სამართალი

ბურჯანაძის მძღოლები და დაზარალებული პოლიციელები

29 აგვისტო, 2011 • 2686
ბურჯანაძის მძღოლები და დაზარალებული პოლიციელები

8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი –  ასეთი სასჯელები მიიღეს საპროცესო შეთანხმების შედეგად ბურჯანაძის ესკორტის იმ მძღოლებმა, რომლებსაც 26 მაისს 2 ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში წაეყენათ ბრალი, ხოლო თავად ნინო ბურჯანაძის მძღოლს, რომელმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნინო ბურჯანაძის მძღოლების საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო და შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებებს ავრცელებენ.

სასამართლოს ინფორმაციით, შაქრია ზურაშვილი (ბრალი წაეყენა სსსკ-ის 117-ე და 353-ე მუხლების თანამხად), რომელიც იყო ბადრი ბიწაძის ოჯახის მძღოლი, 26 მაისის აქციის დაშლის დაწყებისას, სხვა პირებთან ერთად (შსს-ს მონაცემებით, ესენი იყვნენ: თავად ნინო ბურჯანაძე, მისი დაცვის წევრები ლაშა ჭეიშვილი, ბორის იურინი და ალექსანდრე გურასპაშვილი, დაცვის უფროსი დავით შაყულაშვილი, ბადრი ბიწაძის დაცვის წევრი ზურაბ ქიტიაშვილი, ანზორ ბიწაძის დაცვის წევრი მამუკა მარღიშვილი და ბურჯანაძის პარტიის წევრი ელისო ხაჭაპურიძე), ჩაჯდა შავი ფერის ,,ტოიოტა-პრადოს’’ (სახელმწიფო ნომრით CBG-777) მარკის ავტომანქანაში (შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებულია ნინო ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის სახელზე) და მეტროსადგურ ,,თავისუფლების’’ მოედნის მიმართულებით მაღალი სიჩქარით გაემართა, რა დროსაც მარცხენა საბურავით გადაუარა საქართველოს შსს კონსტიტუციური დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან ნინოშვილს.

”დანაშაულის ჩადენის შემდეგ, შაქრია ზურაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლევან ნინოშვილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. აღნიშნული შემთხვევის შედეგად ლევან ნინოშვილმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები.

ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას შაქრია ზურაშვილმა თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად იქნა დადასტურებული გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო სხდომაზე ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობით”, – ნათქვამია სასამართლოს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შაქრია ზურაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა და მისი მართვის ქვეშ მყოფი “ტოიოტა პრადოს” მარკის ავტომანქანა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ  ჩამოართვა.

სასამართლო ბურჯანაძის მძღოლების საქმეზე გასამართლებული კიდევ ერთი პირის – ივანე ჩიღვინაძის (დაკავებულია სსსკ-ის 187-ე, 353-ე და 118-ე მუხლების გათვალისწინებით) თაობაზეც ავრცელებს დღეს ინფორმაციას.

სასამართოს ინფორმაციით, ივანე ჩიღვინაძე 26 მაისის აქციის დაშლის დაწყებისას, სხვა პირებთან ერთად, ჩაჯდა მისსავე სახელზე რეგისტრირებულ თეთრი ფერის ,,ტოიოტა-ლენდკრუიზერის’’ მარკის (სახელმწიფო ნომრით QSQ808) ავტომანქანაში და მეტროსადგურ ,,თავისუფლების’’ მოედნის მიმართულებით მაღალი სიჩქარით გაემართა, რა დროსაც დაეჯახა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს გიორგი დათიაშვილს, რის შემდეგაც ჩიღვინაძე მიიმალა, დათიაშვილი კი – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. სასამართლოსა და პროკურატურის ცნობით, ჩიღვინაძემ წაყენებული ბრალი აღიარა.

”სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ივანე ჩიღვინაძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულის აღიერებითი ჩვენებისა, დადასტურებულ იქნა: მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ვიდეომასალით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით”,  – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ”25 აგვისტოს ივანე ჩიღვინაძის მიერ დანაშაულის ამ ეპიზოდების აღიარების და გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება”.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და ივანე ჩიღვინაძეს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 4 წელს მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე ჩიღვინაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა მისი მართვის ქვეშ მყოფი თეთრი ფერის ”ტოიოტა-ლენდკრუიზერი”-ს მარკის ავტომანქანა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს მანიფესტაციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე მყოფ პირთა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაულებში ბრალდებულ პირთაგან ხუთ მათგანთან მანამდე გაფრომდა საპროცესო შეთანხმებები, რის შემდეგაც: ამირან მერებაშვილს (ბრალი წაეყენა სსსკ-ის 353-ე, 120-ე და 125-ე მუხლებით) განესაზღვრა სასჯელის ზომად – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი; ალექსანდრე ბიბილურს (ბრალი წაეყენა სსკ-ის 117-ე და 353-ე მუხლებით) –  8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი; ნიკოლოზ ზაუტაშვილს (ბრალი წაეყენა სსსკ-ის 353-ე, 117-ე, 120-ე და 125-ე მუხლებით) –  8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი; კობა კობაურს (ბრალი წაეყენა სსსკ-ის 117-ე და 353-ე მუხლებით) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი; ილია ზივზივაძეს (ბრალი წაეყენა სსკ-ის 117-ე და 353-ე მუხლებით) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი.

შსს-ს ინფორმაციით, მერებაშვილი მართავდა “Dodge Ram”-ის (სახელმწიფო ნომრით WPW 506) მარკის ავტომობილს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს მოქალაქის პეტრე ზუმბაძის სახელზე. მანქანაში იმყოფებოდნენ: ნინო ბურჯანაძის შვილი–ანზორ ბიწაძე, მისი დაცვის წევრები – ზურაბ გოჩელაშვილი და დიმიტრი ყიფიანი.

”აღნიშნული ავტომანქანის მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის შედეგად ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს და დაზარალებულებად იქნენ ცნობილნი პოლიციის თანამშრომლები: ზაალ მაისურაძე, გიორგი კინწურაშვილი და ზვიად ხმალაძე,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალაში.

კობა კობაური, შსს-ინფორმაციით, მართავდა ”ტოიოტა ლენდსკრუიზერი”-ის (სახელმწიფო ნომრით VSV888) მარკის ავტომობილს, რომელიც რეგისტრირებულია ალექსანდრე გურასპაშვილის სახელზე და რომელშიც 26 მაისის ღამეს მასთან ერთად იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრი გიორგი ფირცხალაიშვილი.

”აღნიშნული ავტომანქანის მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და დაზარალებულებად იქნა ცნობილი პოლიციის თანამშრომელი შალვა თავთუხაშვილი,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალაში.

ნიკოლოზ ზაუტაშვილი, პოლიციის ინფორმაციით, მართავდა ”Toyota Runner”-ის (სახელმწიფო ნომრით MIS672) ავტომანქანას, რომელიც რეგისტრირებულია თემო ბიწაძის სახელზე და რომელშიც 26 მაისს იმყოფებოდნენ: ბადრი ბიწაძის დაცვის წევრები – რევაზ ჩოჩიშვილი, თამაზ სიდამონიძე, ქართლოს ჩოჩიშვილი და არჩილ ცხოვრებაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა მომიტინგე ნოდარ ცხადაძე, ხოლო ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს პოლიციელებმა – გიორგი გეგეჭკორმა და მამუკა ხაჩიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და დაზარალებულად იქნა ცნობილი პოლიციელი ვალერი ხუნჯუკაშვილი ილია ზივზივაძის საქმეზე, რომელიც მისსავე სახელზე რეგისტრირებულ “Mersedes Benz ML”-ის მარკის (სახელმწიფო ნომრით SOF204) ავტომობილს მართავდა, როდესაც ხუნჯუკაშვილს დაეჯახა.

შსს-ს მონაცემებით, ალექსანდრე ბიბილური მართავდა კობა კობაურის სახელზე რეგისტრირებულ ”ტოიოტა ლენდსკრუიზერის” (სახელმწიფო ნომრით CHG 001) მარკის ავტომანქანას, რომელშიც იმყოფებოდნენ: ნინო ბურჯანაძის დაცის წევრი მერაბ სოხაძე, ბურჯანაძის პარტიის წევრი ქეთევან შარაბიძე, როდესაც ის პოლიციის კორდონს დაეჯახა. შედეგად, პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპა შსს-თანამშრომელი ლევან მასურაშვილი.

ნინო ბურჯანაძე აცახდებს, რომ აღნიშნული მძღოლები პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. მისივე თქმით, ავტომანქანა, რომელიც მასურაშვილს დაეჯახა და მოკლა, დასავლეთ საქართველოს კუდ-ის თანამშრომლის საკუთრებაა, რომლის ვინაობასაც ჯერ-ჯერობით არ ასახელებს.

ამავე თემაზე:

ვინ მოკლა პოლიციელი 26 მაისის ღამეს?

მასალების გადაბეჭდვის წესი