კინოხელოვნება

”ბახმარო” – დროისა და სივრცის მიღმა

19 აპრილი, 2011 • 2423
”ბახმარო” – დროისა და სივრცის მიღმა

“სხედან და ელიან” – ეს პერიფრაზა ამეკვიატა სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმის ”ბახმარო” ყურების დროს და მერეც, როცა ცალკეულ სტატიკურ კადრად ამომიტივტივდებოდა ხოლმე. სხედან და ელიან ერთ დროს სასტუმრო ”ბახმაროს”, ახლა კი მულტიფუნქციური შენობის ბინადარნი. ცოტა სიურრეალისტური,  ცოტაც კაფკიანური გარემო  რეჟისორის წარმოსახვის შედეგად არ დაბადებულა – ეს რეალობაა, ყოველდღიური, ჩვეულებრივი, მაყურებლისგან განსხვავებით უცნაურადაც რომ არ აღიქმება იქაურებისთვის, სადაც რაიონული ცენტრის მთელი ”ინფრასტრუქტურაა” თავმოყრილი: ადგილობრივი ადმინისტრაცია და ერთმანეთის მონაცვლე პარტიების ოფისი (კონსერვატორებს, რომელთა არსებობას მხოლოდ ფასადზე გაკრული აბრა გვაუწყებს და ვეჭვობ, რომ არა მხოლოდ მაყურებელს, არამედ იქ მაცხოვრებლებსაც თვალით არ უნახავთ, ქრისტიან-დემოკრატები ცვლიან), ლტოლვილთა საცხოვრებელი და რესტორანი, სასურსათო მაღაზია და ”სილამაზის სალონი”… ჩინელებსაც კი მოუღწევიათ თითქოს ღვთისგანაც და ადამიანებისგანაც მივიწყებულ ამ ადგილამდე თავიანთი იაფფასიანი საქონლით და მაღაზიის წინ გამოკიდულ წითლად მოელვარე ფარანს საბოლოო შტრიხი შეაქვს ფასადის კიჩურ და საოცრად ”პლასტიკურ” კომპოზიციაში.

სალომე ჯაში ობსერვაციის, დაკვირვება-თვალთვალის პოზიციას ირჩევს და არც მაყურებელს აჩქარებს; ის თავადაც დისტანციურია და არც მაყურებლის სენტიმენტებით მანიპულირებას ცდილობს. დასაწყისში, რამდენიმე წუთის განმავლობაში ფასადს მიჩერებული კამერა მთელი  ფილმის მსვლელობისას ამა თუ იმ ობიექტს ”ამოიჩემებს” და მონუსხულივით შეჰყურებს. თითქოს ისიც ”დაამუნჯა” ამ მძიმე და ერთფეროვანმა ყოფამ, როგორც ფილმის პერსონაჟები, ფანჯარას რომ გასცქერიან და აქა-იქ მოკლე-მოკლე კომენტარებით გამოელაპარაკებიან ხოლმე ერთმანეთს. აქ დრო, უბრალოდ, არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს სივრცე კლაუსტროფობულ შენობაში, სადაც ბნელ დერეფანში მიწოლილ ძაღლსაც კი დაუკარგავს მოძრაობის, გადაადგილების სურვილი. უკიდურესად სტატიკური კადრები გაყინული, გაჩერებული დროის ატომოსფეროს ზუსტად გადმოსცემენ, თუმცა მეჩვენება, რომ ფილმის ავტორები (რეჟისორი და ოპერატორი) ზოგჯერ ზედმეტად ხაზგასმულად ინარჩუნებენ გარემოსა თუ პრობლემის ასახვისთვის ადეკვატურად და შესანიშნავად მოძებნილ მანერას. თუნდაც ისევ და ისევ დაკვირვების მიზნით (მაყურებელი კი მისდა უნებურად უდავოდ ერთვება ამ ვუაიერისტულ პროცესში, რაკიღა ერთი საათის მანძილზე არაფერი იცვლება, ის გარემოსა და ადამიანების საგულდაგულოდ შესწავლას იწყებს) ცალკეულ ეპიზოდებში გიჩნდება სურვილი, რომ კამერამ ოდნავ გვერდზე გაიწიოს – თუნდაც ზანტად, ისე, რომ ვერც მიხვდე, როგორ შეიცვალა პოზიცია და საშუალება მოგეცეს, კარგად დაათვალიერო, მაგალითად, მუსიკალური წრის ოთახი, დაინახო თეთრი როიალი, რომლის ფეხი კადრის კუთხეში შემოჭრილა და რომელიც ისეთივე კიჩურ და სიურრეალისტურ ელემენტად აღიქმება იმ გარემოში, როგორც  რესტორნის მჭახე, ფოსფორირებადი წითელი და მწვანე, სუბურბანულ ანდერგრაუნდს რომ უფრო გამოადგებოდა. ალმოდოვარისთვის შესაშური ფერები უდავოდ შთამბეჭდავ კინემატოგრაფიულ სურათს ქმნის, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ფიქრობ, რომ რეჟისორი ცოტა ზედმეტად გაერთო ფაქტურული დაკვირვება -აღწერილობით და ფილმი დრამატურგიულად შეუკვრელი დარჩა. მესმის, რომ უაღრესად რთულია, აჩვენო მონოტონური, რუტინული გარემო ისე, რომ თან აბსოლუტური სტატიკურობის შეგრძნება აღძრა და თან ფილმის განმავლობაში მაყურებელს მუდმივად (ან პერიოდულად) შეაპარო ახალი რაკურსი. ფილმი ერთ რეგისტრში იწყება და იმავე რეგისტრში მთავრდება.

თუმცა დასასრულისკენ ნაჩვენები ორი ეპიზოდი უდავოდ ძლიერ ემოციას იწვევს. ჩინელები კეტავენ მაღაზიას, რომელსაც ვერ ამუშავებენ  და სადღაც მიიბარგებიან.  ჩარაზული კარის წინ დიდხანს ფუსფუსებენ ბავშვები და სასურსათო მაღაზიის გამყიდველი მოხუცი ქალი. ამჯერად ისინი უთვალთვალებენ, შემინული კარის მიღმა ათვალიერებენ,  მათთვის გამოსადეგი რაიმე ნივთი ხომ არ დარჩა შიგნით. შენობას რესტორნის მეიჯარეებიც ტოვებენ, მათ ნაცვლად სხვები მოდიან. იცვლება სახეები, მაგრამ არ იცვლება კომპოზიცია – ისინიც მდუმარედ მისხდომიან ქაღალდის ფერადი ხელსახოცებით გაწყობილ მაგიდას, უემოციოდ გასცქერიან ფანჯარას და ელიან…

”თავისთავად, რესტორან ბახმაროს გმირები, დროში ჩარჩენილი ერთფეროვნებით, აუცილებლად აღძრავენ მაყურებელში სევდიან გრძნობებს…” – წერს კინოკრიტიკოსი სალომე კიკალეიშვილი თავის რეცენზიაში ”ცვლილებების მოლოდინში დაკარგულები”, რომელიც, არ დაგიმალავთ, გახდა ჩემი წერილის ინსპირაციის წყარო – არა იმიტომ, რომ ფილმი უნაკლოა და მისმა კრიტიკულმა შეფასებამ გამაკვირვა (მით უმეტეს, რომ ნებისმიერ საუკეთესო მხატვრულ ტექსტს შეიძლება გამოუჩნდეს ოპონენტი), არამედ იმ აქცენტების გამო, რაც სტატიაში გამოიკვეთა – ”რამდენჯერ უნდა ვნახოთ წინსაფრიანი ქალბატონები ცელოფანგადაკრულ მაგიდებთან ან დროში გაყინული პროვინციები? ნუთუ ამ გაყინული სივრცეების კიჩი ისევ საინტერესოა ჩვენთვის? .. რა უნდა აღმოგვეჩინა ამ ფილმით? ის, რომ დედაქალაქის გარეთ (თუ შიგნით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) არის ადგილი, სადაც ყველაფერი ძველებურადაა, სადაც ადამიანები მძიმე რეალობაში, უკან, წარსულში ცხოვრობენ და დღესაც კაკაოსფერი ჟიგულებით დადიან? თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ეს სურათი ათასჯერ მაინც გვქონია ნანახი”.

არ ვიცი, ჩემმა კოლეგამ სად ნახა ათასჯერ ეს სურათი თანამედროვე ქართულ კინოში. მე, პირადად, ბევრი არ მინახავს.  არ ვგულისხმობ სოციალურ თემაზე გადაღებულ ტელე/კინო-რეპორტაჟებს. ”ბახმაროს” სტილისტიკა კარდინალურად განსხვავდება რეპორტაჟისგან (რაც სალომე ჯაშის წინა ფილმებში -„ერთ-ერთი მინისტრი” და  ”პატრიოტთა ბანაკები” – შეინიშნებოდა). მასში ძალზე კონკრეტული, აუთენტური გარემოს ჩვენების მიუხედავად, ერთი ლოკალური ადგილის რეპრეზენტირება არ ხდება (სიმპტომურია ფილმის სახელი – ბახმარო, რომელიც გეოგრაფიული აღმნიშვნელი არ არის) და მართლაც არ აქვს მნიშვნელობა, მოქმედება ”დედაქალაქის გარეთ ხდება თუ შიგნით” – ასეთ სურათს ნებისმიერ რეგიონში თუ ქალაქის გარეუბანში შეიძლება წააწყდე. უსიამოვნოა, ძალიან უსიამოვნო  და უსასოო ეს რეალობა, რომელსაც გაურბიხარ, თუკი გაქვს ამის საშუალება (ფილმის პერსონაჟებისგან განსხვავებით). აღარ გინდა, ხანგრძლივად მას უყურო, მით უმეტეს, მასზე იფიქრო.

”მსგავსი სოციალური „ეგზოტიკა” საფესტივალო წარმატებისათვის გარანტირებულია” – ასე ამთავრებს სალომე კიკალეიშვილი სტატიას და მეეჭვება, რომ სწორედ სოციალური ეგზოტიკის ხილვას ისურვებდა თავად:  ”ფილმი, რომელშიც პერიოდულად შეიძლება აღმოაჩინო სასაცილო პასაჟები, გაცილებით მოქნილი იქნებოდა, 15 წუთის ქრონომეტრაჟი რომ ჰქონოდა”. და რა გამოვიდოდა? ცოტა დანანებით თავსაც გადავაქნევდით – საწყლები, რა საცოდავ დღეში არიანო (ამ დროს, ალბათ, სიამოვნებით კოკა-კოლასაც მოვწრუპავდით იმაზე ფიქრით, რომ ჩვენ ბედმა გაგვიღიმა), ცოტა ქედმაღლურადაც გავიცინებდით ”დაკუნთულმკლავებიან” ქალებსა და ”ბეჩავ” პერსონაჟებზე და ამასობაში ფილმიც დამთავრდებოდა ისე, რომ დაღლასაც (მით უმეტეს, ფიქრს) ვერ მოვასწრებდით.

დაახლოებით ერთი თვის წინ ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე, სადაც ფილმის ჩვენება-განხილვა მიმდინარეობდა, გამაოცა ავტორების არხეინმა და კინოსადმი სრულიად ზერელე დამოკიდებულებამ. ”ფილმზე მუშაობისას კარგად გავერთეთ” – ერთხმად გაიძახოდა ყველა. და ეს იყო ერთადერთი სათქმელი, რაც ჰქონდა 12 რეჟისორს მთელი გადაცემის განმავლობაში სრულმეტრაჟიან ნამუშევარზე. ალბათ, ესეც თანამედროვე ქართული კინოს კრიზისული მდგომარეობის გამოვლინებაა, როცა ფილმი, რომლის კეთებისასაც ავტორები ერთობიან, მაყურებელს ვერ ართობს და პირიქით – ფილმს, რომელსაც არც აქვს მიზნად მაყურებლის გართობა, სთხოვ, ”სასაცილო ეპიზოდებით” მოკლედ და სხარტად მოგიყვეს ამბავი.

P.S. მთელი ჩემი გონება უკვე მთლიანად კანის ფესტივალით არის მოცული. წელს მაინც განსაკუთრებული ”ვარსკვლავთცვენაა”, რომელთა შორის ერთ-ერთი, ვის ფილმსაც ყველაზე მეტად ველოდები, აკი კაურისმიაკია. რეჟისორი, რომელიც კვლავ და კვლავ უბრუნდება თავის ”ათასჯერ ნანახ კინოს”, ”ცელოფანგადაკრული” საგნებით მოწყობილ გარემოს, ”ბეჩავ” გმირებს და მუდმივად გვახსენებს ყოფიერების უსამართლობასა და უსასოო სევდას.

BAKHMARO – some scenes for Georgian broadcasters from sakdoc film on Vimeo.

მასალების გადაბეჭდვის წესი