სამართალი

ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატ ქეთი ბექაურის დევნის შესახებ აცხადებს

24 ივნისი, 2011 • • 1554
ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატ ქეთი ბექაურის დევნის შესახებ აცხადებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ხელისუფლების მიერ ადვოკატ ქეთი ბექაურის დევნასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

”ბოლო ერთი თვეა გახშირდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ქეთი ბექაურის მიზანმიმართული დაშინება და დევნა,  ხელისუფლება გადავიდა მასობრივ ტერორზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამოდენიმე დღის წინ ქალბატონ ქეთი ბექაურის ავტომანქანას მიაყენეს სერიოზული დაზიანება, რითიც ხელისუფლებამ  არაპირდაპირ გააფრთხილა ადვოკატი, რომ თავი შეიკავოს იმ ფაქტების გახმაურებისაგან, რაც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამომზეურებას,” – წერს ზაზა ხატიაშვილი თავის განხადებაში.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2011 წლის 23 ივნისს, 13:00 საათზე, ადვოკატმა ქეთი ბექაურმა გამართა პრესკონფერენცია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგ მასალები   წაიღო თბილისის წითელ ჯვრის მისიის ოფისში. ქეთი ბექაურის წასვლის შემდეგ მის ოფისში მივიდა პიროვნება, რომელმაც თავისი თავი წარადგინა, როგორც საშემოსავლო სამსახურის თანამშრომელი და მოითხოვა ქეთევან ბექაურის ადგილსამყოფელის გარკვევა. აღნიშნულმა პიროვნებამ არ გაამჟღავნა საკუთარი სახელი და გვარი და  დატოვა ქეთევან ბექაურის ოფისი.

”აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ადვოკატთა კორპუსის  დევნას,” -აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ”ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოუწოდებს არასამთვრობო სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს, დაიცვას ადვოკატი ქეთი ბექაური  სააკაშვილის რეჟიმის ტერორისაგან და მისცენ შესაძლებლობა, განახორციელოს პროფესიული მოვალეობები.”

ადვოკატი ქეთი ბექაური სასამართლოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ინტერესებს სასამართლოში იცავს, რომელსაც 14-წლიანი პატიმრპობა აქვს მისჯილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი