სამართალი

ფუქსი და ფრენკელი კვლავ პატიმრობაში რჩებიან

26 ივლისი, 2011 • • 1406
ფუქსი და ფრენკელი კვლავ პატიმრობაში რჩებიან

რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com
რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com

თბილისი სააპელაციო სასამართლომ ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების, ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის საქმის განხილვა დაასრულა. ზემდგომ ინსტანციას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, პირველი ინსტანციის განაჩენი მსჯავრდებულებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გამართლება მოითხოვეს. 
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის სრულყოფილი განხილვა გაიმართა. ზეპირი მოსმენის დროს სასამართლომ გამოიკვლია ახალი მტკიცებულებები, მათ შორის დაკითხა დაცვის მხარის მიერ მოწვეული დამატებითი მოწმეები. დაკითხული მოწმეებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და ორივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი უცვლელად დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვაჟა ფუხაშვილმა ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენებს 2011 წლის 1 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დამნაშავედ სცნო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ქრთამის შეთავაზებას. სასამართლომ რონი ფუქსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 500 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, ზეევ ფრენკელს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის გადახდა 100 ათასი ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების გადაწყვეტილება ბიზნესმენთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა შემდეგი მოტივით ახსნა:”სასამართლოს განაჩენს იმიტომ ვასაჩივრებთ, რომ პრეტენზია გვაქვს განაჩენის დასაბუთებულობასა და კანონიერებასთან დაკავშირებით. განაჩენი მხოლოდ ბრალდების პოზიციას აშუქებს და მხოლოდ მისი წარმოჩენით არის შემოფარგლული. მაშინ, როდესაც დაცვის მხარის არგუმენტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ან საერთოდ არ არის განხილული, ან თუ ეხება,  არის ზედაპირულობა და მისი შინაარსის არასწორი გადმოცემა.“

გასაჩივრების პარალელურად, ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის შვილებმა ბიზნესმენების შეწყალება საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშილს თხოვეს. მიზეზი კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასაკი გახდა

ისრაელელი ბიზნესმენები ქართველმა სამართალდამცავებმა გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით. გამოძიების მასალებით, ბიზნესმენებმა მინისტრის მოადგილეს 7 მილიონი აშშ დოლარის გადახდა შეთავაზეს ქრთამის სახით, რათა საქართველოს ხელისუფლებას არ გაეპროტესტებინა საარბიტრაჟო სასამართლოს – საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესმენებისთვის 98 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

1993 წელს კომპანია „ტრამექსს“, რომლის დამფუძნებლები არიან რონი ფუქსი და იოანის კარდასოპულოსი (ამ უკანასკნელზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული იგივე ბრალდებით, რაც რონი ფუქსს დაედო), 30– წლიანი ექსპლუატაციის უფლებით საქართველოს ყველა ნავთობსადენი გადაეცა. 1996 წელს მათ ეს უფლება ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა. ბიზნესმენებმა კომპენსაციის მიღება ახალი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს.

ამავე თემაზე:

ფუქსისა და ფრენკელის შვილებმა სააკაშვილს ბიზნესმენების შეწყალება სთხოვეს

მთავრობის “განაჩენი” ებრაელ ბიზნესმენებს

ფუქსისა და ფრენკელის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ებრაელი ბიზნესმენები განაჩენის მოლოდინში

ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის არგუმენტები

ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე შემაჯამებელი სიტყვების მოსმენა დასრულდა

მასალების გადაბეჭდვის წესი