სამართალი

უვადო და 30-წლიანი პატიმრობა ტერაქტების მოწყობისთვის

29 ივნისი, 2011 • • 1464
უვადო და 30-წლიანი პატიმრობა ტერაქტების მოწყობისთვის

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა 15 ბრალდებულის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებოდათ ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა, ტერორისტული აქტის ჩადენა. მათგან ერთს სამუდამო პატიმრობა, დანარჩენებს კი 30 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო შენაერთის სპეცსამსახურის თანამშრომელმა ევგენი ბორისოვმა და გალის რაიონის სოფ. ჭუბურხინჯში მშენებარე სამხედრო ბაზაზე მომუშავე მურმან ცხადაიამ, რომელიც თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, შექმნეს ტერორისტული ორგანიზაცია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოსახლეობის დაშინების, არეულობის გამოწვევისა და საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესის ხელყოფის მიზნით. ევგენი ბორისოვმა და მუხრან ცხადაიამ, შემუშავებული წინასწარი გეგმის შესაბამისად, ტერორისტული დაჯგუფების წევრების მელორ ცხადაიას, გოგიტა არქანიას, მერაბ ყოლბაიას და  სხვათა  მეშვეობით 2009 – 2010 წლებში სამეგრელოს რეგიონში და ქალაქ თბილისში განახორციელეს არაერთი ტერორისტული აქტი, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგები. მათ შორის, 2010 წლის 28 ნოემბერს, ქ. თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე ლეობორისტული პარტიის ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად გარდაიცვალა მოქალაქე ნინო გორდეზიანი. გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნენ ტერორისტული ჯგუფის წევრები, თუმცა ევგენი ბორისოვმა, მუხრან ცხადაიამ და მელორ ცხადაიამ   შეძლეს მიმალვა.

საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, საქმის არსებითი განხილვის პროცეში  დაიკითხა 70 ბრალდებისა და დაცვის ორი მოწმე, ასევე 12 ბრალდებული. სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა მხარეთა მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები:  მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ჩხრეკისა და ამოღების ოქმები,სატელეფონო საუბრების ამსახველი დეტალური ამონაბეჭდები, პიროტექნიკური და ქიმიური, ექსპერტიზების დასკვნები, რის საფუძველზეც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

დაკავებულებს ბრალად ედებოდათ  ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, ჯგუფურად ტერორისტული აქტის ჩადენა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და  ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა,  დამზადება და გადაზიდვა.

ყველა მსჯავრდებულს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მათ შორის : მუხრან ცხადაიას სასჯელის უმაღლესი ზომა  უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ხოლო ევგენი ბორისოვს, მელორ ცხადაიას, მერაბ ყოლბაიას, გოგიტა არქანიას, ჯონი აბულაძე,გოჩა ხურცილავას და დავით  კეკუტიას დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ თითოეულს 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი