სამართალი

ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე სტრასბურგში

30 ივნისი, 2011 • • 1120
ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე სტრასბურგში

”ტელეარხი 25” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის ყოფილი უფროსის – ზურაბ ბერიძის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში განსახილველად მიიღეს. ზურბ ბერიძემ სასჯელი უკვე მოიხადა და ის პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გაანთავისუფლეს.

ყოფილი მაღალჩინოსანი, პროფესიით იურისტი ზურაბ ბერიძე მიიჩნევს, რომ მან საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლა და ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს სწორედ ამას ედავება. პროკურორ ანზორ უსტიაძის მტკიცებით, (ოფიციალური დოკუმენტი საბრალდებო დასკვნა) თანამდებობაზე მუშაობისას ზურაბ ბერიძემ გეგმური შემოწმება 29 საწარმოში არ ჩაატარა, რის გამოც, პროკურატურის ვერსიით, მან სახელმწიფო 937 ათასი ლარით აზარალა. ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც მისი ბრალეულობა მტკიცდებ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ზურაბ ბერიძეს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბერიძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის მასალებიდან რამდენიმე ფურცელი გაქრა. ამის შესახებ მან ციხიდან წერილობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს – შაქრო აბუსელიძეს აცნობა. აბუსელიძემ კი პატიმრის საჩივარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნა. რა გადაწყვეტილება მიიღი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ამის გარკვევა ”25-ე არხმა” ვერ მოახერხა. ამავე ტელეარხის ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსამართლეების წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 1 116 განცხადებაა შესული. რაც შეეხება ზურა ბერიძის საქმეს, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა იგი არ განიხილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი