კინოხელოვნება

კინოდოკუმენტალისტების თქმით, 2016 წელს სახელმწიფო დაფინანსების გარეშე რჩებიან

1 მარტი, 2016 • 1686
კინოდოკუმენტალისტების თქმით, 2016 წელს სახელმწიფო დაფინანსების გარეშე რჩებიან

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსს 2016-2017 წლებში წარმოების დასაფინანსებლად სექტემბერში გამოაცხადებს. კინოდოკუმენტალისტების აზრით, ცენტრის ეს გადაწყვეტილება 2016 წელს დოკუმენტურ კინოწარმოებას შეაფერხებს და ამჟამად განვითარების ეტაპზე მყოფი პროექტები ვეღარ განხორციელდება. მათთვის ცენტრის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ წელს კონკურსი აღარ ცხადდება, დოკუმენტური ფილმების პროექტების განვითარებისთვის ნოემბერში გაცემული თანხები კი იკარგება.

“ეს იმას ნიშნავს, რომ 2016 წელი ჩაგვივარდება. ბევრი ფილმი დარჩება განუხორციელებელი იმის გამო, რომ სექტემბერში გამოცხადებული ფილმებისათვის თანხები არ გაიცემა დეკემბრამდე. ყოველ შემთხვევაში, წარმოება გადავა 2017 წელს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს კონკურსები იყოს ციკლური; ვიცოდეთ პროდიუსერებმა, როდის არის კონკურსი, რომ განვსაზღვროთ ფილმის დაფინანსების სტრატეგია. ფინანსურად ფილმი ხომ მარტო კინოცენტრის თანხებით არ იქმნება, გვჭირდება სხვა ფონდები და ამ ფონდებმა რომ დაგვაფინანსოს, ადგილობრივი თანხების მოძიებისთვის განრიგი უნდა ვიცოდეთ,” – ამბობს დოკუმენტალისტი ანა ძიაპშიპა.

კინოცენტრს კონკურსების გამოსაცხადებლად ფიქსირებული დრო არ აქვს დაწესებული. რაც ძიაპშიპას თქმით, დამატებით პრობლემებს ქმნის. მაგალითად, წელს კინოცენტრმა ინფორმაცია კონკურსის თარიღის შესახებ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ანა ძიაპშიპამ ამასთან დაკავშირებით მოსაზრება  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.  ამის შემდეგ კინოცენტრმა განაცხადა, რომ კონკურსი ჩატარდება, თუმცა მოგვიანებით.

!!! წელს კინოცენტრი არ აცხადებს დოკუმენტური ფილმების კონკურსს, სამაგიეროდ ამავე წელს დაინიშნა მხატვრული ფილმების მეორე …

Posted by Anna Dziapshipa on Monday, 29 February 2016

 

“ჩვენ არც კი ვიყავით ინფორმირებული და ჩემი სტატუსის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია ცენტრმა თავის ვებგვერდზე. ყურადღება არ მოგვაქციეს,  არც კი ჩაგვაყენეს საქმის კურსში. კარგია, რომ ახლა რაღაცნაირად ცოტა ადრე გავიგეთ და შევეცდებით, შევცვალოთ ეს პროცესი,” – ამბობს ძიაპშიპა.

ანა ძიაპშიპას მისი კოლეგებიც უერთდებიან. დოკუმენტალისტებმა უკვე შექმენს პეტიცია და კინოცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ. ისინი მოითხოვენ, რომ  დოკუმენტური ფილმების წარმოების კონკურსი 2016 წლის გაზაფხულზე გამოცხადდეს და მომავალშიც ამ კონკურს ჰქონდეს ციკლური ხასიათი.

ასევე, კომისია დაკომპლექტდეს პროფესიონალებისგან, რომლებსაც კარგად ესმით დოკუმენტური ფილმის სპეციფიკა და ტენდენციები. მათი აზრით, ასევე უნდა გადაიხედოს დოკუმენტურ ფილმებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების სტრატეგია.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი საზიანო გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა ხდებოდეს ერთპიროვნულად და მსგავს შემთხვევებში სექტორი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული,” – აცხადებენ პეტიციის ავტორები.

პეტიციას უერთდებიან დოკუმენტური კინოს რეჟისორები და პროდიუსერები: არჩილ ხეთაგური, ნინო ორჯონიკიძე, მარი გულბიანი, თეკლა მაჭავარიანი, მარიამ ჭაჭია, რატი ონელი, ნინო ჯინჭარაძე, ლაშა ხალვაში, ლაშა ცქვიტინიძე.

ეროვნულ კინოცენტრში ნეტგაზეთის კითხვებს 1 მარტს არ უპასუხეს. მათ ვებ-გვერდზე გავრცელებულ გაცხადებაში კი ნათქვამია, რომ ცენტრი ყველა მიმართულებას განსაზღვრული სტრატეგიით უდგება. 2016 წელს კინოცენტრის ხელშეწყობით სხვადასხვა პლატფორმაზე 12-მდე დოკუმენტური ფილმის პროექტი ვითარდება. მაგალითად კი ის პროექტებია მოყვანილი, რომლებიც ახლა “განვითარების პროცესში” არიან.

კინოცენტრის ინფორმაციით, მათი ფინანსური მხარდაჭერით 2016 წელს 4 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი დასრულდა, მონტაჟის პროცესშია 5 დოკუმენტური ფილმი, გადაღების პროცესშია 4, ხოლო განვითარების ეტაპზეა 8 დოკუმენტური ფილმის პროექტი.

დოკუმენტალისტების თქმით, სასურველი იქნება, დოკუმენტურ კინოს სათანადო ყურადღება დაეთმოს ცენტრის მხრიდან. ეროვნული კინოცენტრი დოკუმენტური კინოს კონკურსს სექტემბერში აცხადებს, მაშინ, როდესაც მხატვრული კინოს კონკურსი ახალი წესის მიხედვით წელიწადში ორჯერ ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი