ხელოვნება

წერილი ტომ სოიერს

4 აპრილი, 2011 • 3591
წერილი ტომ სოიერს

„ტომ!

პასუხი არ არის“.  – ასე იწყება წიგნი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა ბავშვობაში. თუმცა, რატომ ბავშვობაში, „ტომ სოიერის თავგადასავალი“ ახლაც ჩემი საყვარელი წიგნების ჩამონათვალშია.

პირველად ტომ სოიერი გამახსენდა, როცა გავიგე, რომ 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა. ტომს ბევრს ვუმადლი. ეს იყო პირველი წიგნი, რომლის ფურცლები დამარცვლით, ხმამაღლა და დიდი ვაი-ვაგლახით წავიკითხე. სამაგიეროდ მისი დამსახურებაა, რომ თავისუფლად კითხვა ვისწავლე და აღარ მაშინებდა დიდი ტექსტები დიალოგების გარეშე  (ბავშვებს არ უყვართ წიგნის ის გვერდები, სადაც დიალოგები არ არის).

არ მჯერა, როცა ამბობენ, რომ ბავშვებს დღეს კითხვა არ უყვართ. ბავშვებს კი არა, უფროსებს არ უყვართ კითხვა: არ სცალიათ, პრობლემები აქვთ, წიგნი  ძვირი ღირს… თუმცა არსებობს ბიბლიოთეკა, წიგნების თხოვებაც შეიძლება და ბოლოს და ბოლოს, არც ისე ძვირი ღირს ახალი გამოცემები, რომ მონდომებულმა ადამიანმა თვეში ერთი წიგნის შეძენა ვერ შეძლოს. იმავე რაოდენობის თანხას და გაცილებით მეტს ხომ ადვილად ვხარჯავთ საკმაოდ უსარგებლო წვრილმანების შესაძენად?!

ასე რომ, მშობელმა, რომელიც თვეების მანძილზე ერთ წიგნსაც არ კითხულობს, ბავშვის დადანაშაულებას, ჩემი აზრით, თავი უნდა დაანებოს. მით უფრო, რომ გამოცდილია, რაც უფრო ხშირად ეტყვი ბავშვს – წაიკითხე, მით უფრო ნაკლებად მოუნდება წიგნის ხელში აღება. ან რატომ უნდა გააკეთოს ბავშვმა ის, რასაც მშობლები არ აკეთებენ?!

2 აპრილი, საბავშვო წიგნის დღის გარდა, დანიელი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეც არის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სწორედ გენიალური მეზღაპრის დაბადების დღე გამოაცხადა საბავშვო წიგნის დღედ საბავშვო წიგნების საერთაშორისო საბჭომ 1967 წელს. 2 აპრილს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამომცემლობები იწვევენ ცნობილ საბავშვო მწერლებსა და  მხატვრებს, იმართება წიგნის ბაზრობები. თუმცა, ამ დღესასწაულს ალბათ კიდევ ერთი თავისებურება აქვს, შეუძლია „დიდებს“ გაახსენოს ის წიგნები, რომლებიც განსაკუთრებით უყვარდათ.

ტყულია, ბავშვების და დიდების საკითხავი მხატვრული ლიტერატურა ცალ-ცალკე არ არსებობს. არსებობს კარგი ლიტერატურა, თუმცა ყველამ ვიცით, ბავშვობაში წაკითხულ წიგნებს სულ სხვა გემო აქვს. ასე არ არის?!

ტომი გაიხსენეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი