სამართალი

შსს ოსი პოლიციელების მიერ ქართველი ძებნილების გადმოცემის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს

24 ივნისი, 2011 • • 1899
შსს ოსი პოლიციელების მიერ ქართველი ძებნილების გადმოცემის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს

ოსური საინფორმაციო სააგენტო ”ოსინფორმი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცხინვალელმა სამართალდამცველებმა ქართველ კოლეგებს გუშინ, 23 ივნისს, ორი ძებნილი – ანზორ პარკაძე და ალექსანდრე ნინოშვილი გადასცეს. ამ ფაქტს არ ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძრვანელმა შოთა უტიავშილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ქართველი ძებნილების დაკავებისა და მათი ქართველი სამართალდამცველებისთვის გადმოცემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ცხინვალში მოქმედი მედიასაშუალება. როგორც ”ოსინფორმი”იტყობინება,  ოსმა სამართალდამცველებმა ორი ქართველი რუსების მიერ კონტროლირებად ახალგორის რაიონის სოფელ ძიგლევში 22 ივნისს დააკავეს. დაკავებულებს თან გადაჭრილი თოფი ”აბრეზი” და ხელყუმბარები აღმოაჩნდათ.

”დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ისინი ლენინგორის რაიონში ნათესავებთან იმიტომ იმალებოდნენ, რომ თავი აერიდებინათ სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის და დამალვოდნენ ქართულ პოლიციას,”- წერს ოსური სააგენტო.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ოსმა სამართალდამცავებმა დაკავებულები ქართველ პოლიციელებს გუშინ გადასცეს . ”ოსინფორმის” ინფორმაციით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციიის წარმომადგენელმა შალვა ტრამაკიძემ ”გამოვლენილი ჰუმანიზმის გამო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისადმი მადლიერება  გამოხატა და განაცხადა, რომ ქართული მხარე შესაბამისად შეაფასებს ამ კეთილი ნების აქტს.”

ცხინვალის ხელისუფლების სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, რომ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკებების შედეგად ისინი ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს.

”ოსინფორმი” ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ქართველმა სამართალდამცავებმა ოფიციალურად მიმართეს ცხინვალელ სამართალდამცავებს კიდევ სამი ძებნილის დაკავების შესახებ, რომლებიც ცხინვალის რეგიონს აფარებენ თავს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულ ანზორ პარკაძესა და ალექსანდრე ნინოშვილს ქართველი სამართალდამცავები მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო ეძებდნენ.

 

ამავე თემაზე:

ქართული პარტია შსს–ს ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი