სამართალი

კარავი – პროტესტის გამოხატვის ფორმა, თუ უკანონობა

19 სექტემბერი, 2011 • • 2446
კარავი – პროტესტის გამოხატვის ფორმა, თუ უკანონობა

მოშიმშილე მეტალურგების კარავი ქუთაისში
მოშიმშილე მეტალურგების კარავი ქუთაისში

გასულ კვირას პოლიციამ ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის წინ მოშიმშილე მუშებს კარავი გაშლიდან რამდენიმე წუთში ძალით ააღებინა. ბოლო წლებში მსგავსი ჩარევა პოლიციელთა მხრიდან ჩვეულებად იქცა. “ბათუმელები” შეეცადა გაერკვია, კანონმდებლობით როგორ რეგულირდება პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვის გაშლა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან, რომლის წევრებიც გაფიცული მუშები იყვნენ, “ბათუმელებს” აცნობეს, რომ იმერეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან კარვის აღებამ მათ “უსამართლობის და უკანონობის განცდა გაუჩინა”. პროფკავშირების წარმომადგენლის თამაზ დოლაბერიძის თქმით, პოლიციელებმა ვერ განმარტეს კანონის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან მოშიმშილეთა კარვები აიღეს. ჯერჯერობით, საგაფიცვო კომიტეტს არ უმსჯელია ამ საკითხზე და პოლიციის წინააღმდეგ საჩივრის შეტანის საკითხიც მოგვიანებით გადაწყდება.

პოლიციამ მოშიმშილეებს კარვის გადატანა ქარხნის შესასვლელიდან მოშორებით სთხოვა. როდესაც აქციის ორგანიზატორებმა კარავი ქარხნის ღობის წინ, არასავალ ადგილზე, ბალახზე გაშალეს, პოლიციელები მივიდნენ და გაფიცულთა ნების საწინააღმდეგოდ კარავი დაშალეს.

იურისტი სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ მას არ ესმის ამ სიტუაციაში, რატომ აიღეს სამართალდამცავებმა კარავი, რადგან “საქართველოს კანონში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”, კარავის გაშლასთან დაკავშირებით სიტყვაც არ არის ნახსენები. იურისტი განმარტავს, რომ ამ კანონს გააჩნია მოთხოვნები, რომლებიც ნებისმიერი საპროტესტო აქციის დროს დაცული უნდა იყოს. კანონის შესაბამისად, აქციის მონაწილეებმა არ უნდა მოახდინონ სხვადასხვა შენობის ბლოკირება და საჭიროების არარსებობის შემთხვევაში, არც სატრანსპორტო მოძრაობა უნდა შეაფერხონ. დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების მიტანა აქციაზე.

სანდრო ბარამიძის თქმით, თუ კარვის გაშლით კანონის ეს პირობები არ დარღვეულა, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება კარვის გაშლა, მითუმეტეს, მაშინ, როცა კონკრეტულად კარვის გაშლაზე კანონი შეზღუდვას არ აწესებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების პრიორიტეტის” ხელმძღვანელმა ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ “ბათუმელებს” განუცხადა, რომ თუ კარავი არავის ხელს არ უშლიდა და პოლიციამ ის აიღო, მაშინ მოშიმშილეებმა ადმინისტრაციული საჩივრით უნდა მიმართონ იმ ქალაქის ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც შემთხვევა მოხდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, რა დარღვევას ჰქონდა ადგილი და ამის შემდეგ გადაწყდება პოლიციელებისთვის სანქციის დაკისრების საკითხი, საქმე კი, შესაძლოა, სასამართლოშიც გაგრძელდეს. იგივეს ამბობს იურისტი სანდრო ბარამიძე და აქციის მონაწილეებს სასამართლოში სარჩელის შეტანას ურჩევს.

კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს კანონიერი პოლიციელის მოთხოვნა კარვის აღების შესახებ, ლია მუხაშავრია პასუხობს, რომ თუ კარავი ვინმეს არ უშლის ხელს და ვინმეს ინტერესებს არ ზღუდავს, მისი გაშლა კანონიერია. მისივე თქმით, ქართული კანონმდებლობით, დარღვევა იქნება კარვის გაშლა, თუ გამოვა, მაგალითად, გარემოვაჭრე და იტყვის, რომ გაშლილი კარავი მას ხელს უშლის. კანონმდებლობით ამ კარვის ძალით აღება გამართლებული იქნება, მაგრამ აქციის ორგანიზატორებს შეუძლიათ შემდეგ ეს საქმე სტრასბურგში გაასაჩივრონ.

როგორც იურისტი მუხაშავრია ამბობს, ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, აკრძალვა უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. ქართულ კანონში ეს აკრძალვა არის, მაგრამ, შესაძლოა, კარვის დაშლა არაკანონიერი იყო. ევროკონვენციის მიხედვით, რომლის ხელმომწერიც საქართველოა, ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვისი ვაჭრობის უფლება. ამას ჰქვია ბალანსისა და პროპორციულობის წესი, ანუ შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული იმ მიზნისა, რისთვისაც შეზღუდვა მოხდა. ეს შეზღუდვა (კარვის აღება) იმ დროსაა გამართლებული, თუ მისი გაშლა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამის გარკვევა კი დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებაზე.

პროტესტის მიზნით გაშლილ კარვებს ხელისუფლებამ ბრძოლა ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბერს გამოუცხადა, როცა თბილისში, პარლამენტის წინ, გამთენიისას ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალა, რასაც შემდეგ უფრო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. მაშინ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა: “დიახ, ჩვენ ამას ხელი შევუშალეთ, რომ თბილისი არ გადაქცეულიყო კარვების ქალაქად, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის კანონის მოთხოვნა”. მსგავსი განცხადებები წლების განმავლობაში ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგანაც ისმოდა, თუმცა, 2009 წლის გაზაფხულზე მათ ოპოზიციას რამდენიმე თვის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საკნების დადგმასა და ქალაქის ნაწილის პარალიზებაში ხელი არ შეუშალეს.

ბრძოლა “კარვების ქალაქის” წინააღმდეგ ხელისუფლებამ მოგვიანებით განაახლა. ერთ-ერთი მსგავსი ხმაურიანი შემთხვევა 2011 წლის იანვარში მოხდა, როცა პოლიციამ თბილისში, გმირთა მოედანზე, მოშიმშილე ვეტერანები ძალით დაშალა და კარვებიც აიღო. კარავი გაშლიდან რამდენიმე წუთში ააღებინეს ირანის ორ მოქალაქეს რამდენიმე თვის წინ. ირანელებმა კარავი ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინ თბილისში, ტროტუარზე, გაშალეს, თუმცა პოლიციამ მალევე დაშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი