სამართალი

„შეფიცულთა რაზმის“ ლიდერის საქმე

22 ივლისი, 2011 • • 1983
„შეფიცულთა რაზმის“ ლიდერის საქმე

„შეფიცულთა რაზმის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია უჩავას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა, 5 აგვისტომდე გადაიდო. მიზეზი უჩავას ადვოკატის პროცესზე გამოუცხადებლობა გახდა.

გია უჩავა სამართალდამცველებმა 22 მაისს, გამთენიისას, თბილისში, კოსტავას გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ დააკავეს. მისი დაკავებისას პოლიციის მანქანებს თავს დაესხნენ „სახალხო კრების“ აქტივისტები. მათ დროშის პლასტმასის ტარებით სამართალდამცველთა ავტომანქანა დააზიანეს და პოლიციელთა ავტომობილიდან გადმოგდებას შეეცადნენ. დაპირისპირებაში რამდენიმე წუთში ჩაერთო სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების დახმარებით, ჯოხებით აღჭურვილი აქტივისტები დაშალა.

„შეფიცულთა რაზმის“ ერთ-ერთ ლიდერს, გადამდგარ გენერალს, გია უჩავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აქვს წაყენებული. ეს არის დანაშაული ჩადენილი ჯგუფის მიერ, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

წინა სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ივლისს გაიმართა, სადაც მხარეები საქმის მასალების ნუსხას გაეცნენ. უჩავას ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ არ არის შეთანხმებული განსასჯელთან, ვერ ისაუბრებს იმის თაობაზე, აპირებს თუ არა ის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას. ასევე, ამავე მიზეზით, აცხადებს, რომ ვერ ისაუბრებს, არსებობს თუ არა საქმეში რაიმე მტკიცებულებები, აღიარებითი ჩვენების გარდა.

გია უჩავას პირველი სასამართლო პროცესი 21 ივლისს, 13:00 საათზე, უნდა დაწყებულიყო, თუმცა, სასამართლო დარბაზში 13:15-მდე არავინ გამოჩენილა. საბოლოდ, პროცესი 25 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ამ დროისთვის დარბაზი თითქმის ცარიელი იყო და იქ  მხოლოდ განსასჯელი იმყოფებოდა ბადრაგის 3 თანაშრომელთან ერთად, ასევე, მოსამართლე ლელა შკუბულიანი, სხდომის მდივანი, პროკურორი პროკოფი ჭანკოტაძე და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი. პროცესზე არ გამოცხადებულა გია უჩავას ადვოკატი კონსტანტინე ბაძაღუა. პროცესის დაწყებამდე 1.5 საათით ადრე ადვოკატმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საქმის განხილვა 13:00 საათზე დაიწყებოდა და არაფერი უთქვამს პროცესზე მიუსვლელობის შესახებ.

სასამართლო დარბაზში მოსამართლის გამოჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე პროკურორი პროკოფი ჭანკოტაძე ახლოს მივიდა განსასჯელთან და რამდენიმე წუთით ჩურჩულით ესაუბრა. ამის შემდეგ პროკურორმა სხდომის მდივანს მიმართა და უთხრა: „ალბათ, სხდომის გადადება მოგვიწევს, ადვოკატი ცუდად გახდა და ვერ მოვა.“

სასამართლო დარბაზში შემოსვლისა და ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსამართლე ლელა შკუბულიანმა პროცესი 5 აგვისტოსთვის გადადო, მიზეზად კი კონკსტანტინე ბაძაღუას „მოულოდნელად ცუდად გახდომა“ დაასახელა. თავად ადვოკატთან დაკავშირება სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გია უჩავას დაკავებიდან მალევე, 27, მაისს გაავრცელა მისი აღიარებითი ჩვენება და ფარული ვიდეოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ბრალი „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ქმარს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ბადრი ბიწაძესაც წაუყენეს. ფარულ ვიდეოჩანაწერში საუაბრია „შეფიცულთა რაზმის“ მოქმედების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე.

აღიარებით ჩვენებაში გია უჩავა ამბობს: „მაისის თვეში მივიღეთ მონაცემები ორგანიზაციში შემოსული წევრების შესახებ, რომელიც შეადგენდა 3582 კაცს. ფაქტიურად, ჩამოყალიბდა ნახევრადგასამხედროებული ორგანიზაცია, რომლის შეიარაღებაში შედიოდა ფარები და დროშის ტარები. დროშის ტარები გამოიყენებოდა როგორც ხელკეტები. უკვე შემდგომ პერიოდში ჟღერდება ბადრი ბიწაძისგან, რომ კარგი იქნებოდა გაკეთბეულიყო რაგატკები, რომლის სასროლად უნდა გამოყენებულიყო რკინის ბურთულები და რკინის ბურთულს შეეძლო ძალიან მძიმე დაზიანება მიეყენებინა ადამიანის სხეულისათვის და,  აგრეთვე, ზოგ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება დაღუპულიყო კიდევაც. უკვე აქციის წინა დღეებში ჟღერდება ინფორმაცია მოლოტოვის კოქტეილის შექმნაზე. ფაქტიურად, უკვე მაგ დროსვე წამოიჭრა საკითხი, რომ საჭიროების შმეთხვევაში მომხდარიყო შეჭრა ტელევიზიასა და საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც გამოყენებული იქნებოდა მოლოტოვის კოქტეილი მანქანებისა და ტექნიკის დასაწვავად, სამართალდამცავი ორგანოები როცა მოვიდოდნენ ამ დანაშაულის აღსაკევთად. უკვე აქციის მიმდინარეობის დროს იკვეთება, რომ იქ მოქმედებენ სხვადასხვა ჯგუფები, რომელსაც დავალებული აქვთ, მაგალითად, ერთ ახალგაზრდულ ჯგუფს, რომ გაეძარცვათ მაღაზიები და დაეწვათ მანქანები. აქვე მოდის ინფორმაცია, რომ აქციის გარეთ არის შეიარაღებული დაჯგუფება, შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შემოვა აქციის ტერიტორიაზე და ცეცხლს გაუხსნის სამართალდამცავ ორგანოებს. უკვე ფაქტიურად, 21 მაისიდან  ყველაფერს ხელმძღვანელობს ბადრი ბიწაძე.“

გადამდგარი გენერალი გაი უჩავა 1991-92 წლებში საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად იყო ჩართული. ის 2011 წელს „შეფიცულთა რაზმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. თავის მხრივ, „შეფიცულთა რაზმი“ „სახალხო კრებამ“ დააფუძნა. „სახალხო კრება“ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 2011 წლის 21-დან 26 მაისამდე პერმამენტული საპროტესტო აქციებს მართავდა. საქართველოს ხელისუფლებამ აქციის ჩატარების სანქციის ვადის გასვლის შემდეგ საპროტეტსო აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 26 მაისს, 00:15 საათზე დაშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი