სამართალი

ადვოკატი: გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის ბრალდება მეგის ქარდავას წაუყენეს

12 აპრილი, 2016 • 2111
ადვოკატი: გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის ბრალდება მეგის ქარდავას წაუყენეს

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ძებნაში მყოფ მეგის ქარდავას მოსკოვში მოკლული საქართველოს ყოფილი გენერლის, რომან დუმბაძის მკვლელობაში  წაუყენა ბრალი სსკ-ს 109-ე მუხლით.

მთავარ პროკურატურაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ ინფორმაციას გადაამოწმებენ.

ადვოკატის თქმით, საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს. მოსკოვში დუმბაძე 2012 წელს მოკლეს. იგი ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური იყო. დუმბაძის მკვლელობის შემსრულებლად, რუსეთის საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოვლინდა საქართველოს მოქალაქე, 52 წლის გოჩა კვირიკაშვილი. გამოძიების ცნობით, მან ეს დანაშაული 200 ათასი დოლარის სანაცვლოდ ჩაიდინა.

“აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თავისი ბრალეულობა კვირიკაშვილმა სრულად აღიარა, მოინანია და მისცა დეტალური ჩვენება აღნიშნულ დანაშაულში მისი როლის, ასევე, სხვა თანამზრახველების როლის შესახებ,” – აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო უწყებაში

დუმბაძე მოსკოვში, რუბლევო-უსპენსკის ავტობანზე იქნა მოკლული. 2010 წელს დუმბაძეს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიხეილ სააკაშვილსა და აჭარის მეთაურს, ასლან აბაშიძეს შორის ურთიერთობის დაძაბვის შედეგად რომან დუმბაძემ განაცხადა, რომ ის ასლან აბაშიძეს ექვემდებარებოდა და არა – საქართველოს პრეზიდენტს, რის შედეგადც დაკავებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.

2004 წლის 6 მაისს რომან დუმბაძე თავად გამოცხადდა თბილისში – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრტერორისტულ დეპარტამენტში, სადაც დააკავეს კიდეც. სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის საფუძველზე წაყენებეული ბრალდების შედეგად დუმბაძეს სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რომან დუმბაძე საქართველოს მთავრობის მიერ გათავისუფლებული იქნა პატიმრობიდან და რუსეთში გაემგზავრა. იგი ქართველ ტყვეებში გაცვალეს.

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი პროკურატურას მეგის ქარდავასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

“რუსეთმა მოინდომა, რომ ეს ყველაფერი დაბრალებოდა საქართველოს და ეს გააკეთა ჩვენი პროკურატურის მეშვეობით,”- განაცხადა ველიჯანაშვილმა 12 აპრილს გამართულ ბრიფინგზე. მისივ განმარტებით, საქმეში რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ მოწოდებული მასალები დევს.

ველიჯანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურა არ უნდა იძიებდეს რუსეთის მოქალაქის რუსეთში მკვლელობის საქმეს:

სამართლებრივად ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანი იქნება შენი ქვეყნის მოქალაქე და იქ თუ ამაზე გამოძიება არ მიმდინარეობს. იქ როცა გამოძიება მიმდინარეობს, პასუხისგებაში ჰყავთ მიცემული ხალხი. როგორც ირკვევა, დუმბაძე იყო რუსეთის მოქალაქე.  ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი უფლებაც არ აქვს ჩენს ქვეყანას, რომ ეს დანაშაული გამოიძიოს,”- ამბობს ველიჯანაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი