სამართალი

პირს, რომელმაც ფორუმზე დაწერა, რომ აშშ-ის ელჩზე თავდასხმა იგეგმებოდა, პატიმრობა შეუფარდეს

15 აპრილი, 2016 • 1737
პირს, რომელმაც ფორუმზე დაწერა, რომ აშშ-ის ელჩზე თავდასხმა იგეგმებოდა, პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დღეს, 15 აპრილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატრიმრობა შეუფარდა ს.წ-ს, რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მუქარაშია ბრალდებული.

თბილისის ფორუმზე გავრცელებული ინფორმაციით კი, ს.წ. დააკავეს იმიტომ, რომ გახსნა სახუმარო თემა,  სადაც აშშ-ის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა.

როგორც სასამართლოში განაცხადეს, პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმის მუქარას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

სასამართლოს ინფორმაციით, დაკავებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პროკურორმა მოითხოვა, მოსამართლემ კი ბრალდების  შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღეს თბილისის ფორუმზე გაიხსნა თემა, სადაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ს.წ-მ, რომელიც “spliyvi”-ს სახელით იყო დარეგირტრირებული, ამავე ფორუმზე გახსნა “ტროლინგ თემა ამერიკის ელჩთან მიმართებაში”.

“[მას] ედავებიან აშშ-ის ელჩის მიმართ მუქარას. დავუდგეთ ფორუმელს გვერდში, დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და პირადი სახელის და გვარის დაფიქსირებით დავადასტუროთ, რომ [ის] უბრალო ტროლია და მას არ ჰქონდა განზრახვა ვინმეს დამუქრებოდა ან ზიანი მიეყენებინა,”- აღნიშნულია ფორუმის მომხმარებლის განცხადებაში.

დაკავებულის მხარდასაჭერად შეიქმნა პეტიციაც. 17:30 საათისთვის ფორუმზე აღარ იძებნება თემა, რომელზეც მომხმარებლები მიუთითებენ.

ამ ფაქტების გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ ინფორმაციას მოიკითხავენ და მოგვაწვდიან.

საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი