სამართალი

გვანცა ყუფარაძე გაათავისუფლეს

11 ნოემბერი, 2011 • 1750
გვანცა ყუფარაძე გაათავისუფლეს

მკვლელობის განზრახ მცდელობისთვის მსჯავრდებული 18 წლის გვანცა ყუფარაძე სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებიდან დღეს გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ყუფარაძის მამამ მიაწოდა.

გვანცა ყუფარაძე ხუთი წლის წინ დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, მან თანაკლასელს – თორნიკე ტყემალაძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა 2006 წლის 9 ნოემბერს თბილისის მე–12 საჯარო სკოლაში მოხდა. 14 ნოემბერს გვანცა ყუფარაძე დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. თავისუფლების აღკვეთის 5 (ხუთი) წლის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და დაუდგინდა გამოსაცდელ ვადად. ამ დროისათვის გვანცა ყუფარაძე იყო 14 წლის.

ყუფარაძისადმი წაყენებული ბრალი მთელი ამ ხნის მანძილზე უსაფუძვლოდ მიაჩნდათ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათი თქმით, აღნიშნულ საქმეში სახელისუფლებო გუნდის წევრების – პავლე და კოტე კუბლაშვილების ახლობლები იყვნენ ჩართულნი და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ხელი სწორედ ყუფარაძეს შეაწმინდეს.

ტყემალაძის მკვლელობის მცდელობის საქმის გარემოებებს თავად გვანცა ყუფარაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში ასე აღწერდა:

“ჩემი უბედურება 2006 წლის 9 ნოემბერს დაიწყო, როცა შემთხვევით შევესწარი თანაკლასელის, თორნიკე ტყემალაძის დაჭრას, რომელიც თბილისის მე-12 საშუალო სკოლის ეზოში მოხდა. ტყემალაძე ფულის შოვნაში დახმარებას მთხოვდა და მეუბნებოდა, თუ ფულს არ ვიშოვი, ჩემი საქმე ძალიან  ცუდად იქნებაო. ამ საუბრის დროს სკოლის ეზოს კედელს გადმოახტა 4 შედარებით დიდი ასაკის ბიჭი, რომლებმაც ის გააკავეს, ორმა კი დანებით ჭრილობა მიაყენა, თანაც უყვიროდნენ, ის მიიღე, რისი ღირსიც იყავიო. ამ ფაქტის ერთადერთი მოწმე მე ვიყავი და ამ ბიჭებისაგან მეც  საშინელი მუქარა მერგო. მემუქრებოდნენ, თუ ხმას ამოიღებ და რამეს იტყვი, შენც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებიო. 

მიუხედავად მუქარისა, გავიქეცი და ყველაფერი შევატყობინე იქვე მცხოვრებ ქართული ენის პედაგოგ ფატი მიქაძეს და ვთხოვე პოლიციის გამოძახება. დაჭრილი ტყემალაძე სკოლის სამედიცინო პუნქტში შეიყვანეს, სადაც მან განაცხადა, რომ  დაზიანებები სკოლის მე-2 სართულიდან გადმოვარდნით მიიღო. იქვე ვიდექი და  სკოლის პედაგოგებს განვუცხადე, რომ ის მეორე სართულიდან კი არ გადმოვარდა, არამედ დაზიანებები ოთხმა უცნობმა პირმა მიაყენა. სიმართლე მიუღებელი აღმოჩნდა როგორც  ტყემალაძისათვის, ისე სკოლის პედაგოგებისა და ხელმძღვანელობისათვის.  სკოლის ეზოში უცხო პირების მიერ მოსწავლის დაჭრის ფაქტით ხომ სკოლის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა?

მას შემდეგ, რაც პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ ტყემალაძე პირადად იცნობდა იმ პირებს, რომლებმაც ვალის გამო დაჭრეს, მას ისღა დარჩენოდა, პოლიციისათვის კონკრეტულად დაესახელებინა დამნაშავეები. იმის თქმა, რომ არ იცნობდა დამნაშავეებს, არარეალური და არადამაჯერებელი იქნებოდა, რის გამოც თავად ტყემალაძეს შეექმნებოდა პრობლემები – მიეცემოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში დანაშაულის დაფარვისათვის, მაგრამ მან შიშის გამო ვერ დაასახელა დამნაშავეები. ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული სკოლის დირექციაც, ტყემალაძის  მშობლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. საჭირო იყო განტევების ვაცის მოძებნა და ასეთი მე აღმოვჩნდი.”

გვანცა ყუფარაძის მხარდასაჭერად წარმოებული აქტიური საზოგადოებრივი კამპანიის მიუხედავად, ვერ მოხერხდა მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება.

მიმდინარე წლის ზაფხულში პატიმარმა გვანცა ყუფარაძემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები, რის შემდეგაც ის გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი