სამართალი

სამებიდან ძვირფასეულობის ქურდობის საქმეზე შსს გამოძიებას აწარმოებს

21 აპრილი, 2016 • 1707
სამებიდან ძვირფასეულობის ქურდობის საქმეზე შსს გამოძიებას აწარმოებს

სამების საკათედრო ტაძრიდან ძვირფასეულობის შესაძლო ქურდობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. როგორც ნეტგაზეთს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება მიმიდნარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მათთან სამებიდან განცხადება მარტის ბოლოს ტაძარში მომხდარი ხანძრის შემდეგ შევიდა.

სამების ტაძრის წარმომადგენელი, სასულიერო პირი იოანე მჭედლიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი, სავარაუდოდ, ხანძრამდე პერიოდში ჰქონდა. მისი თქმით, ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელმაც ხატს საყურე შესწირა, ხანძრის შემდეგ თქვა, რომ ნივთი ადგილზე აღარ არის.

“დაკარგული, სავარაუდოდ, არის… გარკვეული ნივთები, სავარაუდოდ, ხატებიდან არის მოხსნილი. ერთ-ერთმა ადამიანმა, ვინც საყურე შემოსწირა, ვერ ნახა თავისი საყურე. ერთ საყურეზეა მხოლოდ საუბარი, რომელზეც ადამიანმა თქვა, რომ ეკიდა და აღარ კიდია. იმასთან ერთად, სავარაუდოდ, სხვა ნივთებიცაა [დაკარგული], რომელზეც დადასტურებით ვერაფერს ვიტყვით. საყურე არ ჩანს და ნივთები შეიძლება მეტიც იყოს დაკარგული”, – ამბობს სასულიერო პირი. მისი თქმით, უცნობია ნივთის ღირებულება, რადგან მისი აღწერა არ ხდება:

“ადამიანები წირავენ ნივთებს ხატებს, ეს საუკუნოვანი ტრადიციაა. ძვირფასი ნივთი თუ აქვს ადამიანს, უნდა, რომ ხატს შესწიროს, ანუ ეკლესიას შესწიროს და ხატებზე ეს ძვირფასეულობა იკიდება”, – აცხადებს იგი.

შსს-ში გვითხრეს, რომ ჯერ საქმეზე დაკავებული არავინაა. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი