სამართალი

“ქართული ოცნება” ვაჟა ლელუაშვილთან თანამშრომლობაზე ბრალდებებს უარყოფს

8 აპრილი, 2016 • 2791
“ქართული ოცნება” ვაჟა ლელუაშვილთან თანამშრომლობაზე ბრალდებებს უარყოფს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი, რომელიც დღეს პროკურატურამ დააკავა, 2012 წლის შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობდა. გაბაშვილის თქმით, ლელუაშვილი “ქართულ ოცნებას” ცოტა ხნის წინ გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზეც ეხმარებოდა.

“2012 წლიდან ეს ადამიანი დაპატიმრების შიშით თანამშრომლობს “ქართულ ოცნებასთან”. ის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ფაქტიური მმართველი და არაფორმალური ხელმძღვანელი იყო ახლა გარდაბანში არჩევნებზე. 2013 წელს ის პირადად ძალიან აქტიურად იყო ჩართული დეპუტატების გადაბირების საქმეში ქართული ოცნების მხარეს. ასე რომ, დღევანდელ განცხადებაზე უნდა ითქვას, რომ გამოძიებას არაფერი ახალი არ უთქვამს, ვინ არის დაკავებული ამ ვიდეოების გავრცელებით და საზოგადოების დაშანტაჟებით”, – თქვა გაბაშვილმა.

ვაჟა ლელუაშვილი © კადრი "იმედის" ვიდეო-სიუჟეტიდან

ვაჟა ლელუაშვილი © კადრი “იმედის” ვიდეო-სიუჟეტიდან

ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს “ქართული ოცნება”, რომელმაც დღეს განცხადება გაავრცელა.

“დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ვაჟა ლელუაშვილი ჩართული იყო გარდაბნის გამგებლის 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

„ქართული ოცნება“ ცალსახად აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას არავითარი კავშირი არა აქვს სინამდვილესთან. გარდაბნის არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო შტაბის მუშაობას წარმართავდა პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ხოლო ადგილობრივ შტაბს ხელმძღვანელობდა – ვანო მირიანაშვილი. ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით (!) არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის ავტორებთან ერთად აღნიშნული ცრუ ინფორმაცია არაერთგზის გააჟღერეს სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, დაიცვან პოლიტიკური ეთიკის სტანდარტები და ნებსით თუ უნებლიეთ არ შეუწყონ ხელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”, – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომლებსაც ბრალად ედებათ მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. დაკავებულებს ბრალად ზემოხსენებული მასალების გავრცელება არ ედებათ. პროკურატურის თქმით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში ბრალდებული 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. დაკავებულებს შორის არის ლელუაშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი