საზოგადოებასამართალი

ნუ მაბოლებ კაფეში! [Video]

21 აპრილი, 2016 • 2506
ნუ მაბოლებ კაფეში! [Video]

ახლახან “თამბაქოს კონტროლის ალიანსმა” საპროტესტო კამპანია წამოიწყო სახელწოდებით – “ნუ მაბოლებ!” აქციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა კაფე-ბარებსა და რესტორნებში სიგარეტის მოწევის სრულად აკრძალვაა.

კანონში აქამდე არსებული რეგულაციის მიუხედავად, ბათუმში არსებულ კაფე-ბარებსა და რესტორნებში არამწეველებისთვის მცირე ფართობია გამოყოფილი, ზოგიერთ ბათუმურ კაფეში კი არამწეველი კლიენტებისთვის ადგილები საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

“თამბაქოს კონტროლის ალიანსმა” საქართველოს მასშტაბით კვლევა ჩაატარა, რომლის წინასწარი შედეგებით კაფე-ბარების ვიზიტორთა 70% ამბობს, რომ შენობაში მოწევის აკრძალვის შემდეგ იმავე ინტენსივობით ივლის. 8% ამბობს, რომ შეამცირებს ვიზიტებს, მაგრამ მერე მაინც შეეგუება ამ ფაქტს, 15% კი ამბობს, რომ ასეთ კაფეებში უფრო ხშირად ივლის, რადგან აქამდე არ დადიოდა.

ახლახან ამავე საკითხს შეეხო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო. მან თქვა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის რეგულირების შესახებ ცვლილებები მალე ამოქმედდება.

კაფეების ხშირი სტუმარი, ბლოგერი დათო ტრაპაიძე კი მიიჩნევს, რომ ბათუმში სულ რამდენიმე კაფეა, სადაც “ჭვარტლის გარეშე” შეიძლება მიირთვა: “არაესთეტიკურად მიმაჩნია, როცა ადამიანი მის ფილტვებში ნამყოფ კვამლს პირში გაბოლებს. გარდა ამისა, ასეთ ადგილებში ყოფნის შემდეგ ტანსაცმელსაც უსიამოვნო სუნი ასდის. თუმცა არის ადგილები, სადაც მწეველებისა და არამწეველების სექტორები კარგად არის გამიჯნული. მაგალითად, კაფე-ბარი “ძველი ბულვარი”, ასევე “კოფეუტოპია”. სხვა შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, გარეთ დაჯდე”.

საქართველოს კანონში თამბაქოს კონტროლის შესახებ წერია, რომ რესტორნებში, კაფე-ბარებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაშვებია მოსაწევი ადგილის გამოყოფა, ასევე მომხმარებლისთვის ისეთი ზონების გამოყოფა, სადაც თამბაქოს მოწევა იქნება დასაშვები და ასეთი ზონების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებლისთვის განკუთვნილი საერთო ფართობის 50 პროცენტს.

ბათუმში თამბაქოს კვამლისგან სრულად თავისუფალი კაფე-ბარი მხოლოდ რამდენიმეა. ერთ-ერთი მათგანია მემედ აბაშიძის #13-ში არსებული პატარა კაფე – “Chocolatte”, რომლის მეპატრონე არტურ ნაზარენკო მიიჩნევს, რომ დახურულ სივრცეებში მოწევაზე ყველამ უარი უნდა თქვას: “ჩვენთან არ ეწევიან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არ არის ცხოვრების ჯანსაღი წესი”.

არტური ამბობს, რომ მათ კაფეში დროის გატარებაზე ბევრი ადამიანი ამბობს უარს იმ მიზეზით, რომ აქ მოწევა არ შეიძლება, თუმცა მათ ჰყავთ ბევრი ისეთი სტუმარი, რომელიც სწორედ ამ გარემოს გამო აფასებს მათთან ყოფნას.

სივრცეები მწეველთა და არამწეველთათვის თანაბრადაა დათმობილი კაფე-ბარ “ცეროდენაში” – პირველი სართული მთლიანად არამწეველებისთვის არის განკუთვნილი, მეორეზე კი მოწევა დაშვებულია. “მკაცრად ვიცავთ ამ წესს”, – ამბობს “ცეროდენას” მენეჯერი გულნარა ქოქოლაძე. “ცეროდენაში” ამბობენ, რომ დიდი სურვილი აქვთ, მეორე სართულზეც აკრძალონ მოწევა, მაგრამ შიშობენ, რომ კლიენტს დაკარაგვენ.

“ადამიანები ისე არიან მიჯაჭვული სიგარეტს, რომ ამ მომენტს პირველ ადგილზე აყენებენ, ამიტომ მეორეზე მაინც დავუშვით მოწევა”, – ამბობს გულნარა.

ბათუმისგან განსხვავებით, თბილისში უფრო ხშირად ნახავთ კაფე-ბარებს, სადაც მოწევა აკრძალულია, ან მხოლოდ საღამოს საათებშია დაშვებული, როგორც, მაგალითად, კაფე “რესპუბლიკაში” – აქ მოწევა მხოლოდ საღამოს 7 საათის შემდეგ შეიძლება.

სიგარეტის მოწევისას გარემოში რჩება კვამლის 2/3-ზე მეტი, რომელიც შეიცავს 2-ჯერ მეტ ნიკოტინსა და კუპრს, ვიდრე მწეველის მიერ ჩასუნთქული კვამლი. ამ კვამლში შემავალი 4000-მდე ქიმიური ნივთიერებიდან 50-ზე მეტი კიბოს გამომწვევია.

“დღეს კაფე-ბარების 95%-ში ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმაზე 40-ჯერ მაღალია”, – ამბობს “ბათუმელებთან” “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე. მისი თქმით, მოქმედი კანონი არაეფექტურია.

“კანონმდებლობას ორი პრობლემა აქვს – ერთი ის, რომ თავად რეგულაცია, რაც არსებობს კაფე-ბარებისა და რესტორნების შენობებში მოწევის ნაწილობრივ აკრძალვასთან დაკავშირებით, არასწორია, რადგან იგი გამორიცხავს არამწეველი ადამიანის დაცვას მწეველის კვამლისგან და მეორე მხრივ, მასში ჩადებულია ადმინისტრირების დამახინჯებული მექანიზმი, მაგალითად, კაფე-ბარებში კანონდარღვევით მოწევისთვის ჯარიმდება არა დაწესებულების ხელმძღვანელობა, არამედ კონკრეტული პირი. ეს მომენტი თავის დროზე სპეციალურად ჩადეს თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტებმა, რომ კანონი არ აღსრულებულიყო. გარდა ამისა, დაჯარიმებულმა ხუთლარიანი ჯარიმა აუცილებლად უნდა წაიღოს სასამართლოში, რაც ასევე აბსურდია”, – ამბობს კახა ღვინიანიძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] ცნობით, არც ვენტილაციას და არც ფილტრს არ შეუძლია დახურულ სივრცეში თამბაქოს კვამლის დასაშვებ ნორმამდე შემცირება. ორგანიზაციის დასკვნით, არამწეველი ადამიანების დაცვა მხოლოდ თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალ ზონაშია შესაძლებელი.

კახა ღვინიანიძე: “თუ ერთსა და იმავე ოთახში ერთი ადამიანი ეწევა და მეორე არა, წარმოუდგენელია, მეორე ადამიანი იყოს დაცული. მწეველებისთვის უნდა გამოიყოს დაწესებულების დაახლოებით 20%, რომელსაც არც კარით და არც ფანჯრით არ ექნება არამწეველთა სივრცესთან კავშირი. ეს მცირე ბიზნესისთვის დიდი ხარჯია და დიდ ბიზნესთან სრულიად არათანაბარ პირობებში დგება, ამიტომ წვრილი და საშუალო რესტორნების მფლობელები ცალსახად ამბობენ, რომ უნდა იყოს უნივერსალური კანონი – სრული აკრძალვა ან სრული დერეგულაცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი