ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელმაც ხალხის სახელით რევაზ დემეტრაშვილის ბედი უნდა გადაწყვიტოს, კულმინაციას სულ უფრო უახლოვდება. დღეს, 10 ნოემბერს, მოწმეების დაკითხვის პარალელურად, დარბაზში მღელვარებამ მოიმატა.
ბრალდების მხარის სამი მოწმე – ლევან კიკაბიძე, ალექსანდრე რევაზიშვილი და გიორგი ოთარაშვილი, ამჟამად ქართულ ციხეში სასჯელს
ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღების გამო იხდიან, თუმცა მათ ერთმანეთთან მინასიანების საქმე აკავშირებთ – სამივე მათგანი ეთანხმება პროკურატურის ვერსიას და აღიარებს მინასიანების ოჯახში 1994 წელს დატრიალებულ ტრაგედიასთან პირდაპირ კავშირს. კერძოდ, როგორც გიორგი ოთარაშვილი ამტკიცებს, სხვებთან ერთად, პირადად მონაწილეობდა ჯერ ვაზგენ მინასიანის გატაცებაში, შემდეგ კი მისი ოჯახის ამოხოცვაში. ასევე, აღიარებითი ჩვენების მიხედვით, კიკაბიძე და რევაზიშვილი ვაზგენ მინასიანის გამტაცებლებისა და შემდეგ მკვლელობის მთავარი ინფორმატორები იყვნენ. სწორედ სამივე მათგანის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე დააკავეს რევაზ დემეტრაშვილი, რომელიც ბრალს არ აღიარებს.
საქმეში ბრალდებული კიდევ სამი პირი – ძმები ვახტანგ და კობა გვრიტიშვილები, ასევე გელა ქავთარაძე იძებნება. მეოთხე – მალხაზ მოდებაძე კი გარდაცვლილია.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვაზგენ მინასიანის გატაცების საქმეს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა. ამიტომ სასამართლო მხოლოდ მინასიანების ოჯახის 3 წევრის მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. როგორც პროკურატურა ამტკიცებს, გამტაცებლებმა მინასიანების მოკვლა ვაზგენ მინასიანის გატაცების კვალის დასაფარად და მისი ოჯახის მხრიდან შურისძიების შიშით განიზრახეს.
სამივე მოწმის ჩვენება 1994 წელს მიანსიანების ოჯახის ამოხვოცასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ერთ-ერთი მოწმე, ლევან კიკაბიძე სამართალდამცავებმა 2006 წელს ნაროკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს და მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც თავად ამბობს, გაიგო, რომ 2010 წელს შეიცვალა სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დამნაშავეს სასჯელი მნიშვნელოვნად შეუმცირდეს. სასჯელის შემცირების მოლოდინით, კიკაბიძემ დანაშაულის ჩადენიდან 17 წლის შემდეგ გადაწყვიტა აღიარებითი ჩვენების მიცემა. დანაშაულის აღიარების მოტივად იგივე მიზეზი დაასახელეს გიორგი ოთარაშვილმა და ალექსანდრე რევაზიშვილმა. შესაბამისად, ოთარაშვილს 15-წლიანი პატიმრობა 6 წლამდე შეუმცირდა. ჯერჯერობით, პატიმრობის ვადა არ შემცირებულა ალექსანდრე რევაზიშვილითვის.
გვრიტიშვილებთან, გიორგი ოთარაშვილთან, გელა ქავთარაძესთან და მალხაზ მოდებაძესთან. მათი მეგობრობის მთავარი მიზეზი ნარკოტიკი იყო, ისინი ერთად შოულობდნენ ნარკოტიკს და ერთად “იკეთებდნენ.”
ლევან კიკაბიძის თქმით, 1994 წლის იანავრში ნარკოტიკის ფული მოაკლდათ. ამის გამო ის რევაზ დემეტრაშვილთან ერთად მივიდა თავისივე უბანში მცხოვრებ ალექსანდრე რევაზიშვილთან. რევაზიშვილმა კი მათ უთხრა, რომ მის სამეზობლოში ცხოვრობდა ბიზნესმენი ნეშან მინესიანი, რომლის შვილის – ვაზაგენის გატაცების შემთხვევაში, ის მზად იქნებოდა, 100-150 ათასი აშშ დოლარი გადაეხადა. ეს იდეა კიკაბიძემ და დემეტრაშვილმა მიაწოდეს ძმებ გვრიტიშვილებსა და სხვა მეგობრებს, რომელბსაც იდეა მოეწონათ და გატაცებაც დაიგეგმა.
თებერვლის თვეში ლევან კიკაბიძე მინასიანების მეზობლის და გამტაცებელთა ინფორმატორის – ალექსანდრე რევაზიშვილისგან იგებს, რომ მინასიანები ვაზგენ მინასიანის გამტაცებლებმა დახოცეს.
“რევაზ დემეტრაშვილი მისულა ალექსანდრე რევაზიშვილთან და უთქვამს, მინასიანები ჩვენ დავხოცეთ და თუ იტყვი, რომ ვაზგენი ჩვენ გავიტაცეთ, შენც იგივე ბედი გელისო. ეს მე მომიყვა რევაზიშვილმა” – თქვა პროცესზე მოწმედ დაკითხვისას კიკაბიძემ.
სასამართლოზე იგივე დაადასტურა ალექსანდრე რევაზიშვილმაც. მისი თქმით, ამჟამად განსასჯელმა რევაზ დემეტრაშვილმა მას უთხრა, რომ მინასიანები მან და მისმა მეგობრებმა დახოცეს, იმიტომ, რომ შურისძიების შეეშინდათ.
კიკაბიძისა და რევაზიშვილისგან განსხვავებით, გიორგი ოთარაშვილმა ნაფიცი მსაჯულების წინაშე თქვა, რომ როცა ვაზგენ მინასიანი ჯერ გაიტაცეს და შემდეგ 10 ათასის სანაცვლოდ დააბრუნეს სახლში, გაიგეს, რომ ვაზგენ მინასიანის მამა შურისძიებას აპირებდა.
“რევაზ დემეტრაშვილმა გვითხრა, რომ სიმთვრალეში ნეშან მინესიანი მეზობლებში ამბობდა, რომ იცოდა შვილის გამტაცებლების ვინაობა და მათზე შურისძიებას აპირებდა. ამის შემდეგ ძმებ გვრიტიშვილების(ერთ-ერთი მათგანი კანონიერი ქურდი იყო) ხელმძღვანელობით დაიგეგმა მინასიანების დახოცვის გეგმა,” – თქვა სასამართლოზე ოთარაშვილმა. მის ამ სიტყვებზე დარბაზში მყოფი გვრიტიშვილების დედა ატირდა, თან უხმოდ მუშტს უღერებდა გიორგი ოთარაშვილს.
ოთარაშვილის თქმით, რადგან რევაზ დემეტრაშვილი ყოფილი პოლიციელი იყო და მას პოლიციელის საბუთი ჯერ კიდევ თან ჰქონდა, მასვე დაევალა თავისი უნომრო “06” მარკის ავტომობილით მინასიანების სახლში მკვლეობის ღამეს ჯგუფის მიყვანა.
გიორგი ოთარაშვილის ვერსიით, ძმები გვრიტიშვილები, გიორგი ოთარაშვილი, გელა ქავთარაძე და მალხაზ მოდებაძე, რევაზ დემეტრაშვილმა მინასიანების სახლში თავისი მანქანით მიიყვანა, თავად კი გარეთ პერიმეტრის კონტროლის მიზნით დარჩა. დანარჩენები კი მინასიანების სახლში შევიდინენ. ოთარაშვილის მტკიცებით, ოჯახში მყოფი ნეშან და ფლორა მინასიანები, ასევე, მათი შვილი ვაზგენ მინესიანი თავისი ცოლ-შვილით, ვაზგენის დაქორწინებული დები ბავშვებით, ერთ ოთახში, მეორე სართულზე აიყვანეს. მათ მოაწყვეს ძარცვის იმიტაცია, სახლიდან გამოიტანეს ნივთები, გამოსვლისას კი ერთ-ერთმა გვირიტშვილმა ავტომატიდან გასროლით ფლორა, ვაზგენ და ნეშან მინესიანები მოკლა, ვაგზენის და – გაიანე კი მძიმედ დაჭრა. ამის შემდეგ მათ მინესიანების სახლი ნაძარცვთან ერთად რევაზ დემეტრაშვილის ავტომობილით დატოვეს.
როგორც ოთარაშვილი ამბობს, ვაზგენ მინასიანი მოკვლის მიზეზი ის იყო, რომ მას, შესაძლოა, საკუთარი გამტაცებლები ამოეცნო. ფლორა მინასიანსაც, შესაძლოა, გამტაცებლებისთვის გამოსასყიდის გადაცემისას მათი სახე დაემახსოვრებინა. ნეშან მინასიანი კი იმიტომ მოკლეს, რომ შურისძიებით იმუქრებოდა.
რევაზ დემეტრაშვილის ადვოკატი დათუნა მოდებაძე ამტკიცებს, რომ ვაზგენ მინასიანის გატაცებასა და მისი ოჯახის წევრების ამოხოცვას შორის კავშირი არ არის. ადვოკატმა ჰკითხა გიორგი ოთარაშვილს, თუ ვაზგენ მინასიანმა გამტაცებელთა სახე გატაცებისას დაინახა, ის რატომ გაათავისუფლეს და დაუყონებლივ რატომ არ მოკლეს, რატომ გარისკეს კიდევ 2 ადამიანის მკვლელობით. ამაზე გიორგი ოთარაშვილმა უპასუხა, რომ ვაზგენ მინასიანი მოკვლის მიზნით არ გაუტაციათ და ამიტომაც გაუშვეს გატაცების შემდეგ, მკვლელობა კი მხოლოდ ნეშან მინასიანის მუქარისა და საფრთხის გაძლიერების შემდეგ დაგეგმეს.
1994 წელს დაჭრილი გაიანე მინასიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა მოწმის სტატუსით დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ნინო კიკაბიძემ. მისი თქმით, 1994 წლის 19 თებერვლის ღამეს გაიანე მინასიანს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენეს ცეცხლსასროლი იარაღით.
პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა სასაამრთლოზე წაიკითხა ვაზგენ მინასიანის მეგობრის, არტურ მარტეკიანის მიერ გამოძიებისთვის 1994 წელს მიცემული ჩვენება, რადგან, მარტეკიანი ამჟამად გარდაცვლილია. ჩვენებაში მინასიანის მეგობარი ყვება, თუ როგორ გაიტაცა სამმა ადამიანმა ვაზგენ მინასიანი, მათ ახალგაზრდას თავი პოლიციელად გააცნეს, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ გაიტაცეს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თბილისში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნაფიცი მსაჯულები შეიკრიბნენ. ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის(განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) ჩადენისას იკრიბებიან და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მთელი საქართველოს მასშტაბით 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.