სამართალი

განაჩენი მეწარმის გატაცების მცდელობის საქმეზე

27 ივნისი, 2011 • 1075
განაჩენი მეწარმის გატაცების მცდელობის საქმეზე

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადამიანის გატაცების ორგანიზებაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულთა ოთხკაციანი ჯგუფი გაასამართლა.

ქუთაისელი მეწარმის – ავთანდილ გაბადაძის გატაცების მიზნით, მსჯავრდებული კ.მ. დაუკავშირდა დ.ბ-ს, თუმცა მათ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს: პოლიციამ ორივე მათგანი თერჯოლიდან ქუთაისის მიმართულებით მანქანით გადაადგილებისას დააკავა.

საქმის მასალების მიხედვით,  დაკავებისას, მანქანისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები ვაზნებით, 4 პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება, ნიღბები, სამი წყვილი ხელთათმანი, თოკი და წებოვანი ლენტი.

გამოძიების მტკიცებით,  კ.მ.–სა და დ.ბ.–ს ქუთაისელი მეწარმის გატაცების მომზადებაში კიდევ ორი პირი – ბ.ე. და გ.ს. ეხმარებოდნენ. ბ.ე. პოლიციამ ქუთაისში დააკავა, გ.ს. კი ამ დრომდე ძებნილია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, კ.მ.-ს 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დ.ბ.-ს –26 წლით, ბ.ე.-ს –25 წლით, გ.ს.-ს კი – 18 წლის ვადით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულებისა და მათი ადვოკატების მოთხოვნა განსასჯელების უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

,,სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების ვერსიას მათი უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, რადგან იგი არა მხოლოდ ვერ პოვებს დადასტურებას საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით,  არამედ წინააღმდეგობაშია მათთან, რაც ააშკარავებს ბრალდებულების განზრახვას, მოგონილი ვერსიით თავი აარიდონ მოსალოდნელ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას’’, – ნათქვამია განაჩენის სამოტივაციო ნაწილში.

 

 


 


კ.მ.-ს 29 წლით, დ.ბ.-ს 26 წლით, ბ.ე.-ს 25 წლით, გ.ს.-ს კი 18 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი