ხელოვნება

კინოცენტრი ორ ანიმაციურ ფილმს დააფინანსებს

12 თებერვალი, 2016 • 2297
კინოცენტრი ორ ანიმაციურ ფილმს დააფინანსებს

ეროვნული კინოცენტრის გამოცხადებულ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გადსაღებად კონკურსში ორმა პროექტმა „ჯიბის კაცი” და „ზოლემია” გაიმარჯვა.

კინოცენტრის ცნობით, “ჯიბის კაცი” შეეხება პატარა არსება ედგარს, რომელსაც ვერავინ ამჩნევს, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ერთ დღეს ბრმა მოხუცს გაიცნობს და მისი გულის ჯიბეში დაიდებს ბინას, ედგარისთვის ახალი და საინტერესო ცხოვრება იწყება.

კინოპროექტის ავტორი ახალგაზრდა ქართველი ანიმატორი ანა ჩუბინიძეა. “ჯიბის კაცი”  პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი იქნება, რომელზეც საქართველო და საფრანგეთი ერთობლივად იმუშავებენ.

საფრანგეთის ქალაქ ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენის შემდეგ, ანიმაციურმა სტუდიამ „ფოლიმაჟ” ანას ნამუშევარზე შეაჩერა არჩევანი და ახალგაზრდა ანიმატორი სცენარზე და კადრირებაზე სამუშაოდ საფრანგეთში მიიწვია.

„ჯიბის კაცის” წარმოება 1 წლის მანძილზე გაგრძელდება. აქედან პირველი 6 თვე ფილმზე მუშაობა დაგეგმილია საქართველოში, შემდეგი 6 თვე კი საფრანგეთში.

კონკურსის მეორე გამარჯვებულის, „ზოლემია” ავტორი  ნინა სამანიშვილია. კინოცენტრის ცნობით, ეს პროექტიც ახალი ცხოვრების დაწყებას ეხება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ზებრის ისტორიაა, რომელიც ერთ დღეს ზოლებს დაკარგავს.

“ამ დაავადებას ზოლემია ქვია და იგი ყველაფერს ცვლის მთავარი პერსონაჟის გარშემო, თუმცა მხოლოდ სასიკეთოდ. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გამოიყურები, მთავარია იპოვო შენი დანიშნულება და მოწოდება ცხოვრებაში”, – ასე აღწერს ფილმს კონოცენტრი 12 თებერვალს გავრცელებულ პრესრელიზში. 

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსი 2015 წლის 29 სექტემბერს გამოცხადდა და მასში 9 პროექტი მონაწილეობდა. კონკურსის 2 ტურის შემდეგ საექსპერტო კომისიამ საბოლოო არჩევანი 2 პროექტზე შეაჩერა.  ეროვნულმა კინოცენტრმა თითოეული პროექტი 75 000 ლარით დააფინანსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი