სამართალი

ნინო ბურჯანაძე: ”ხელისუფლება ბადრი ბიწაძის ლიკვიდაციას გეგმავდა”

27 ივნისი, 2011 • • 997
ნინო ბურჯანაძე: ”ხელისუფლება ბადრი ბიწაძის ლიკვიდაციას გეგმავდა”

ბადრი ბიწაძემ, შესაძლოა, რომელიმე სახელმწიფოს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს. ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს”  ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს, 27 ივნისს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, მას საკუთარ ქმართან ამ თემაზე არ უსაუბრია, თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდება ინტერპოლის მეშვეობით ბადრი ბიწაძეზე ძებნის გამოცხადება, რადგან ის მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც ქართველი სამართალდამცავები ბადრი ბიწაძეს ბრალს სდებენ, ”თეთრი ძაფითაა შეკერილი, ინტერპოლი კი გაცილებით სერიოზულ მტკიცებულებებს ითხოვს.”

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ბადრი ბიწაძე გერმანიაში იმყოფება და  ნინო ბურჯანაძეს მიუნხენში შეხვდა.

”ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ჩემი, ჩემი ოჯახისა და ”სახალხო კრების” შესახებ, სიცრუეა,” – თქვა ნინო ბურჯანაძემ. მისივე განცხადებით,  რომც იცოდეს საკუთარი ქმრის ადგილსამყოფელი, მაინც არ იტყოდა ამას, რადგან პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბადრი ბიწაძის ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ბრალის წაყენების შემდეგ  შეხვდა თუ არა ის ბადრი ბიწაძეს, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ”მე არ ვაპირებ ჩემი და ჩემი მეუღლის პირადი ურთიერთობების ჟურნალისტებთან განხილვას.”

ამავე თემაზე :ნინო ბურჯანაძის ევროტური

მასალების გადაბეჭდვის წესი