314-ე მუხლი

რა მოხდება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს ან ფორმულირებას შეუცვლის სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლს, რომელიც ჯაშუშობას ეხება?

რა მოხდება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს ან ფორმულირებას შეუცვლის სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლს, რომელიც ჯაშუშობას ეხება?

ჟურნალისტი ლაშა ტუღუში და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლს, ჯაშუშობის განმარტებას უკავშირდება.

მათი თქმით, მუხლი ბუნდოვანია და ქმნის საფრთხეს – ნებისმიერი ადამიანი გასამართლდეს აღნიშნული მუხლით.

სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლი 1999 წლიდან იმგვარად არის ფორმულირებული, როგორც დღეს. თუმცა იგი მიმდინარე წლის 7 ივლისის შემდეგ მოექცა ჟურნალისტებისა და იურისტების ყურადღების ქვეშ, როდესაც ქართველი ფოტორეპორტიორები სწორედ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ჟურნალისტებს და იურისტებს პრობლემას უქმნის 314–ე მუხლის ფორმულირებაში რამდენიმე წინადადება, კონკრეტულად: «საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის, ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა.»

იურისტები ამბობებ, რომ «სხვა ინფორმაცია» და «საქართველოს ინტერესების საზიანოდ» გაუგებარი ტერმინებია და მათ შეიძლება მოერგოს ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა, მაგალითად, ხელისუფლების კრიტიკის შემცველი სტატია.

«არათუ ჟურნალისტებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი აღნიშნული მუხლი», – ამბობს იურისტი სანდრო ბარამიძე – «გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, გამოხატვის თავისუფლების განხორციელების პროცესში გაკეთებული განცხადება, ვიღაცამ შეიძლება მიიჩნიოს რაღაც “სხვა ინფორმაციად”, რომელიც “სახელმწიფო ინტერესებს ზიანს» აყენებს და იმის მიხედვით, მომწონს თუ არა ვინმე, მიჩნეულ იქნას ჯაშუშობად. ეს რა თქმა დაუშვებელია».

ბარამიძე ფიქრობს, რომ ეს ნორმა «სხვა ინფორმაციის» თვალსაზრისით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, გამოხატვის თავისუფლებას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ კანონის ამ ფორმულირებაზე არაფერი იცოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 4 დაკავებული ფოტორეპორტიორის საქმე გახმაურდა, მუხლს გაეცნო და შეშფოთდა.

«ყველამ, ვინც ამ ქვეყანაში ვერ დავმაგრდით რომელიმე მედია საშუალებაში ისე, რომ შევძლოთ ცხოვრება ნორმალურად, გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშავოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ვაქვეყნებთ, შეიძლება მოექცეს ამ მუხლის ქვეშ. ანუ ეს არის ძალიან სერიოზული ბერკეტი, კანონი, რომელიც ხელისუფლებამ შეიძლება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მათ წინააღმდეგ, რომელთაც ევალებათ, მოეთხოვებათ ინფორმაციის გავრცელება, გამოიყენონ მათ წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მათ შორის ერთი პატარა ჭანჭიკი ვარ მე», – ამბობს ჟიჟილაშვილი.

იურისტი სანდრო ბარამიძე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის მიხედვით, რთულია განისაზღვროს – რა არის ჯაშუშობა და რა – არა.

«მუხლის პირველ წინადადებაში წერია: «იკრძალება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოპოვება» – ამის მიხედვით ქცევის პროგნოზირება შეიძლება მე ვიცი – რა მეკრძალება:მეკრძლება სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, მაგრამ შემდეგ ამ მუხლის გაგრძელება არის ასეთი: «ან სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს» – ეს არის ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერი ამ ნაწილში. პირველისგან განსხვავებით, სადაც ვიცი, იმიტომ, რომ სახელწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი განსაზღვრავს, რა არის სახელმწიფო საიდუმლოება, თუ ინფორმაცია არის დასაიდუმლოებული, თუ მას ადევს გრიფით საიუდუმლო, ისე კი არა, რომ ნებისმიერმა ჩინოვნიკმა რაღაც ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოდ მიიჩნიოს, ეს ასე არ არის, ამას განმარტავს კანონი. რას ნიშნავს «სხვა ინფორმაცია» და რას ნიშნავს «სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება»? ამ თვალსაზრისით ნებისმიერი ინფორმაცია, თუ რომელიმე ჩინოვნიკს არ მოეწონა, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ მუხლის დარღვევად, რაც, ფაქტობრივად, არ მიტოვებს შანსს, რომ წინასწარ განვსაზღვრო ჩემს ამა თუ იმ ქცევას რა შედეგი შეიძლება მოყვეს», – განმარტავს ბარამიძე.

ჟურნალისტი ია ანთაძე ამბობს, რომ ჟურნალისტების უნდობლობა გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ მათ შიშს განაპირობებს. ჟურნალისტების შიშის მიზეზი კი სხვადასხვა შინაარსის შემცველი ინფორმაციებია, რომელსაც გადაწყვეტილების მიმღები პირები, კონკრეტულად 4 ფოტოფრაფის დაკავების მიზეზებთან დაკავშირებით ავრცელებენ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს კანონის ამ ნორმას,

ასეთ შემთხვევაში, სარჩელები უნდა შევიდეს საერთო სასამართლოებში, რათა გათავისუფლდნენ ან სასჯელი შეუმსუბუქდეთ ამ ნორმის საფუძველზე გასამართლებულები ან ის პირები, რომელთა მიმართ ამ მუხლითაა დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა.

ჯერ არ არის ცნობილი, თუ როდის შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს. როგორც ლაშა ტუღუში ამბობს, ასევე, განიხილება ამ ეტაპზე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში იქნება შეტანილი.

ასევე, არ არის დაზუსტებული, თუ რა ფორმულირება ექნება სარჩელს. ის, რაც ზუსტად არის ცნობილი, ინიციატორები მოითხოვენ მუხლის იმ ნაწილის გაუქმებას, სადაც საუბარია, მათი აზრით, ბუნდოვან ჩანაწერზე, როგორიც არის პირის მიერ სხვა ინფორმაციის შეგროვება, შენახვა გადაცემა სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


თამარ ჩხეიძე