სამართალი

მკვლელობებში ბრალდებული პოლიციელი

16 აგვისტო, 2011 • • 1828
მკვლელობებში ბრალდებული პოლიციელი

ფოტოზე: გიგია გემაზაშვილის დედა
ფოტოზე: გიგია გემაზაშვილის დედა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში 2 სექტემბერს დაიწყება. დავით ჩოთალიშვილს ბრალი მისივე თანასოფლელი ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ედება. მოკლულთა ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ მკვლელობაში ბრალდებულს უფრო მსუბუქ სასჯელს დააკისრებენ, რადგან ის პოლიციელია.

თვითმხილველთა თქმით, პოლიციელი დავით ჩოთალიშვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო, როდესაც 21 წლის გიგია გემაზაშვილი და მისი ბავშვობის მეგობარი შოთიკო ბატიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობა 2011 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 24:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მოხდა.

იმ დღეს გიგია გემაზაშვილი თავისი დის (რომელიც 6 წლის წინ გარდაიცვალა) საფლავზე იყო ასული მეგობრებთან, მათ შორის შოთიკო ბატიაშვილთან ერთად.

“თანაკლასელებთან ერთად, დის საფლავიდან ბრუნდებოდა და ვიღაცას იარაღით მოუკლავს ჩემი შვილი და შოთიკო. რატომ და რისთვის, ახლაც არ ვიცი”, – ამბობს გიგია გემაზაშვილის დედა, მარინა მანაგაძე.

”როცა ბიჭები საფლავიდან ბრუნდებოდნენ, ეს პოლიციელი შეხვედრია. უკითხავს ამათთვის, ბოლქვაძეებს თუ იცნობთო. ამ ძმებიდან ერთი–ერთი  გიგიას და შოთიკოს კლასელი იყო, მეორე – უფრო პატარა. ამათ უთქვამთ, ვიცნობთ, მაგრამ ჩვენი ძმაკაცები არ არიანო. ჰოდა, ვინც ამათი ძმაკაცი არ არის, იმათი დედაცო, შეუგინებია გიგიასთვის, რაზეც გიგიას უთქვამს, რატომ მაგინებო. ამ დროს ამოუღია იარაღი და ორჯერ უსვრია. გიგია რომ გადავარდა, მესამე და მეოთხე ტყვია მერე დაახალა. იმ წუთას შოთიკო სადღაც მოფარებულში ყოფილა, უცებ გამოჩენილა და ძირს დავარდნილ თავის ძმაკაცს მიშველებია. იარაღი მასაც დაუმიზნა. შოთიკო ეხვეწებოდა, არ მესროლოო, თან ხელით იფარავდა გულ-მკერდს. ერთი ტყვია ესროლა. ტყვიამ ჯერ ხელში გაუარა და მერე  მკერდში მოხვდა. ამის შემდეგ კიდევ მესამე ბიჭსაც მოუღერა იარაღი, მაგრამ იმან გაქცევა მოასწრო,” – ამბობს შოთიკო ბატიაშვილის დედა, მარინა ბატიაშვილი.

მოკლულების ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ ინფორმაცია თვითმხილველებმა მიაწოდეს. შემთხვევის ერთ-ერთმა თვითმხილველმა, შუახნის ქალმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ როცა პოლიციელმა დავით ჩოთალიშვილმა ახალგაზრდებს ესროლა და ხმაურზე ქუჩაში ხალხი გამოვიდა, ის ადამიანებს იარაღს უმიზნებდა და სროლით ემუქრებოდა. ამის შემდეგ კი საკუთარ სახლში (რომელიც იმავე სოფელში მდებარეობს) მივიდა და თავად დარეკა პოლიციაში, არ დამალულა. მომხდარს წინანდლის მცხოვრებნი ერთნაირად აღწერენ. ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული მოკლულებს შემთხვევამდე არ იცნობდა: ის იმ მომენტში სხვაზე იყო გაბრაზებული, შემთხვევით გადაეყარა სასაფლაოდან მომავალ ახალგაზრდებს, შელაპარაკება მოუვიდა მათთან და ცეცხლი გახსნა.

გემაზაშვილისა და ბატიაშვილის მშობლების თქმით, მათ შვილებს ჩოთალაშვილთან ადრე არანაირი შეხება არ ჰქონიათ და არც იცნობდნენ მას. შესაბამისად, ისინი გამორიცხავენ, რომ მკვლელობის მიზეზი რაიმე ძველ კონფლიქტთან ყოფილიყო დაკავშირებული. მარინა ბატიაშვილის თქმით, ჩოთალიშვილი ასაკით ბიჭებზე უფროსი იყო, ის 30 წელს იყო მიღწეული, სკოლა თელავში ჰქონდა დამთავრებული, ხან თბილისში ცხოვრობდა, ხან კი – თელავში. წინანდალში სახლში აქვს, მაგრამ იქ მუდმივად არ ცხოვრობდა და იშვიათად ჩადიოდა.

”მისი სახლი წინანდალში ახლა დაკეტილია. წასულები არიან. მკვლელობის ღამეს სოფელი სახლის დაწვას აპირებდა, მაგრამ გვერდით ცხოვრობს მისი ბიძაშვილი, ძალიან კარგი ოჯახი, მათ სახლებს საერთო კედელი აქვთ. ამის სახლი რომ დაეწვათ, ორივე დაიწვებოდა, ამიტომ დაინდეს. ერთი-ორი დღე პოლიციაც კი იცავდა იმ სახლს, მერე წავიდნენ,”- ამბობს მარინა ბატიაშვილი.

“პოლიციელი ხალხს უნდა იცავდეს და ამან რა ჰქნა?! უმიზეზოდ გაიმეტა ბიჭები, არც კი იცნობდა. რამე წყენა რომ ჰქონოდა და რამე მიზეზი, კიდევ შეიძლებოდა მისი გაგება. მაგას სამუდამო პატიმრობა უნდა მისცენ, ნაკლები – არა!” – უთხრა “ნეტგაზეთს” წინანდალში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა.

დავით ჩოთალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაულის ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის მიმართ მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს წინანდლის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა.

”მაგას რად უნდა გასამართლება? ადრე ვიღაცამ ასე სასტიკად გურჯაანში მოკლა კაცი და ის სოფელმა ცოცხლად ჩაქოლა. ასე უნდა გაგვეკეთებინა ჩვენც, მაგრამ ვერ ვივარგეთ. ერთხელ რომ დასჯი ასე, მეორედ აღარ იზამენ. რა უნდა ჰქნას აწი გიგიას დედამ? ქალს არავინ დარჩა სახლში, ორივე შვილი დაეღუპა”, – ამბობს მარინა მანაგაძის მეზობელი, ქალბატონი გულიკო.

შოთიკო ბატიაშვილის დედის თქმით, დამნაშავის უმკაცრესად დასჯის მოთხოვნით სოფელში ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა. შესაბამისი განცხადება მათ საქართველოს პრეზიდენტს, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს გაუგზავნეს.

მოკლულთა ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ მკვლელობაში ბრალდებულს უფრო მსუბუქ სასჯელს დააკისრებენ, რადგან ის პოლიციელია და სამსახურის წინაშე გარკვეული დამსახურებებიც ექნება.

”გირგვლიანის მკვლელი პოლიციელები გამოუშვეს ციხიდან და ამას მისცემენ სამუდამო პატიმრობას?! დედამისმა თავი შეაკლა ამათ და რა გამოუვიდა?! გირგვლიანის მკვლელობაზე დიდი დანაშაული არ არის ეს? იმას ცემაში ამოხადეს სული, აქ კი ორ ბიჭს სრულიად უმიზეზოდ იარაღი ისე დაახალა, ცოცხლად დატოვების შანსი არ დაუტოვა არც ერთს”, – ამბობს მარინა ბატიაშვილი.

ეჭვს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ისიც უმძაფრებს, რომ მათთვის ჯერჯერობით გაურკვეველია მკვლელობის იარაღის ამბავი.

”მე მაინტერესებს, ამ პოლიციელს თან რატომ ჰქონდა იარაღი? ნამდვილად ჰქონდა თუ არა მისი ტარების უფლება? რა იარაღი იყო? სამსახურის, თუ სხვა იარაღით მოკლა ორი ბიჭი? ექსპერტიზის მიხედვით, ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გიგია გემაზაშვილს, ერთი კი – ჩემს შვილს. შოთიკოს ტყვია ფილტვში ჰქონდა ჩარჩენილი. ექსპერტიზამ თქვა, რომ “მაკაროვით” მოხდა მკვლელობა. “მაკაროვი” ძლიერი იარაღია და როგორ უნდა ჩარჩენილიყო მისი ტყვია ფილტვში? თან, თვითმხილველები მეუბნებიან, რომ ოდნავ მოზრდილი, შავი პისტოლეტით ისროდა, მაკაროვი კი ასეთი არ არის. მას [მკვლლეობაში ბრალდებულ პოლიციელს] გამომძიებლისთვის უთქვამს, რომ იარაღს ჰაერში ისროდა და ბიჭებისთვის გამიზნულად არ უსვრია. როგორ შეიძლება ამის თქმა?” – უთხრა “ნეტგაზეთს” ლევან ბატიაშვილმა, შოთიკო ბატიაშვილის მამამ.

”საერთო ახლობლისგან გავიგე, რომ დავით ჩოთალიშვილის დედა შვილისთვის სასჯელის შემცირების მიზნით მისთვის ფსიქიურად დაავადებულის საბუთის გაკეთებას ცდილობს,” – ამბობს მარინა ბატიაშვილი.

”მისი დედის ნახვა მინდა. მინდა, რომ ამ ადამიანმა, თუკი რაიმე ადამიანური შერჩა, გააცნობიეროს, რა ჩაიდინა და ეს იქნება მისი სასჯელი. მინდა, რომ მკაცრად დაისაჯოს, რადგან ასეთი გამწარებული დედები აღარ იყვნენ,” – ამბობს მარინა მანაგაძე.

“მეუბნებიან, რომ მაგას ხელს არავინ დააფარებს და მაქსიმალურად დასჯიანო, მაგრამ მგონია, რომ რაღაცის მიჩქმალვა უნდათ და არ უნდათ, ის სამსახურის იარაღი გამოაჩინონ, რომლითაც ბიჭები მოკლა. ათასი ხმა მოდის ჩემთან. იმასაც მეუბნებიან, რომ შეშლილის საბუთს უკეთებენ, რომ სასჯელი ააცილონო. თუ შეშლილი იყო, რა უნდოდა შსს-ში? არ ვიცი, ათასი ხმა მომდის, ვნახოთ, სასამართლოზე რა მოხდება”, – ამბობს ლევან ბატიაშვილი.

მოკლულთა ოჯახებში ამჟამად ორმოცისთვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით 17 აგვისტოს სამხატვრო აკადემიაში მეგობრები გიგია გემაზაშვილის ნახატების გამოფენას მოაწყობენ. გიგია თბილისის სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი იყო.

გემაზაშვილისა და ბატიაშვილის ოჯახების მთელი ყურადღება სასამართლო პროცესისადმია მიმართული, რომელიც თელავის სასამართლოში ორ კვირაში დაიწყება.

ფოტოზე: გიგია გემაზაშვილი და შოთიკო ბატიაშვილი
ფოტოზე: გიგია გემაზაშვილი და შოთიკო ბატიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი