სამართალი

ივანიშვილის ადვოკატმა ომბუდსმენს მიმართა

4 ნოემბერი, 2011 • 1355
ივანიშვილის ადვოკატმა ომბუდსმენს მიმართა
ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია სახალხო დამცველს მიმართავს. ეკა ბესელია გიორგი ტუღუშს სთხოვს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოკლე დროში შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან  მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი და მოახდინოს ფაქტის შეფასება.

ამ ინფორმაციას 4 ივნისს ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი მზადაა, გიორგი ტუღუშს მიაწოდოს ყველა დოკუმენტაცია, რაც სახალხო დამცველს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის უმოკლეს ვადებში შესწავლასა და მის დროულ რეაგირებაში დაეხმარება.

ქართველ მილარდერ ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა რამდენიმე კვირის წინ ჩამოართვეს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 7 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც თავისი სამომავლო პოლიტიკური გეგმები გაამხილა. ამ წერილში ივანიშვილი წერს, რომ აპირებს დატოვოს რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეობა.

სწორედ ეს წერილი დაასახელა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მიზეზად სამოქალაქო რეესტრის უფროსმა, რადგან მისი განმარტებით წერილით ცნობილი გახდა, რომ  ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.  ამის შემდეგ კი გავრცელდა პრეზიდენტის ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.



მასალების გადაბეჭდვის წესი