სამართალი

ივანიშვილის გარემოცვის პრობლემები

26 ოქტომბერი, 2011 • • 1344
ივანიშვილის გარემოცვის პრობლემები

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters

ახმეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მის მიმართ განხორციელებულ ”სახელმწიფო ტერორზე” საუბრობს და ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადების გავრცელებაა.

”ახმეტაში ქირით მქონდა სავაჭრო ფართი აღებული. რამდენიმე დღის წინ ახმეტაში შექმნილმა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მთხოვეს, რომ ივანიშვილის მხარდმაჭერი განცხადება გამევრცელებინა. მე დავეხმარე და დილით ყველგან გავავრცელე ეს განცხადება – სააგენტოებში, ფეისბუქზე და ა.შ. ეს გავაკეთე დილით, საღამოს კი მოვიდა ბინის მეპატრონის შვილი,  რომელმაც სავაჭრო ფართის დაცლა მომთხოვა. მე 2016 წლამდე მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, ვამუშავებ საკანცელარიო მაღაზიას, მაქვს კომპიუტერული მომსახურება, ქსეროქსი და ა.შ.” – უთხრა “ნეტგაზეთს” ზაქარია ქინქლაძემ. მისი თქმით, დაქირავებული ფართის მეპატრონის შვილი – გიორგი თუშიშვილი პატრულის თანამშრომელია.

”ცუდი პიროვნული ურთიერთობა არ მაქვს. საღამოს მომადგა სახლში და მითხრა – დაცალე ფართიო. ხომ არ გაგიჟდი-მეთქი, მაგრამ მერე რომ ვნახე, თვითონაც რა დღეში იყო, დავთანხმდი. მე ვიცი, მათ რაც უნდათ – მათ უნდათ, რომ ჩემი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩეს. ვუთხარი, დილიდან დავკეტავ  მაღაზიას და არ ვამუშავებ– მეთქი. თავიდან თითქოს დამთანხმდა და მოგვიანებით რომ მოვიდა, აუცილებლად უნდა დაცალო ფართიო, ”- იხსენებს ახმეტის საკრებულოს დეპუტატი ზაქარია ქინქლაძე.

მისივე თქმით, გუშინ, 25 ოქტომბერს, თავისი შვილი – ლევან ქინქლაძე, რომელიც მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის  განყოფილებაში, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ზაქარია ქინქლაძე ამბობს, რომ მისი შვილი მამის პოლიტიკურ საქმიანობასთან ასოცირებული რომ არ ყოფილიყო, რამდენიმე თვის წინ მარტო გადავიდა საცხოვრებლად.

”ჩემი შვილი ჩემგან, ფაქტობრივად, იმის გამო წავიდა, რომ დამოუკიდებლად ეცხოვრა და თავისი პროფესიით მიეღწია რამისთვის. ამ სამსახურშიც კონკურსის შედეგად მოხვდა. მან შვებულება აიღო და გუშინ ჩამოვიდა ახმეტაში ვენახის დასაკრეფად. ახმეტაში ორ კვირაში ერთხელ ამოდიოდა. გუშინ დაურეკეს და დააწერინეს განცხადება, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ზაქარია ქინქლაძემ. მისივე თქმით, გათავისუფლების შესახებ განცხადება ლევან ქინქლაძემ ზეწოლის შედეგად დაწერა, რადგან ”არ უნდოდა დაეჭირათ.”

”მე ეს უკვე ვიწვნიე საკუთარ თავზე. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დამიჭირეს 4 თვით, ვიყავი ქალაქის არჩეული მერი. მეხუთე თვეს, 500 ლარის ჯარიმის გადახდის მერე, გამომიშვეს, რომ კენჭი არ მეყარა არჩევნებზე. ჩემმა ოჯახმა ეს სტრესი გადაიტანა. მაგას რომ უარი ეთქვა განცხადების დაწერაზე, მეც, თქვენც და ყველამ კარგად იცის, რაც დაემართებოდა,” – ამბობს ზაქარია ქინქლაძე. მან უკვე დაიწყო დაქირავებული ფართის დაცლა. ტექნიკისა და სავაჭრო საქონლის დაბინავების შემდეგ კი თბილისში ჩამოსვლას და სპეციალური განცხადების გავრცელებას აპირებს.

სამსახურზე საკუთარი ნებით თქვა უარი ზაქარია ქინქლაძის ცოლმაც, რომელიც ახმეტის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

”დღეს არ წავიდა სამსახურში. თქვა, რომ როცა ჩემს მეუღლეს სამეურნეო საქმიანობის საშუალებას არ აძლევენ, შვილს სამსახურიდან აგდებენ, მე ვერ ვიქნები ყალბი და ვერ ვეტყვი ბავშვებს ყოველდღე, მიშა მაგარიაო, ” – ასე ახსნა ოჯახის წევრის საქციელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ზაქარია ქინქლაძემ.

სკოლის მასწავლებლების დაშინებაზე საუბრობს, ასევე, “რესპუბლიკური პარტიისა” და საჩხერის საკრებულოს წევრი ინგა ზაბახიძე. საჩხერელი პედაგოგები ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსურ დანამატს – 150 ლარს იღებენ.

ინგა ზაბახიძის თქმით, საჩხერის სოფლის  რწმუნებულები, მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის თანამშრომლები საჩხერელ მასწავლებლებს აფრთხილებენ, რომ ივანიშვილის ”რუსული ფული” არ აიღონ. მისივე თქმით, ამ ამბიდან ჯერ ერთი თვეც არ არის გასული და ზუსტად არ იცის, მასწავლებლები აიღებენ თუ არა თვის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ ხელფასს,

”საჩხერელ ექიმებთან დაკავშირებით ჯერ ასეთი ფაქტები არ ყოფილა, თუმცა, რადგან მასწავლებლებთან დაკავშირებით მოხდა, ეშინიათ, რომ იქაც ეგრე მოხდება,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ”რესპუბლიკური  პარტიის” წევრმა ინგა ზაბახიძემ.

”რესპუბლიკური პარტია” ერთ-ერთია იმათგან, ვისთანაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური თანამშრომლობა რამდენიმე კვირის წინ გადაწყვიტა.

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას სხვადასხვა სახის პრობლემები 7 ოქტომბრიდან, იმის შემდეგ შეექმნათ, როცა ბიზნესმენმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ღიად განაცხადა.

11 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, რის საფუძვლადაც სამოქალაქო რეესტრმა ბიზნესმენის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება დაასახელა. ივანიშვილს თავდაპირველად რუსეთის მოქალქეობა ჰქონდა. მან პრეზიდენტ სააკაშვილისგან 2004 წელს მიიღო საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა, 2010 წელს კი, საფრანგეთის მოქალაქეობა. ბიზნესმენის ადვოკატებმა რეესტრის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელი საქართველოს პრეზიდენტმაც მოაწერა, სასამართლოში გაასაჩივრეს.

17 ოქტომბერს ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს ივანიშვილის მომღერალი შვილის, ბერას მეგობარი დიჯეი ლევან მდინარაძე. ბერამ ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მდინარაძე ”ქართული ოცნების” მაისურების ქალაქში დარიგების გამო დაკავეს. ლევან მდინარაძის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ გააკეთა: “ლევან მდინარაძე 260–ე  მუხლითაა დაკავებული ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა–შენახვის ფაქტთან დაკავშირებით.” გვენეტაძემ უარყო მომღერლის “ქართული ოცნების” მაისურების დარიგების გამო დაკავება. მოგვიანებით დიჯეი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

18 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისიდან გამოსული „ქართუ ბანკის“ ინკასაციის  მანქანას თავისუფლების მოედანზე დახვდნენ სპეცდანიშნულების რაზმისა და პოლიციის თანამშრომლები. სამართალდამცავებმა დააკავეს ბანკი „ქართუს“  6 თანამშრომელი: მოლარეები – ინგა ჯავახია, ირმა ქეთიშვილი, ლია მაღრაძე, ნატო დავითულიანი და ინკასატორები – არჩილ ჯაფარაშვილი და ზაზა ყაველაშვილი. პოლიციამ ასევე წაიყვანა ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა ბანკი „ქართუს“კუთვნილი თანხა – დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიონი ევრო. ბანკის თანამშრომლები მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს–მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელებმა დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებსაც თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის  194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას. საქმეს იძიებს ძველი თბილიის  რაიონული სამმართველო. ფაქტის შემდეგ ”ქართუ ბანკში” სიტუაციის გასარკვევად ეროვნული ბანკი შევიდა.

ასევე, 18 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვას შსს-მ განიარაღება მოსთხოვა, შედეგად, ბიზნმესმენის დაცვის სრულმა შემადგენლობამ პოლიციას იარაღი ჩააბარა. ივანიშვილს დღემდე სახელნწიფო დაცვის სამსახური იცავს.

22 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ბიძინა ივანიშვილის მოსკოველი წარმომადგენელი ვალერი ლევინი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

ვალერი ლევინის ადვოკატის, შალვა თადუმაძის თქმით, გამომძიებელმა მას უთხრა, თითქოს ქართველ სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ლევინს რუსეთიდან რადიოაქტიური ნივთიერება შემოჰქონდა. თადუმაძის თქმით, ლევინს ჩხრეკისას კრისტალური ქვები აღმოაჩნდა, რომელიც ერთ–ერთ რუსულ ჟურნალს მოჰყვება და რომელსაც ივანშვილის 14 წლის შვილი აგროვებს.

მოგვიანებით, 24 ოქტომბერს, შსს-ს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ  ვალერი ლევინს 22 ოქტომბერს საზღვრის გადმოკვეთისას აღმოაჩნდა “უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა”, ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ეს მინერალები ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყო და ის “მომავლის განჭვრეტისთვის” გამოიყენებოდა.

“კახეთის საინფორმაციო ცენტრი” რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის – ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი და  დააკავეს სიმამრი თამაზ თამაზაშვილი. დაკავების დაუდასტურებელ მიზეზად კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი