სამართალი

რა გახდა ორი მაღაროელის დაღუპვის მიზეზი

7 ნოემბერი, 2011 • • 1138
რა გახდა ორი მაღაროელის დაღუპვის მიზეზი

ტყიბულში, მინდელი სახელობის მაღაროში, სამთო მასის ჩამოშლა, რასაც გუშინ 2 მაღაროელი ემსხვერპლა, შესაძლოა, რეგიონში მომხდარ მცირე სიმძლავრის მიწისძვრას გამოეწვია. ამის შესახებ ნეტგაზეთს „მინდელის მაღაროს“ მფლობელ კომპანიაში განუცხადეს.

„მინდელის მაღარო“ „საქართველოს ინდუსტრიული  ჯგუფის“ საკუთრებაა, რომლის ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა გორდეზიანმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ორი მაღაროელის – 61 წლის ბონდო მიხელიძისა და 55 წლის თამაზ გიორგაძის– დაღუპვის ფაქტს სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის. კომპანიის წარმომადგენელის თქმით, წინასწარი მონაცემებით, მაღაროელთა დაღუპვა მაღაროში ჭერის ჩამოშლამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, ტყიბულში გუშინ, 6 ნოემბერს მომხდარი მიწისვძრის შედეგი იყოს.

ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მათ სეისმურ სადგურებს 6 ნოემბერს იმერეთში და სხვა მიმდებარე რეგიონებში არანაირი მიწსვძრა არ დაუფიქსირებიათ.

„მონიტორებზე არაფერი ჩანს, თუმცა კიდევ ერთელ სხვასაც გადავამოწმებინებ,“ – განუცხადა ნეტგაზეთს სეისმური მონიტორინგის ცენტრის მორიგე ოპერატორმა.

საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი სიმძლავრის მიწისძვრა არ ფიქსირდება აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებშიც. როგორც წესი, აღნიშნული სამსახურის ონლაინ რუკაზე მცირე სიმძლავრის ბიძგებიც კი რამდენიმე წუთში აისახება.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ტექნიკური დირექტორის, ზაზა გორდეზიანის თქმით, სამთო მასის რღვევის გამო „მინდელის მაღაროში“ წლების წინ, საბჭოთა ეპოქაში, უბედური შემთხვევები ხშირად ხდებოდა და მსხვერპლიც იყო, თუმცა ბოლო წლებში, მაღაროს ხელახალი ამუშავების შემდეგ მსგავსი ფატქი არ მომდარა.

ბოლო ორი წლის მანძილზე „მინდელის მაღაროში“, გუშინდელი მსხვერპლის ჩათვლით, უბედურ შემთხვევებს სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

2010 წელს ამ მაღაროში მეთანის გაზის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 2011 წელს კი – ორი, იყვნენ დაშავებულები. 2011 წლის იანვარში მომხდარი აფეთქებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დამნაშავეების დასჯა მოითხოვა, რის შემდეგაც 2 მუშა უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დააპატიმრეს.

მინდელის სახელობის მაღაროში ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2011 წლის  9 სექტემბერს, 10:30 საათზე მოხდა. მაღაროში მომხდარი გეგმური აფეთქების შედეგად 35 წლის თემურ გაბრიაძე დაიღუპა.

ზაზა გორდეზიანი ამბობს, რომ ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის მიერ შექმნილმა კომისიამ გამოიკვლია გაბრიაძის დაღუპვის მიზეზები და დაადგინა, რომ ის საკუთარ დაუდევრობას ემსხვერპლა. სპეციალური კომისია შეიქმნება გუშინდელი უბედური შემთხვევის გამოსაძიებლად, რომელმაც უნდა დაადგინოს ორი მაღაროელის დაღუპვის რეალური მიზეზი.

ამავე თემაზე:

”მინდელის მაღაროს” მეათე მსხვერპლი

მეშახტეები VS „საქნახშირი“

მასალების გადაბეჭდვის წესი