სამართალი

ბიწაძეს პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ძებნა არ გამოცხადებულა

20 ივნისი, 2011 • 1345
ბიწაძეს პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ძებნა არ გამოცხადებულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის ახალი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბადრი ბიწაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

«სახალხო კრების» ლიდერის ნინო ბურჯანაძის მეუღლის – ბადრი ბიწაძის მიმართ სამართლებრივი დევნა პროკურატურამ 2011 წლის 30 მაისს დაიწყო. მანამდე კი, 27 მაისს, შსს–მ ოპერატიული ვიდეომასალა განათავსა საკუთარ ვებ–გვერდზე. აღნიშნულ ვიდეომასალაზე მითითებულია, რომ ფარული ჩანაწერი 8 მაისს რესტორან «ზღაპარში» განხორციელდა.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ რესტორანში გაშლილ სუფრასთან შეკრებილი ადამიანები განიხილავენ 2011 წლის მაისში დაგეგმილი აქციების სამოქმედო გეგმას და კონტრ–გეგმას იმ შემთხვევისთვის, თუკი სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების დარბევას დაიწყებს.

ვიდეომასალაში ისმის ირაკლი ბათიაშვილის ხმა, რომელიც საუბრობს იმის თაობაზე,, რომ აქციის ორგანიზატორების მთავარი ძალა არის «ხალხის მასა», რომელსაც «თავში უდგას ორგანიზებული ავანგარდი», როგორიცაა «შეფიცულები» და კიდევ სხვა ძალა – 3000 ორგანიზებული, გამოცდილი ხალხი, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია ვიდეოჩანაწერში არ კონკრეტდება.

ამავე ვიდეომასალაში, ასევე, რამდენიმე ადგილზე მოჩანს ბადრი ბიწაძის კადრები და ისმის მისი ხმა, რომელიც ამბობს:

«სიხარულიძე, რომელიც ბათუმში უხელმძღვანელებს აი, ამ სიტუაციას, ტაქტიკას. მინი თბილისი იქნება იქ, შეიძლება იქ უფრო გავწევთ… ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური, ვინ არის ეს მებრძოლი ხალხი. თუ ვიცით 500 კაცი არ არის და 50 კაცია. იმ 50 კაცზე გავთვლი. უფრო ძნელი იქნება, მაგრამ მაინც შეიძლება იმითაც საქმის გაკეთება».

ვიდეომასალაში უფრო კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს გია უჩავა, რომლის აღიარებითი ჩვენება შსს–მ აღნიშნულ ვიდეომასალასთან ერთად გამოაქვეყნა. უჩავას ჩვენებით, მაისის თვეში მან მიიღო ინფორმაცია, რომ ჩამოყალიბდა ნახევრადგასამხედროებული ორგანიზაცია 3582 კაცის შემადგენლობით, «რომლის შეიარაღებაში შედიოდა ფარები და დროშის ტარები, გამოყენებული როგორც ხელკეტები… უკვე შემდგომ პერიოდში ჟღერდება ბადრი ბიწაძისგან, რომ კარგი იქნებოდა გაკეთებულიყო “რაგატკები”, რომლის სასროლად გამოყენებულიყო რკინის ბურთულები და ამ რკინის ბურთულას შეეძლო ძალიან მძიმე დაზიანება მიეყენებინა ადამიანის სხეულისთვის და, აგრეთვე, ზოგ შემთხვევაში შეიძლებოდა დაღუპულიყო ადამიანი. და უკვე აქციის წინა დღეებში ჟღერდება ინფორმაცია მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებაზე.»

უჩავას ჩვენების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში უნდა მომხდარიყო შეჭრა ტელევიზიაში და საკრებულოს ოფისში, სადაც გამოიყენებდნენ მოლოტოვის კოქტეილებს. მისივე ჩვენებით, აქციის მონაწილე ახალგაზრდულ ჯგუფს დაევალა მაღაზიებისა და მანქანების გაძარცვა.

«აქვე მოდის ინფორმაცია, რომ აქციის გარეთ არის შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შემოვა. ფაქტიურად, 21 ღამიდან ყველაფერს ხელმძღვანელობს ბადრი ბიწაძე აქციის ტერიტორიაზე», – ამბობს გია უჩავა აღიარებით ჩვენებაში.

აღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით, ბადრი ბიწაძეს პროკურატურამ 30 მაისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაუყენა.

ესაა დანაშაული ჩადენილი ჯგუფის მიერ, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

31 მაისს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიწაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 100 ათასი ლარის გამოყენების შესახებ.

პროკურატურის ასეთი გადაწყვეტილება უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმღვანელმა ხათუნა იოსავა «ნეტგაზეთთან» საუბარში ასე ახსნა: „ბიწაძეს აქვს საშუალება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“.

თუმცა ამ დროისთვის ბიწაძის მეუღლეს – ნინო ბურჯანაძეს პრესის წინაშე ღიად ჰქონდა უკვე გაცხადებული, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა და ისიც დაუმატა, რომ მეუღლის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა:

რით ვერ გაიგე, სააკაშვილო, რომ თუ სხვისი შვილები და ოჯახის წევრები ვერ გამომყავს გირაოთი, მაინცდამაინც ჩემი ქმრისათვის იმ გირაოს არ გადავიხდი. ამწუთას ნამდვილად არ ვიცი, სად არის ჩემი მეუღლე და არც მაინტერესებს, გნებავთ, დაიჯერეთ და გნებავთ – არა! რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბადრი ბიწაძე, მე არ ვიცი!“ – ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ 30 მაისს გააკეთა.

1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბიწაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფრდა გირაო 100000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.

«აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას გათვალისწინებული იქნა ის გარემოებები, რომ ბ. ბიწაძეს ბრალად ედება განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული, რომ იგი არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, გააჩნია ქონება გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე, ბრალდებულის პიროვნება, მისი ასაკი და საქმიანობა», – ეს ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლომ საკუთარ ვებ–გვერდზე იმავე დღეს განათავსა.

ბიწაძეს გირაოს შეტანის ვადად შვიდი დღე განესაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პარალელურად, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის, შოთა ხიზანიშვილის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიწაძემ საქართველო დატოვა:

«დიახ, ჩვენი ინფორმაციით, ბადრი ბიწაძე საქართველოში აღარ იმყოფება. ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, რა გზით დატოვა მან ტერიტორია», – განუცხადა ხიზანიშვილმა «პრაიმ–ტაიმს».

ბიწაძეს გირაოს შესატანად მიცემული ვადა 7 ივნისს ამოეწურა, თუმცა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კანონით მინიჭებული უფლება მხოლოდ გუშინ, ანუ ვადის ამოწურვიდან 12 დღის შემდეგ გამოიყენა და სასამართლოს 19 ივნისს მიმართა ახალი შუამდგომლობით ბიწაძის მიმართ, ადრე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) პირობების დარღვევის გამო, უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების შესახებ.

პროკურატურის ეს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა და დააკმაყოფილა კიდეც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიცია მედიას სპიკერ–მოსამართლემ ნინო სანდოძემ გააცნო. მისი თქმით, ”სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ბრალდებულის, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გირაოს თანხა შესაბამის ანგარიშებზე არ ყოფილა შეტანილი, რის საფუძველზეც დაკმაყოფილდა შუამდგომლობის მოთხოვნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა პატიმრობით”.

პროკურატურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი ვერ მოხდება ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი დაკავება, მასზე ძებნა გამოცხადდება.

«ჯერჯერობით, ამ დროისთვის ბადრი ბიწაძეზე ძებნა გამოცხადებული არ არის,» – აცხადებს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა იოსავა.

“ნეტგაზეთი” ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მისმა მდივანმა გვითხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხზე კომენტარს ბიწაძის ადვოკატი გააკეთებს და შესაბამის ინფორმაციას ამის თაობაზე მოგვიანებით მოგვაწოდებს.

ბადრი ბიწაძე წლების მანძილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მას საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეჭირა. აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მეუღლე – ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას გაემიჯნა და საკუთარი ოპოზიციური გაერთიანება შექმნა. ბურჯანაძეს მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეჭირა.

 

ამავე თემაზე:

პროკურატურამ ბადრი ბიწაძის დაპატიმრება მოითხოვა


მასალების გადაბეჭდვის წესი