობდა

2011 წლის პირველ ნახევარში ქართულ ციხეებში 77 პატიმარი გარდაიცვალა. სახალხო დამცველის ოფისი მიმდინარე წლის მეორე ნახევრის მონაცემებს წლის ბოლოს გამოაქვეყნებს, რომელთა შორისაც მოხვდება 15 სექტემბერს გარდაცვლილი პატიმარი, 34 წლის გოჩა დეისაძე.

გოჩა დეისაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის ადვოკატს – მაია ჯულაყიძესა და ოჯახს აქვთ კითხვები, რომლებზეც პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ისინი ექსპერტიზის ოფიციალურ პასუხს დღემდე ელიან. გარდა ამისა, ადვოკატს მიაჩნია, რომ გოჩა დეისაძეს ციხის სამკურნალო დაწესებულებებში არასათანადოდ მკურნალობდნენ, რამაც მისი სიკვდილი დააჩქარა.

დეისაძე 2007 წლის იანვარში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და ვინაიდან ადრე სხვა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, სასჯელები გაუერთიანეს და ჯამში, 25 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმარი სწორედ პირველი სასჯელის მოხდისას დაავადდა ტუბერკულოზით, 2007 წლის მიწურულს კი მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. 2008 წლის 16 იანვრიდან გოჩა დეისაძე ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამა “DOTS”-ში ჩასვეს. შესაბამისად, ამ დროიდან ის ქსანში, სასჯელარსრულების დეპარტამენტის  #19 ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა.   

გოჩა დეისაძეს პრეპარატების ცუდი ამტანობის გამო მკურნალობა 2-ჯერ შეუწყდა, რადგან დაავადებული იყო ტუბერკულოზის მძიმე ფორმით (მულტირეზისტენტული) და უტარებდნენ ქიმიოთერაპიას, რასაც ორგანიზმი ვერ უძლებდა. თუმცა, ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო, 2010 წლის 4 ნოემბრიდან პროგრამა “DOTS+”-ის ფარგლებში მისი მკურნალობა განახლდა. მისი დიაგნოზი ამ დროისთვის იყო ფილტვის ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზი და ქრონიკული “ც” ჰეპატიტი.  

ადვოკატი მაია ჯულაყიძე ამბობს, რომ სამედიცინო ისტორიის მიხედვით, დეისაძეს 2011 წლის იანვრიდან ჰქონდა მაღალი სიცხეები, რა დროსაც ის უფრო ცუდად ხდებოდა. გარდა ამისა, მას სისუსტის გამო ბოლო ერთი წელი სიარული უჭირდა და ძირითადად მწოლიარე იყო. ჯულაყიძის თქმით,  ტუბერკულოზის გარდა, პატიმარს აწუხებდა კუჭის ძლიერი ტკივილები, გულის უკმარისობა და C ჰეპატიტი. მიუხედავად ამისა, მას მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა უტარდებოდა.

მაია ჯულაყიძე გოჩა დეისაძის ადვოკატი 2011 წლის აპრილიდან გახდა. ის იხსენებს მასთან შეხვედრის პირველ დღეს და ამბობს, რომ როცა პაემნის ოთახში იმყოფებოდა, შორიდან ხედავდა, თუ როგორ მოჰყავდა ციხის თანამშრომელს, ხელზე დაყრდნობით, ნელი ნაბიჯებით,  დაუძლურებული ადამიანი, რომელსაც არ ეტყობოდა, რომ 33 წლის იყო. ოთახში შემოყვანის შემდეგ ავადმყოფობისგან დაუძლურებულ დეისაძეს დიდი ხანი დასჭირდა, რომ ქოშინი შეეწყვიტა და დაწყნარებულიყო. მან ადვოკატი გააფრთხილა, რომ შემდეგში მის სანახავად არ მისულიყი და მასთან მხოლოდ წერილობითი ურთიერთობა ჰქონოდა, რადგან სიარული არ შეეძლო და შეხვედრაზე გამოსვლას ვერ შეძლებდა.

კლიენტის მონახულების შემდეგ მაია ჯულაყიძემ მეორე დღესვე, 2011 წლის 5 აპრილს, წერილობით მიმართა სახალხო დამცველს, ასევე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს და სასწრაფოდ მოითხოვა პატიმრის გადაყვანა შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში, ასევე, მისთვის გამოკვლევების ჩატარება.

ადვოკატი მაია ჯულაყიძე ციხის სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ სისტემურ პრობლემასა და ექიმების გულგრილობაზეც ამახვილებს ყურადღებას. კანონით, ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან პატიმრის სხვაგან გადაყვანის შუამდგომლობას სამკურნალო დაწესებულების ექიმი წერს. მარინა ჯულაყიძის თქმით, ციხის საავადმყოფოს ექიმები ამას ძალიან იშვიათად აკეთებენ, რადგან ისინი ავადმყოფ პატიმრებს უყურებენ როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები  და არა როგორც ექიმები – პაციენტს. ამას ჯულაყიძე იმით ასაბუთებს, რომ სანამ თავად არ დაწერა მოთხოვნა გოჩა დეისაძის გამოკვლევებისთვის გადაყვანის მოთხოვნით, მანამდე მის მკურნალ ექიმებს ამის გაკეთება აზრადაც არ მოსვლიათ, არადა, სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე, ეს აუცილებელი იყო.

20 აპრილს გოჩა დეისაძე ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, ჩაუტარეს გამოკვლევები, 22 აპრილს კი დამატებითი გამოკვლევებისთვის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გაამწესეს. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, სიცხემ დაუწია, ჭამა დაიწყო, შესაბამისად, გაგრძელდა მისი მკურნალობა.

2011 წლის ივნისის თვეში გოჩა დეისაძე კვლავ ქსნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც 4 ივლისს ფილტვი შეეკუმშა, გადაიყვანეს რეანიმაციაში და ჩაუდგეს დრენაჟი. ადვოკატის თქმთ, ამის შემდეგ დეისაძე უნდა გადაეყვანათ ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც მასზე მეთვალყურეობა ქირურგ კობა თაბაგარს უნდა აეღო. მაია ჯულაყიძის მტკიცებით, დეისაძე ქირურგიულ განყოფილებას დაეწერა, მაგრამ დარჩა რეანიმაციაში. რეანიმაციაში მას ყოველდღე უნდა ჩატარებოდა ფილტვის გამორეცხვის პროცედურა.

იმის გამო, რომ ქირურგიული განყოფილება შენობის მესამე სართულზეა და რეანიმაციული – მეოთხეზე, დეისაძე დატოვეს რეანიმაციაში, რადგან მას სართულებს შორის დამოუკიდებლად სიარული არ შეეძლო. რეანიმაციაში დილა-საღამოს შემოვლაზე შემოსული ექიმი კი მას არ სინჯავდა, რადგან დეისაძე ქირურგიული განყოფილების პაციენტი იყო. ხოლო ექიმი ქირურგიული განყოფილებიდან დეისაძის სანახავად მხოლოდ “უკიდურეს” შემთხვევაში ამოდიოდა. ეს ინფორმაცია ადვოკატ მაია ჯულაყიძეს დეისაძემ გარდაცვალებამდე მიაწოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ ტუბერკულოზის სამკურნალო წამლები დეისაძეზე ცუდად მოქმედებდა და მისი მდგომარეობა უარესდებოდა.

“რადგან მან იცოდა, რომ ამ წამლების მიღების შემდეგ უფრო ცუდად გახდებოდა, რაღაც დროის განმავლობაში წამლებს არ სვამდა. მეუბნებოდა, თუ წამალს დავლევ, ცუდად გავხდები, ამ დროს კი ჩემი მშველელი არავინ იქნებაო,” – იხსენებს ადვოკატი დეისაძის ნათქვამს. მაია ჯულაყიძე ასევე იხსენებს, რომ არასათანადო სამკურნალო პირობებისა და გაუსაძლისი მდგომარეობის გამო გოჩა დეისაძე ხშირად სიკვდილსაც კი ნატრობდა.

მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში, დიდ ოთახში, გოჩა დეისაძე ძირითადად მარტო იყო. თუ ვინმე შეჰყავდათ მის ოთახში, იყო შემთხვევა, რომ ახალშემოყვანილი პაციენტი მალევე კვდებოდა, დეისაძე კი კვლავ მარტო რჩებოდა. ეს კი მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებდა. გარდა ამისა, როცა ცუდად ხდებოდა, დახმარების სათხოვნელად უჭირდა ექთნისთვის დაძახება. იმის გამო, რომ ავადმყოფს ჟანგბადის ბალიში ესაჭიროებოდა და ხშირად მოწყობილობა სხვა პაციენტთან იყო გატანილი, სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციას დეისაძის ადვოკატმა ჟანგბადის ბალიშის საკუთარი ფულით ყიდვა შესთავაზე. ადმინისტრაციიდან უპასუხეს, რომ ეს დაუშვებელი იყო.

გოჩა დეისაძისთვის ივნისში გაკეთებული ანალიზების საფუძველზე, 5 აგვისტოს ადვოკატმა მაია ჯულაყიძემ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გოჩა დეისაძე პროგნოზულად მძიმე (რაც ნიშნავს, რომ მისი სიკვდილი უახლოეს მომავალში არ იყო მოსალოდნენლი. მომაკვდავ პაციენტებს აკუთვნებენ პროგრესულად მძიმე კატეგორიას) ავადმყოფი იყო და მას ტუბერკულოზის მძიმე ფორმა ჰქონდა.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ადვოკატმა 8 აგვისტოს მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთობლივ კომისიას, რომელიც განიხილავს მძიმე ავადმყოფი პატიმრების სასჯელისგან გათავისუფლების საქმეს.  ადვოკატმა განცხადებაში მიუთითა, რომ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გოჩა დეისაძის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მის განცხადებას თან ერთვოდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა.

აღნიშნული კომისიის თავმჯდომარეა ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. კომისია სულ სამი წევრისგან შედგება. ადვოკატის თქმით, კომისია ხელშეკრულებას აფორმებს ექიმებთან, რომლებიც შეისწავლიან კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და წერენ დასკვნას. ამ დასკვნის საფუძველზე კი გადაწყვეტენ პატიმრის სასჯელის გადავადების, ან მოხსნის საკითხს. დროის მოგების მიზნით, კი ადვოკატმა კომისიას ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარუდგინა დეისაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

გოჩა დეისაძე ავდოკატმა ბოლოს 7 სექტემბერს ნახა. 14 სექტემბერს, საღამოს, მის ექიმს ელაპარაკა და გაიგო, რომ ავადმყოფი პატიმრის მდგომარეობა “სტაბილურად მძიმე” იყო. პატიმრის სანახავად 15 სექტემბერს ციხის საავადმყოფოში მისულ მაია ჯულაყიძეს დაახლოებით  საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ დეისაძე გარდაიცვალა, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ უთქვამთ.

მაია ჯულაყიძე დღემდე ელოდება გარდაცვალების შემდეგ მისთვის ჩატარებული ექსპერტიზის პასუხს, ასევე მის ბოლო სამედიცინო ისტორიას. როგორც ადვოკატი ამბობს, დეისაძის სიკვდილი გარდაუვალი იყო, მაგრამ კვალიფიციური მკურნალობის, ასევე, პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელი იყო.

“მსოფლიოში ტუბერკულოზი დაამარცხეს, ამით იშვიათად კვდებიან, ქართველი პატიმრების დიდი ნაწილი კი ამ დაავადების გამო კვდება,”- ამბობს მაია ჯულაყიძე.

კომისიიდან, სადაც მაია ჯულაყიძემ პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება და ექსპერტიზის დასკვნა 8 აგვისტოს შეიტანა, პასუხი 2011 წლის 11

ქსნის მე-19 სამკურნალო დაწესებულება
ქსნის მე-19 სამკურნალო დაწესებულება

ოქტომბერს მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი ჯულაყიძეს თხოვს, რომ განცხადებას ადვოკატმა თან დაურთოს მსჯავრდებულის სამედიცინო ისტორიის ქსეროასლი და სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა. გიორგობიანი მიმართვაში წერს, რომ გოჩა დეისაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომისიაში შესულ განცხადებას მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ.

ამ დროს გოჩა დეისაძე ერთი თვის გარდაცვლილი იყო. სპეციალური კომისიისგან პასუხის დაგვიანების მიზეზების გარკვევას გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი დეისაძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზის გაგების შემდეგ აპირებს. საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც არის ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი