ხელოვნება

აურზაური მოდის გამო

1 აპრილი, 2011 • • 1383
აურზაური მოდის გამო

რუსთაველის თეატრის ფოიეს ის ნაწილი, სადაც ქართველმა მოდელებმა ფრანგი კოლექციონერის, ბასტიან დე ალმეიდას კოსტუმები წარმოადგინეს, ჩვენების დაწყების წუთიდანვე ისე დავიწროვდა, რომ  ჩვენების ბოლოს მოდელებისთვის ადგილი  თითქმის აღარ დარჩა.

მოდელებისთვის განკუთვნილ სცენას ხან ოპერატორები და ფოტოგრაფები ავიწროვებდნენ, ხანაც – მაყურებლები. საბოოლოდ კი,  ჩვენების დასასრულს სცენა ორჯერ დავიწროდა და  დამოკლდა.

ჩვენება დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით, 21:30 საათზე, დაიწყო. ორგანიზატორებმა ყველა ფოტოგრაფი და ოპერატორი გააფრთხილეს, არ ასულიყვნენ კიბეზე, არ შეეშალათ ხელი მოდელებისთვის, ხოლო დარბაზში მყოფ  მაყურებლებს დისტანციის დაცვა სთხოვეს.

GFW by netgazeti.ge
GFW by netgazeti.ge

ჩვენებაზე მაყურებლებისთვის განკუთვნილი სკამები არ იდგა. მოდელები არც  ოდნავ ამაღლებულ სცენაზე გამოდიოდნენ, არც რაიმე სხვა სახის ბარიერი იყო გავლებული.

როგორც კი მუსიკა ჩაირთო და პირველი მოდელი სცენაზე გამოვიდა, მაყურებლებმა ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. ერთ–ერთი ოპერატორი უკან გაყვა მოდელს, რომ მისთვის გადაესწრო და ისეთ პოზიციაში დამდგარიყო, საიდანაც უკეთ მოახერხებდა გადაღებას.

ათობით ოპერატორის, ფოტოგრაფის და ჟურნალისტის მცდელობამ, კადრი დაეჭირათ, მთელი ჩვენება ერთ დიდ აურზაურად აქცია.

მოდელს, რომელიც ბასტიან ალ მეიდას კოლექციიდან მორიგ რეტრო კოსტუმს წარმოადგენდა, სცენაზე ენაცვლებოდა რომელიმე ტელეარხის ოპერატორი. ის მაყურებელს არ უღიმოდა, არც კაბას აფრიალებდა, მაგრამ სწრაფად გარბოდა და საქმიანი სახით კადრებს იღებდა.

ჩვენებაზე წარმოდგენილი რამდენიმე ათეული კოსტუმი ბასტიან დე ალმეიდას ძველი კოლექციიდანაა. ფრანგი კოლექციონერი მე–20 საუკუნის 50–ანი წლებიდან აგროვებს კოსტუმებს. მის კოლექციაში ინახება მერლინ მონროს, მარლენ დიტრიხის, გრეტა გარბოს და სხვა ცნობილი მსახიობი ქალების სამოსი.

Georgain Fashion week by netgazeti.ge
Georgain Fashion week by netgazeti.ge

საქართველოს მოდის კვირეული 31 მარტს გაიხსნა. მოდის კვირეულზე, რომელიც სამი აპრილის ჩათვლით იმართება,  19 დიზაინერი, მათ შორის სამი უცხოელი, წარმოადგენს შემოდგომა–ზამთრის 2011/12 წლების კოლექციას.

საქართველოს მოდის კვირეულს კომპანია „fashion group” ატარებს, რომლის პარტნიორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველია.

მოდის კვირეულის გახსნას არ ესწრებოდა  დავით ბაქრაძე. თუმცა მაკა მეტრეველის სტუმრებს შორის რამდენიმე პოლიტიკოსი იმყოფებოდა: გიგი წერეთელი, პეტრე ცისკარიშვილი, ვატო ნაცვლიშვილი.

კომპანიამ პირველი კვირეული  2010 წელს გამართა.  კომპანიის ოფიციალური ინტერნეტ გვერდის ცნობით, არსებობის მანძილზე  კვირეულმა 35 დიზაინერის კოლექცია წარმოადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი