სამართალი

სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართავს

4 ივლისი, 2011 • 1140
სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართავს

პატიმრის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების რეკომენდაციით სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დეპარატამენტს მიმართავს.

გლდანის #8 დაწესებულებაში განთავსებული პატიმარი მ. არქანია, სახალხო დამცველის აზრით, საჭიროების შემთხვევაში სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. აღნიშნულ რეკომენდაციას წინ სახალხო დამცველთან რამდენიმე თვის მანძილზე პატიმრისა და მისი ადვოკატის მიმართვები უძღვოდა.

სახალხო დამცველის მიერ დღეს, 4 ივლისს, გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველს ამჯერად მალხაზ არქანიას დამ, ნინო არქანიამ მიმართა, რომლის განმარტებით, მისი ძმა ადმინისტრაციის მხრიდან განიცდის ზეწოლას. განმცხადებლის თქმით, მსჯავრდებულის სიცოცხლეს  საფრთხე ემუქრება და საჭიროა მისი სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, არაერთხელ მოინახულეს მსჯავრდებული, რა დროსაც მან რიგ შემთხვევებში დაადასტურა და რიგ შემთხვევებში უარყო მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები, როგორც დაწესებულებაში მოთავსებამდე, ასევე მოთავსების შემდგომ პერიოდში.

პატიმარი პირველად სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა  2011 წლის 24 მაისს  ადვოკატ ლექსო  არქანიას განცხადების  საფუძველზე მოინახულეს და როგორც სახალხო დამცველის მიმართვაშია აღნიშნული, მათთან შემოსულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მ.არქანია იმყოფებოდა  გაუსაძლის პირობებში  და განიცდიდა  ფიზიკურ ზეწოლას. პატიმარმა ახსნა–განმარტება სახალხო დამცველის რწმუნებულებსაც მისცა,  თუმცა, შემდეგ მიცემული ახსნა-განმარტების კონფიდენციალურად დატოვება მოითხოვა.

დღეს, 4 ივლისს, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მ.არქანიას მდგომარეობა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან მის მიმართ შესაძლებელია, მართლაც ხორციელდებოდეს გარკვეული სახის ზეწოლა დაწესებულების ადმინისტრაციისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი