სამართალი

საია და DABS Forensic

7 სექტემბერი, 2011 • • 1547
საია და DABS Forensic

რამდენად სანდოა ის ექსპერტიზის ბიურო, რომელმაც 26 მაისს ნიკა კვინტრაძის სიკვდილის სახელისულფებო ვერსია ეჭვქვეშ დააყენა და რატომ შეარჩია საიამ ეს ორგანიზაცია ფოტო ექსპერტიზის ჩასატარებლად, ამის გარკვევას ნეტგაზეთი შეეცადა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციამ 2011 წლის 17 აგვისტოს ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Forensic Ltd–ს დაუკვეთა 2011 წლის 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შემდეგ დაღუპული ნიკა კვინტრაძის ფოტოების ანალიზი. სამართალდამცავებმა კვინტრაძე 27 მაისს, დილით, ერთ–ერთი მაღაზიის სახურავზე კიდევ ერთ ადამიანთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალურად, გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა გახდა.

DABS Forensic Ltd–ის ექსპერტმა კენ ლინჯმა ექსპერტიზა ჩაუტარა ნიკა კვინტრაძის პასპორტის ფოტოს, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ ფოტოს, ასევე იმ ფოტო–ვიდეომასლას, სადაც აქციისას დაკავებული მამაკაცი ხელებშეკრული რუსთაველის გამზირზე თავდაღმა წევს. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ფოტოზე გამოსახული ხელებშეკრული ადამიანი და ნიკა კვინტრაძე ერთი და იგივე ადამიანია. ამას ექსპერტი ფოტოებს შორის აღმოჩენილი შვიდი მსგავსების მიხედვით ამტკიცებს. მსგავსებებს შორისაა სახის მოყვანილობის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საია არ გამორიცხავს, რომ ნიკა კვინტრაძე სინამდვილეში პოლიციელთა ძალის გადამეტებას ემსხვერპლა, რის შემდეგაც მისი ცხედარი მაღაზიის სახურავზე აიტანეს. „ახალგაზრდა იურისტებმა“  ობიექტური საქმის გამოძიება მოითხოვეს.

შსს  თავის მხრივ ამტკიცებს, რომ საიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია „შეგნებული, ან შეუგნებელი სიცრუეა“ და არ შეიძლება კვინტრაძის მკვლელობის ოფიციალური ვერსიის ეჭქვეშ დაყენება, რადგან სადავო ფოტოზე გამოსახული დაკავებული ადამიანი გიორგი ბაქრაძეა და არა ნიკა კვინტრაძე. შსს თავის ვერსიას იმით ამტკიცებს, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანის მსგავსი ტანსაცმელი, ზოლიანი ჟაკეტი 26 მაისის ღამეს გიორგი ბაქრაძეს ეცვა, ხოლო კვინტრაძეს მოკლესახელოიანი ლურჯი მაისური.

რატომ შეარჩია საიამ ექსპერტიზისთვის DABS Forensic Ltd?

საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ საია ფოტოების ექსპერტიზის ჩასატარებლად ეძებდა მაქსიმალურად სანდო ორგანიზაციას და ექსპერტს. ამისთვის ისინი დაუკავშირდნენ საიას ბრიტანულ პარტნიორ ორგანიზაცია EHRAC–ს. აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს ადამიანის უფლებებზე, ძირითადად კი, სტრასბურგის სასამართლოს სამართალწარმოებაზე. ჩუგოშვილის თქმით, „ახალგაზრდა იურისტებმა“ სწორედ  EHRAC–ს სთხოვეს, ერჩიათ ბრიტანეთში საუკეთესო ექსპერტიზის ბიურო. EHRAC–მა კი საის ფოტო ექსპერტიზის ჩასატარებლად სწორედ DABS Forensic Ltd და ექსპერტი კენ ლინჯი ურჩია.

DABS Forensic Ltd  და კენ ლინჯი

DABS Forensic Ltd  არის სასაამრთლო ექსპერტიზის ბიურო – კერძო, კომერციული ორგანიზაცია, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2000 წელს დაფუძნდა. ექსპერტიზის ბიუროს ვებგევრდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, DABS Forensic Ltd მომხმარებელს სთავაზობს თითის ანაბეჭდების სრულყოფილ ექსპერტიზას, სახის გამოსახულების დეტალურ, რამდნიმე სახის ანალიზს, ვიდეო და ფოტო–გამოსახულების სრულყოფილ კვლევას, ასევე, დანაშაულის სცენების ანალიზს, ტრენინგებს გამომძიებლებისთვის და დამოუკიდებელ ექსპერტიზებს. ორგანიზაციისვე მონაცემებით, მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზა 450 საქმეშია გამოყენებული.

ექსპერტიზის ბიუროს ვებგევრდისა და საიას მიერ მოწოდებული ინფორმაციის მხიედვით, ექსპერტი კენ ლინჯი DABS Forensic Ltd –ში დაფუძნების დღიდან მუშაობს. ის არის  „ბრიტანეთის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ინსტიტუტის(BIPP)” მეცნიერ–თანამშრომელი, ასევე მეცნიერებათა მაგისტრი  ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის – ფოტოპორტრეტული ექსპერტიზის დარგში.

კენ ლინჯი დარეგისტრირებულია „ეროვნული პოლიციის ეფექტიანობის გაუმჯობესების სააგენტოში“(NPIA) და მომსახურებას უწევს სამართალდამცავ ორგანოებს გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით. ის 45 წელია ფოტოგრაფად მუშაობს, საიდანაც 29 წელი ესექსის პოლიციის ფოტოგრაფიის დეპარტამენტში იმუშავა, აქედან 16 წელი აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე. კენ ლინჯს 1981 წელს მიენიჭა „ბრიტანეთის პროფსიონალ ფოტოგრაფთა ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომლის“ წოდება.

ამავე თემაზე:

საია ტელეკომპანიებისა და პარლამენტარის წინააღმდეგ

ნიკა კვინტრაძის სიკვდილის ორი ვერსია[Video]



მასალების გადაბეჭდვის წესი