ხელოვნება

UNBESITO-თბილისის ფორუმზე დაწერილი წიგნი

18 მაისი, 2011 • • 3083
UNBESITO-თბილისის ფორუმზე დაწერილი წიგნი

forum.ge
forum.ge

Unbesito, ჩახვედი რანჩოზე. მერე?

ასე დაიწყო წიგნის წერა თბილისის ფორუმზე ვინმე Unbesito-მ. ვირტუალურ სივრცეში შექმნილი წიგნის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაცია რეალურ ლიტერატურის მუზეუმში შედგა.

„ჩემო მეგობარო!

თუ ამ ნაწერმა შენამდე მოაღწია, ესე იგი ყველაფერი კარგად არის! ჩვენ უფრო შორსაც წავალთ და ბევრჯერ გავაოცებთ ერთმანეთს.

შენი ჯორჯ უნბესიტო”

ეს არის სამახსოვრო წარწერა წიგნისა, რომელიც გამოსცა „პირველმა ქართულმა ელექტრონულმა გამომცემლობამ“. წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 17 მაიასს ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა, ჰქვია“ამათი პრობლემები მოგვცა…“, მისი ანონიმი ავტორის  მეტსახელია UNBESITO.

UNBESITO-სა და პირველი ქართული ონლაინ რომანის ისტორია ქართულ ფორუმზე – forum.ge-ზე პოლიტიკის განყოფილაბაში მორიგი თემის გახსნით დაიწყო.  UNBESITO სწორედ ამ ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებელია.

დისკუსია თემაში აშშ-ზე საუბრითა და „ნიუსვიკში“ გამოქვყნებული სტატიის ციტირებით იწყება და ამერიკელთა განათლების ხარისხზე საუბრით გრძელდება. ამ დროს ჩნდება ფორუმის მომხარებელი Waters, როემლიც წერს: „სადმე ტეხასში, ჯორჯიაში ან ალაბამაში ჩამაგდო, მომცა 5000 ჰექტარი მიწა, 1000 სული ძროხა, ბაბუაჩემისგან შემორჩენილი ვისკის ამოუწურავი მარაგები, ახალი დოკ რამი… არ შევეცი მერე ამ ისლედოვატელებს? J“

ამ დროს ჩნდება UNBESITO, რომელიც წერს:

„მე მომიწია ცხოვრება მასეთ  ფერმაში. აი, როგორ იყო: ….“ და UNBESITO ფორუმელებს უყვება, თუ როგორ დაპატიჟა ლას-ვეგასში გაცნობილმა მდიდარმა ფერმერმა საკუთარ რანჩოზე, რათა ხმის გამცემი ჰყოლოდა და როგორ დაუნიშნა ხელფასი 5 000$.

უცებ ჩნდება კიდევ ერთი ფორუმელი, რომელიც ინკოგნიტო „იუზერს“ ეკითხება:

„ჩახვედი რანჩოზე, მერე?“ -ამასობაში კი ონლაინ–რომანის წერა მკითხველის მონაწილეობით დაწყებულია, თუმცა, ფორუმელთა ნაწილი თემაში მხოლოდ რამდენიმე გვერდის შევსების მერე ხვდება, რომ „რაღაც რიგზე ვერ არის.“ სანამ მიხვდებოდნენ, რომ მათ მონიტორებზე ონლაინ რომანი იწერებოდა, „იუზერები“ ხან თავსგადამხდარ ამბებს უწუნებდნენ, ზედმეტად ბანალურიაო, ხანაც კი თავიანთ ამბებს ჰყვებოდნენ: „მე ვიყავი დაახლოებით ესეთ მიყრუებულ ადგილას ჩრდილოეთ კაროლინაში.. ოღონდ შენი კიდევ უფრო მიყრუებულია.. მე dial-up მაინც მქონდაა.“  UNBESITO კი ისე აგრძელებდა „საკუთარი“ ამბების თხრობას, რომ ძნელიც იყო მის სიტყვებში ეჭვის შეტანა. აი, მაგალითად: „სამზარეულო უფრო ადრე მოვძებნე, მაცივარი იყო, აი, დიდუბეში რომ 20 –ტონიანი მაცივრებია, რაღაც ეგეთი.“ ერთხელ იმასაც კი იხსენებ,ს როგორ მოენატრა ლაღიძის წყალი და ხაჭაპური.

ფორუმში გახსნილი მეხუთე თუ მეექვსე გვერდზე „იუზერები“ ინკოგნიტო ავტორისგან უკვე კატეგორიულად მოთხოვენ ამბის გაგრძელებას, უკვე ჩანს, რომ ზოგიერთ ფორუმელს სამსახურში აგვიანდება, ზოგიერთი გაგრძლების მოლოდინში აღამებს და ათენებს, ზოგს კი ბავშვები უბრაზდებიან კომპიუტერის დიდხანს დაკავებისთვის.  UNBESITO-ს თხრობაში კი ჩნდება ამერიკელი ჟურნალისტი -კეტრინ დონოვანი, რომელიც მას ძალიან მოსწონს, თუმცა მასთან ინტიმური ურთიერთობისგან თავს იკავებს. ამასობაში კი ცნობისმოყვარე „იუზერები“ „გუგლში“ სასწრაფოდ ეძებენ ვიღაც ჟურნალისტს-კეტრინ დონოვანს, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს UNBESITO-ს მიერ აღწერილ ქალს. მკითხველები ავტორისგან დაჟინებით მოითხოვენ დადასტურებას, ეს მართლა „ის კეტრინია თუ არა.“

„ისე კეტრინი ტყუილა არ გაუშვა, თორემ შენზე აზრი დამეკარგება“ – ესეც სასურველი გაგრძელების პირველი დაკვეთა მკითხველისგან ავტორს. მთელი რომანი ფაქტიურად ამ რეჟიმში იწერებოდა. მაგალითად, UNBESITO წერს, რომ კეტრინთან სექსი ჰქონდა, თუმცა იქვე დასძენს, რომ ფორუმზე „ბანის ასაცილებლად“ ინტიმურ დეტალებს არ ჩაუღრმავდება. ამ დროს იხუვლა ფორუმმა და ერთხმად მოითხოვა სქესობრივი აქტის დეტალური აღწერა. ავტორმა მკითხველის მოთხოვნა მალევე შეასრულა.

მკითხველისგან UNBESITO-მ კიდევ ერთი შეკვეთა მიიღო, რომელიც ჯერ არ შეუსრულებია, მას ეს თხოვნა რამდენჯერმე გაუმეორეს: „ჩემი შეკვეთა არ დაგავიწყდეს, პუტინი უნდა ჩაძაღლდეს.“  ამასობაში კი რომანის მთხრობელი, უმბესიტო, იგივე ჯორჯი(გიორგი), შარში გაეხვევა. აშშ-ს ფედერალური ბიურო დასაჭერად მოსდევს, ევროპაში გარბის, იქ ბანკში იწყებს მუშოაბას, მერე ციხეში ხვდება, ციხიდან თავს აღწევს… მოკლედ, ნამდვილი მძაფრსიუჟეტიანი ამბავი ვითარდება. სიუჟეტის გამძაფრებასთან ერთად აქტუალური ხდება UNBESITO-ს სახელი, ასაკი, რეალური საცხოვრებელი ადგილი… ინკოგნიტო ავტორი ყურადღების ცენტრშიც მოექცა და ფორუმზე მოყოლილი მთელი ამბავი წიგნადაც გამოიცა.

რადიო „პალიტრის“ეთერში სატელეფონო ჩართვისას UNBESITO-მ თქვა, რომე ეს არის წიგნი „მამაძაღლ ავანტიურისტ ქართველზე“ და აქ მოყოლილი ამბები სიმართლეა, „წყალი არ გაუვა.“

ინკოგნიტო ავტორი არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის ნეტგაზეთს დაჰპირდა, რომ ლიტერატურის მუზეუმში პრეზენტაციაზე თავადაც იქნებოდა და მასთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობაც ექნებოდათ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ხრიკი პრეზენტაციაზე ჟურნალისტების მისაზიდად მოიგონეს. UNBESITO პრეზენტაციაზე მართლაც გამოჩნდა, ოღონდ მხოლოდ რამდენიმე წუთით. პრეზენტაციის ორგანიზატორებმა მასთან „სკაიპის“ ვიდეოზარის საშუალებით შეძლეს დაკავშირება. ინკოგნიტო ავტორმა მკითხველებს, თანაფორუმელებს და ლიტერატურის მუზეუმში მისულ ხალხს მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ რომანზე მუშაობას გააგრძელებს.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს ონლაინ რომანის გამოცემა, გამომცემელმა კახა დავითურმა უპასუხა, რომ „ეს არის ნოვაცია, ინტერაქტიული რომანი, რომლის მსგავსიც აქამდე არ გამოცემულა.“ მისივე თქმით, წიგნის მეორე ნაწილი სექტემბერში დაიბეჭდება.

„ნახევარი წავიკითხე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მშვიდად და ლაღად წავიკითხე. თავიდან ვიფიქრე, რომ დიდად საინტერესო არ იქნებოდა, თუმცა შევცდი,“ – ასე შეაფასა ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ UNBESITO-ს ნაწარმოები.

ფილოლოგმა გია მურღულიამ კი ის რამდენიმე მიზეზი დაასახელა,  რის გამოც ონლაინ–რომანი ღირებულად მიაჩნია, რადგან ამბავი „არ მთავრდება და მუდმივი მოლოდინი არსებობს. გარდა ამისა, „აქვს სტილი, რომელიც არ გააჩნია სხვა ქართველ ავტორებს“ და ასევე, „მკითხველი არის ისტორიის მონაწილე და დამკვეთიც კი“.

გია მურღულიას მიაჩნია, რომ ეს არის „ძალიან საინტერესო კაცის გამოჩენა, რა თქმა უნდა, თუ ეს დებიუტია.“

ონლაინ რომანისთვის ფორუმ.გე-ზე უკვე ორი თემა გაიხსნა. პირველი 100 გვერდის შევსების შემდეგ მეორე თემა შეიქმნა, სადაც გვერდების რაოდენობამ ორ ასეულს გადააჭარბა. პრეზენტაციაზე კი ონლაინ რომანის ათეულობით ეგზემპლარი გაიყიდა.

თავად წიგნის ანონიმი ავტორი  პრეზენტაციას რამდენიმე საათის შემდეგ ფორუმ.გე-ზე ასე გამოეხმაურა: „პრეზენტაციაზე ცოტა დამაგვიანდა. ბლომად ხალხი იყო. ერთი პირობა ვიფიქრე, გავბრუნდები–მეთქი. ძროხა მყავდა კიდევ მიყვანილი. ვერავის დაუტოვე. იქვე მივაბი, ალექსანდროვის ბაღში, ხეზე. დარბაზში რომ შევედი, თვალში მომხვდა დიდი პლაკატი, ჩემი სიტყვები ეწერა ზედ. ჩემო მეგობარო, თუ შენამდე ამ წიგნმა მოაღწია და რაღაცეები. აიფონზე სკაიპი ჩავრთე, “ნაუშნიკი” გავირჭე ყურში. უნდა მიმემართა იქ მყოფებისთვის. შემეძლო, პრინციპში ლაშა ბაქრაძისთვის მიკროფონი გამომერთმია, მაგრამ თავი შევიკავე. ეშმაკს არ ძინავს, სახის გამოჩენა „ხზ“ ივარგებს თუ არა. რამოდენიმე ქვეყნის პოლიცია რომ გეძებს, უფრო ფრთხილი ხდები. მიუსვლელობაც არ იქნებოდა, ამდენ ხალხს შევპირდი და.. თან ეს ხალხი ჩემი ოჯახის წევრებივით გახდა. მენატრებიან ხოლმე  ჰო, რომ გამოაცხადეს ფორუმელებმა, ხელი აწიეთო, ერთმა ჭარმაგმა კაცმა მკითხა, შვილო, ფორუმი რა არის, გუბაზ სანიკიძის პარტიაო ? მე ვუთხარი, ჰო– მეთქი და იმან, ასე როგორ შეიძლება ყველაფრის გაპოლიტიზირებაო. “

მიუხედვად UNBESITO-ს მტკიცებისა, რომ წიგნის პრეზენტაციისას „გვერდით ოთახში“ იყო, ფორუმის ადმინისტრატორები წერდნენ, რომ „იუზერი“ UNBESITO პრეზენტაციის დროს  ფორუმ.გე-ზე საქართველოს ფარგლებს გარედან პოსტავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი