სამართალი

იუსტიციის საბჭო: არასამთავრობოების კოალიციის ბრალდებები რეალურ საფუძველს მოკლებულია

13 აპრილი, 2016 • 1334
იუსტიციის საბჭო: არასამთავრობოების კოალიციის ბრალდებები რეალურ საფუძველს მოკლებულია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმიანება კოალიციის „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისათვის“ მიერ გუშინ დაწყებულ კამპანიას “სამართალი ითხოვს” და აცხადებს, რომ კოალიციის ბრალდებები სასამართლოში არსებული პრობლემების არცოდნას ემყარება.

ამ განცხადებით ცნობილი ხდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გეგმავს გაითვალისწინოს არასამთავრობოების მოთხოვნა მოსამართლეების დანიშვნის შეჩერების შესახებ იმ დრომდე, ვიდრე შესაბამისი კანონმდებლობა არ შეიცვლება.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ კამპანიის “სამართალი ითხოვს” ფარგლებში შეიმუშავა პეტიციაც, რომელზე ხელმომწერებიც მოითხოვენ, “დაუყოვნებლივ შეჩერდეს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება”. ასევე, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას მიმართავენ, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში მოსამართლის დანიშვნის გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის შესაქმნელად.

არასამთავრობოების კამპანიის იუსტიციის უაღლესი საბჭო განცხადებით პასუხობს:

“საბჭო ადასტურებს, რომ სასამართლო ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე მთელი თავისი საქმიანობის გამო და მიიჩნევს, რომ ეს ანგარიშვალდებულება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობითაც მიიღწევა. საბჭო ასევე ადასტურებს, რომ კვალიფიციური, ავტორიტეტული, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების დამკვიდრება კვლავაც რჩება ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად; რომ ამ სფეროში კვლავ დიდია განვითარებისა და გაუმჯობესების აუცილებლობა; რომ სასამართლო რეფორმა წარმოუდგენია, როგორც განვითარებისა და გაუმჯობესებისაკენ მუდმივი სვლა და, რომ მუდამ შეუწყობს ხელს სისტემის სრულყოფის მიზნით ნებისმიერი გონივრული იდეისა თუ წინადადების ცხოვრებაში დანერგვას.

ამასთან, საბჭო უარყოფითად აფასებს კოალიციის მხრიდან საბჭოს მისამართით იმ ბრალდებების წამოყენებას, თითქოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის დროს საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს „თვითნებურად“, „არაობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, …ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შესაბამისად, მათი ერთმანეთთან კულუარული გარიგებების გზით“, „გვერდს უვლის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კრიტერიუმების შემოწმებას“ და არ „უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საბჭო მოქმედებს დამოუკიდებლად, თავისი კანონიერი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონიერი პროცედურების დაცვით და ხელმძღვანელობს სასამართლოს საჭიროებებით. ბრალდება თვითნებობისა თუ ხელისუფლების ჯგუფებთან კულუარული გარიგების თაობაზე მხოლოდ ვარაუდებს, ან სასამართლოში არსებული პრობლემების არცოდნას ემყარება და მოკლებულია რეალურ საფუძველს.

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა წლებში, და ეს არა მარტო მოქმედი ხელისუფლების ნების დამსახურებაა, არამედ მოსამართლეთა დღევანდელი კორპუსისაც, რომელიც არ შეეგუება არც რაიმე ზეწოლას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, და არც მისი ავტორიტეტის შელახვას უსაფუძვლო თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ბრალდებებით. Freedom House-ის დღეს გავრცელებული ანგარიშიც მოწმობს, რომ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მკვეთრად არის გაუმჯობესებული. დემოკრატიის საერთო დონის ამაღლების ფონზე სასამართლოს გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხი კვლავ მოიმატებს. ამ პროცესს კი მუდმივი ზრუნვა, ხელშეწყობა სჭირდება და არა სისტემაში არსებული ნაკლოვანებების გამო რადიკალური, გაუაზრებელი მოთხოვნების დაყენება.

სწორედ ასეთად მივიჩნევთ კოალიციის მოთხოვნას, საბჭომ შეწყვიტოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო შესაბამის რეგულაციებს არ მიიღებს. ფაქტობრივად, ეს არის მოთხოვნა, საბჭომ შეწყვიტოს თავისი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობების აღსრულება.

საბჭო იზიარებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გაუმჯობესების აუცილებლობას, მათ შორის, გადაწყვეტილების დასაბუთებისა, თუ მისი გასაჩივრების შესაძლებლობის დაშვების საკითხებში, მაგრამ აღნიშნავს, რომ ადეკვატური, ქმედითი რეგულაციების შემუშავება და ამოქმედება კარგად გააზრებას, დამუშავებას, კონკურსის პრინციპებთან მის ადაპტირებას, მოსალოდნელი სამართლებრივი თუ სხვა ხასიათის პრობლემების განჭვრეტასა და მათი დაძლევის საკითხში ნათელი ხედვის შემუშავებას მოითხოვს. ეს კი შესაბამისი, ადეკვატური დროის, სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან საქმიანი, ჰარმონიული თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი და არა დაუყოვნებლივ, და მით უფრო საბჭოსთან კონფრონტაციული დაპირისპირების რეჟიმში.

ნიშანდობლივია, რომ იუსტიციის საბჭო სასამართლო კორპუსთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაში. იუსტიციის სამინისტროს ამ საკანონმდებლო ინიციატივებს დღეისათვის განიხილავს საკანონმდებლო ორგანო. პარლამენტის მიერ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მოკლე ხანში მიღება უზრუნველყოფს, კონკურსის წესით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცედურების გამჭვირვალობასა და განჭვრეტადობას. ასევე, გამწესებაზე უარის შემთხვევაში გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმის დამკვიდრებას. კანონპროექტი სიახლეებს გვთავაზობს დისციპლინური სამართალწარმოების საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის კუთხით.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არეგულირებს სასამართლოში შესულ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესს. მისი ამოქმედების თარიღად 2017 წლის იანვარია მითითებული, ჩასატარებელი ორგანიზაციული სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით.

საბჭო გამოხატავს მზადყოფნას, ღიად ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც ნამდვილად დაინტერესებულია მართლმსაჯულების სისტემის განვითარებით და ურთიერთპატივისცემის საწყისებზე წარმოუდგენია ეს პროცესი,”- ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი