სამართალი

რატომ დააკავეს დეპოს თანამშრომლები

22 აგვისტო, 2011 • 1407
რატომ დააკავეს დეპოს თანამშრომლები

საქართველოს რკინიგზის ბათუმის სალოკომოტივო დეპოს უფროსსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 22 პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დეპოს უფროსს გია ხუხუნაიშვილს, დეპოს თანამშრომლებს, დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს და რამდენიმე ტაქსის მძღოლს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს ქურდობას, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულ დაუფლებას.

სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს მეოთხე განყოფილება აწარმოებდა.

დაკავებულებს ბრალი შაქრის ნედლეულისა და საწვავის ქურდობაში ედებათ. ადვოკატების ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, დეპოსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლები ჯგუფურად და შეთანხმებულად იპარავდნენ შაქრის ნედლეულს. საუბარია 20 ტომარა შაქრის ნედლეულის ქურდობაზე.

თავად დეპოს უფროსი გია ხუხუნაიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის ტაქსის მძღოლები, დიზელის საწვავის ქურდობის გამო არიან დაკავებულნი. დაკავებულთაგან ოთხს ადვოკატი პაატა ბოლქვაძე იცავს:

„გამოძიებას ამ დროისთვის არ აქვს დადგენილი, კონკრეტულად რა რაოდენობის საქონელია დატაცებული. საუბარია იმაზე, რომ 2-3 თვის განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა სალოკომოტივო დეპოს რეზერვუარებიდან საწვავის ამოღება, რომ მიდიოდნენ ტაქსისტები გადაკეთებული ავზებით და  გამოჰქონდათ საწვავი“, – ამბობს პაატა ბოლქვაძე. მისივე თქმით, დეპოს უფროსმა და მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა წაყენებული ბრალის შესაბამისად, დანაშაული აღიარეს.

ადვოკატი მერაბ პაქსაძე კი დეპოს სამ თანამშრომელს იცავს, რომლებიც, ასევე, დიზელის ქურდობაშია არიან ბრალდებულნი:

„დაახლოებით 9000 ლარის ღირებულების საწვავის ქურდობაზეა საუბარი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფნი არ დაკითხულან  და, შესაბამისად, მათ არც ბრალი უღიარებიათ“, – ამბობს მერაბ პაქსაძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმეში არსებობს სატელეფონო მოსმენების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მიღებული მასალები.

მოსამართლე ლერი თედორაძემ 23-ვე დაკავებული პირის მიმართ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს ნაცვლად გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

სალოკომოტივო დეპოდან შაქრის ნედლეულისა და საწვავის ქურდობის ბრალდებით დეპოს თანამშრომლები და აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებული სხვა პირები 11-12 აგვისტოს დააკავეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 40 ადამიანი იყო დაკავებული, რომელთაგან 27-ს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, საბოლოო ჯამში, აღნიშნულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დეპოს თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა ოქტომბერში დაიწყება, თუმცა, ადვოკატების თქმით, დაკავებულების დიდი ნაწილი აპირებს თანამშრომლობას გამოძიებასთან და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი