სამართალი

26 მაისის გამო “დასჯილი” უცნობი პოლიციელები

15 ივლისი, 2011 • 1362
26 მაისის გამო “დასჯილი” უცნობი პოლიციელები

ოთხი გათავისუფლებული, ერთი თანამდებობიდან ჩამოქვეითებული, სამს – სასტიკი საყვედური და რვას – საყვედური – ასე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 მაისს აქციის დაშლის დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანება დღეს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გაახმიანა.

უტიაშვილის თქმით, “შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალური პროკურატურის მომართვის, ასევე, მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული კადრების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საფუძველზე შეისწავლა 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა უკანონო ქმედების აღკვეთის დროს სამართალდამცველების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინარული წესდების დარღვევის ფაქტები.”

ამის გამო ჩატარებული შიდა მოკვლევის საფუძველზე  გუშინ ვანო მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება ზემოთ ხსენებული პოლიციელების შესახებ. დასჯილ პოლიციელთა ვინაობა შსს–ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში დასახელებული არ არის.

შოთა უტიაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დასჯილი პოლიციელების ვინაობას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გაასაჯაროებს:

“ეს სპეცრაზმელები იმიტომ იყვნენ ნიღბებით, რომ მათი ვინაობის განხელა არ შეიძლება,” – განაცხადა უტიაშვილმა.

უტიაშვილის თქმით, მოკვლევის შედეგები შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველს გააცნო.

ომბუდსმენი გიორგი ტუღუში ადასტურებს, რომ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას მართლაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლაში მონაწილე 16 პოლიციელი დისციპლინური წესით დაისაჯა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეაგირება მნიშვნელოვანია, თუმცა – არსაკმარისი, რადგან, მისი აზრით, ფაქტების ნაწილი იძლეოდა საშუალებას, სისხლის სამართლის კუთხით აღძრულიყო საქმე და კონკრეტულ პოლიციელებს დაკისრებოდათ სისხლის სამართლის და არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ვინ არიან კონკრეტულად ის პოლიციელები, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრმა ადმინისტრაციული წესით დასაჯა და კონკრეტულად რომელი ფაქტის გამო დაისაჯნენ ისინი, ამაზე საუბარი სახალხო დამცველსაც უჭირს:

„თუ ამაზე არ მექნა თავად იმ პოლიციელების თანხმობა, ვინც მიეცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, მე არა მაქვს უფლება გავამჟღავნო მათი ვინაობა. ეს არის ამ პოლიციელთა პირადი საქმე და მათ აბსოლუტურად აქვთ უფლება მოითხოვონ საკუთარი ვინაობის კონფიდენციალურად დატოვება,“ – ამბობს გიორგი ტუღუში.

მისივე თქმით, მინისტრის ბრძანებაში მითითებულია კონკრეტული პოლიციელების სახელები, გვარები და თანამდებობები.

„მინდა გითხრათ, რომ ეს დოკუმენტაცია, რომელსაც მე გავეცანი, მიუთითებს ამ პოლიციელთა განთავისუფლებისა და დასჯის შესახებ. მეტს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. მე ამას ოფიციალურ მასალებზე დაყრდნობით ვაცხადებ და არა ვინმეს მონათხრობს. ამ დოკუმენტს შს მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები აწერენ ხელს და ეჭვის საფუძველი არ არსებობს», – აცხადებს გიორგი ტუღუში.

რაც შეეხება ფაქტებს, გიორგი ტუღუშის თქმით, საუბარია უშუალოდ იმ ფაქტებზე, რომლებზეც გავრცელებულია არაერთი ფირი და ეს ვიდეომასალა პროკურატურას თავადაც მიაწოდა.

«ესენი არ არიან ის პოლიციელები, რომლებზეც მე საუბარი მქონდა ჩემს რეკომენდაციაში, რომელიც მე პროკურატურას გადავუგზავნე. ამ რეკომენდაციაში მე შევეხე ფაქტებს, რა დროსაც პირები საუბრობდნენ, რომ მათ დაკავების შემდეგ სცემდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ, როცა გამოჰყავდათ კინოთეატრ «რუსთაველიდან».

მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, გამოძიება გაგრძელდება იმ ფაქტებზე, რომელიც ეხება დაკავებულთა ცემას და დაველოდები, პროკურატურა რა სახის გამოძიებას ჩაატარებს და რა შედეგი დადგება, თუმცა, მიმაჩნია, რომ იგივე ამ 16 პოლიციელთა ნაწილის ქმედებები შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტებს.“

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას, რომელიც მოჰყვა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დისციპლინარული წესდების დარღვევას, დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურაც გამოეხმაურა:

“საქართველოს პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება 2011 წლის 26 მაისს კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციის მონაწილეთა უკანონო მოქმედებების აღკვეთისას ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით.

გამოძიების ფარგლებში დაიკითხა ასზე მეტი პირი, მათ შორის ჟურნალისტები. ვინაიდან დადგინდა, რომ ცალკეულ სამართალდამცველთა ქმედებებში იკვეთება დისციპლინური გადაცდომების ნიშნები, ხსენებული ფაქტების შესასწავლად და შესაბამისი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

ამასთან აღსანიშნავია, რომ გამოძიება გრძელდება ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ ფიზიკური ზიანის მიყენების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი