სამართალი

საია ტელეკომპანიებისა და პარლამენტარის წინააღმდეგ

7 სექტემბერი, 2011 • • 1709
საია ტელეკომპანიებისა და პარლამენტარის წინააღმდეგ
საიას იურისტი თამთა მიქლაძე და ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი
საიას იურისტი თამთა მიქლაძე და ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი

საია ტელეკომპანია „რუსთავი 2–სა“ და „იმედის“ წინააღმდეგ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო უახლოეს დღეებში ჩივილს აპირებს, ორგანიზაცია ასევე განიხილავს პარლამენტარ გოკა გაბაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ისინი ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი 2–ს“ შიდა რეგულირების ორგანოში უჩივიან. ჩუგოშვილის თქმით, საიას მიერ გუშინ, 6 სექტემბერს, გამოქვეყნებული დასკვნა 26 მაისს ნიკა კვინტრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ორივე ტელეკომპანიამ დამახინჯებულად გააშუქა. ჩუგოშვილს მიაჩნია, რომ ტელეარხებმა ფაქტები დამახინჯებულად გადმოსცეს.

საიამ გუშინ გამოაქვეყნა ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს DABS Forensic Ltdის დასკვნა, რომლის მიხედვითაც საეჭვო ხდება 26 მაისს „სახალხო კრების“ აქტივისტის დაღუპვის სახელისუფლებო ვერსია. შსს–ს ინფორმაციით, ნიკა კვინტრაძე 26 მაისს, აქციის დაშლისას კიდევ ერთ ადამიანთან ერთად მაღაზიის სახურავზე აძვრა, სადაც ორივეს დენმა დაარტყა და გარდაიცვალნენ. ოფიციალური ვერსია კი საიამ ეჭვქვეშ მას შემდეგ დააყენა, რაც ბრიტანულმა ექსპერტიზის ბიურომ ფოტოების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ ნიკა კვინტრაძე გარდაცვალებამდე პოლიციელებს ჰყავდათ დაკავებული. შესაბამისად, „ახალგაზრდა იურისტები“ ეჭვობენ, რომ კვინტრაძე სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებას ემსხვერპლა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა გოკა გაბაშვილმა საია პოლიტიკურ თამაშებში ჩართვაში, ასევე, შეგნებული დეზინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში დაადანაშაულა, შესაბამისად, ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა. სწორედ ამ ბრალდების გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტარის წინააღმდეგ სასამართლოში უახლოეს დღეებში აპირებს სარჩელის შეტანას.

ამავე თემაზე:

ნიკა კვინტრაძის სიკვდილის ორი ვერსია[Video]


მასალების გადაბეჭდვის წესი