სამართალი

ვერა დოლიძემ ცოტნე ანანიძე დააპატიმრა

20 ივნისი, 2011 • 2479
ვერა დოლიძემ ცოტნე ანანიძე დააპატიმრა

23 წლის ცოტნე ანანიძეს, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია, მოსამართლე ვერა დოლიძემ წინასწარი ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 21 მაისის “სახალხო კრების” მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილის ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ ანანიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურორმა კი განმარტა, რომ ამ ეტაპზე “საპროცესო შეთანხმებაზე არ საუბრობენ”.

ცოტნე ანანიძის სასამართლო პროცესზე დასწრების ყველა მსურველი სასამართლო დარბაზში უადგილობის გამო არ შეუშვეს. სასამართლო პროცესის დაწყებისას მოსამართლე ვერა დოლიძემ დამსწრეები გააფრთხილა, რომ თუ ვინმე წესების დარღვევას შეეცდება, ყველას დააჯარიმებს. ჯარიმის თანხა ისე გამოაცხადა მოსამართლემ, კოდექსში არ ჩაუხედავს – 50-დან 5000 ლარამდე.

ვერა დოლიძემ პირველი სიტყვა ბრალმდებელ პროკურორს – ფრიდონ ქარცივაძეს მისცა. ქარცივაძის ვერსიით, ცოტნე ანანიძემ პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა (353-ე მუხლი, მეორე ნაწილი) და აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდება სცადა (222-ე მუხლი, მეორე ნაწილი).

ფრიდონ ქარცივაძე: “…სახალხო კრებამ… 21 მაისის აქციაზე… დაახლოებით 18 საათისთვის გადაინაცვლა აჭარის ტელევიზიასთან… 18:30 წუთზე ცოტნე ანანიძემ და… (აქ კიდევ რამდენიმე ადამიანი დაასახელა – ავტ.) გადაწყვიტეს ტელევიზიის ხელში ჩაგდება, რადგან განზრახული ჰქონდათ ხელისუფლების არაკანონიერი გზით შეცვლა”.

პროკურორმა თქვა, რომ 21 მაისს აქციაზე ანანიძემ და სხვებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს პოლიციელებს.

პროკურორმა დაახლოებით 30 მოწმის სახელი და გვარი წაიკითხა, ვისაც განსასჯელის წინააღმდეგ ჩვენება აქვს მიცემული. მათ შორის არიან: ცირა სურმანიძე (აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი) და გენადი ჯაში (აჭარის ტელევიზიის ოპერატორი).

ცირა სურმანიძემ საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებით “ბათუმელების” კითხვას უპასუხა: “თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 19:00 საათზე ყინულის სასახლეში ღონისძიების გადაღება გვქონდა დაგეგმილი, მე ხელი არ შემშლია. მაგ დროისთვის ჯგუფმა ტელევიზიიდან გასვლა ვერ მოახერხა”.

ცირა სურმანიძისთვის დასმულ კითხვას – აქვს თუ არა აჭარის ტელევიზიას სხვა შესასვლელი? ტელევიზიის ხელმძღვანელმა უპასუხა. თეა ცეცხლაძემ ალტერნატიული შესასვლელის არსებობა უარყო. თუმცა, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციის მონაწილეების აღმკვეთი ღონისძიების გასაშუქებლად მისულმა გენადი ჯაშმა “ბათუმელებს” კომენტარზე უარი უთხრა. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ არ იცის არავითარი ჩვენების შესახებ.

პროკურორმა ცოტნე ანანიძის წინასწარი პატიმრობის აუცილებლობა ორი მიზეზით დაასაბუთა: 1. შეიძლება მიიმალოს 2. მოწმეებს დაემუქროს, შეაშინოს.

21 მაისს აქციის შემდეგ ცოტნე ანანიძე თბილისში წავიდა. ის მონაწილეობას იღებდა 26 მაისის აქციაშიც. ბათუმში დაბრუნების შემდეგ კი, როგორც პროკურორმაც დაადასტურა, ანანიძე ორჯერ დაიბარეს დაკითხვაზე და ორჯერვე გამოცხადდა სამართალდამცავებთან. ის მესამე დაკითხვის შემდეგ დააკავეს, მესამედაც საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში. მეტიც, როგორც ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ უთხრა ვერა დოლიძეს, ცოტნე ანანიძემ სამართალდამცავებს პირადი ტელეფონის ნომრის შეცვლის შესახებაც აცნობა, მასთან დაკავშირება რომ არ გასჭირვებოდათ.

მოსამართლისთვის ამ ფაქტების გაცნობის შემდეგ ედიშერ მახარაძემ ვერა დოლიძეს სთხოვა, ცოტნე ანანიძე გამოძიების დასრულებამდე არ დაეპატიმრებინა. ანანიძის ოჯახმა სახელმწიფოს 3 ათასი ლარი შესთავაზა გირაოს სახით.

მხარეთა სხვა არგუმენტების მოსმენის შემდეგ მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა. ამ პერიოდში ცოტნე ანანიძის მეგობრები დაკავებულს საკურსოს შესახებ ესაუბრებოდნენ. დაახლოებით სამ წუთში ვერა დოლიძე დარბაზში დაბრუნდა. მოსამართლემ გამოაცხადა, რომ ცოტნე ანანიძეს აპატიმრებს. ვერა დოლიძეს საჭიროდ არ ჩაუთვლია სასამართლოში შეკრებილი საზოგადოებისთვის განემარტა ის არგუმენტები, რის გამოც დააპატიმრა პოლიტიკურად აქტიური ცოტნე ანანიძე.

“ხომ გაიგე, ცოტნე”, – უთხრა ვერა დოლიძემ წაყენებული მუხლების გამოცხადების შემდეგ…

იმ შემთხვევაში, თუ ცოტნე ანანიძეს ბრალს დაუმტკიცებენ, ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. 222-ე მუხლი 2-დან 4-წლამდე, 353-ე მუხლი კი 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვერა დოლიძემ ცოტნე ანანიძე იმის შესახებაც გააფრთხილა, რომ საქართველოში სასჯელის შეკრების წესი მოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 23 წლის ცოტნე ანანიძე შეიძლება მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 11 წლით დააპატიმრონ.

21 მაისის აქციის შემდეგ აჭარის ტელევიზიისთვის ხელშეშლის ბრალდებით კიდევ 7 ადამიანია დაპატიმრებული. ვერა დოლიძე იმ მოსამართლეთაგანია, რომელსაც ბოლო წლებია თითქმის არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი