სამართალი

ახალი მტკიცებულებები 26 მაისს დაღუპულის საქმეზე

6 სექტემბერი, 2011 • • 994
ახალი მტკიცებულებები 26 მაისს დაღუპულის საქმეზე

დღეს, 12 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჟურნალისტებს საიას ოფისში გააცნობს იმ მტკიცებულებებს, რაც ორგანიზაციამ 26 მაისს თბილისში აქციის დაშლის შემდეგ ნაპოვნ გარდაცვლილ ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით მოიპოვა.

ნიკა კვინტრაძე 25 მაისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში იღებდა მონაწილეობას, აქციის დაშლის შემდეგ კი დაიკარგა. შსს–ს ინფორმაციით, კვინტრაძე აქციის კიდევ ერთ მონაწილესთან ერთად  27 მაისს, სამხედრო აღლუმის მეორე დღეს, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ–ერთი მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავების განცხადებით, ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი სახურავზე აქციის დაშლისას აძვრნენ, სადაც ისინი ელ. გადამცემ ხაზს შეეხნენ და გარდაიცვალნენ.

მოგვიანებით, რამდენიმე მედიასაშუალება და  ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ნიკა კვინტრაძე აქციის დაშლისას დაკავებული იყო, ამის დასტურად კი ფოტოკადრს მიიჩნევდნენ, სადაც ხელებგაკოჭილი მამაკაცი რუსთაველის გამზირზე წევს, თუმცა, სახე არ უჩანს. ნიკა კვინტრაძის რამდენიმე ნაცნობი ამბობდა, რომ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ნამდვილად ნიკა კვინტრაძე იყო და მათთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა დაკავებული კვინტრაძე მოგვიანებით სახურავზე, თანაც გარდაცვლილი.

შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვიულმა აღნიშნული მოსაზრების გაქარწყლება სცადა და განაცხადა, რომ სადავო ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ნიკა კვინტრაძე არ იყო. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია პრესკონფერენციას მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი