ხელოვნება

‘აგვისტოს ხუთი დღის’ პრემიერა გადაიდო

16 მარტი, 2011 • • 1214
‘აგვისტოს ხუთი დღის’ პრემიერა გადაიდო

რენი ჰარლენის რუსეთ–საქართველოს ომზე გადაღებული ფილმის პრემიერა ისევ გადაიდო. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ფილმს სახელწოდება მესამედ შეეცვალა და ‘აგვისტოს ხუთი დღე’ ეწოდა, ფილმის პრემიერის თარიღად მარტი სახელდებოდა. ნეტგაზეთისთვის დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ფილმის ჩვენება მინიმუმ მაისამდე არ გაიმართება.

ამერიკელი რეჟისორის რენი ჰარლენის ფილმის პროდიუსერი კობა ნაყოფია ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ფილმის ჩვენება დისტრიბუტორებთან შეუთანხმებლობის გამო ზაფხულამდე გადაიდო.

„სამწუხაროდ, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, დისტრიბუტორების გადასაწყვეტია. ფილმის დისტრიბუტორი დაინტერესებულია, რომ იგი ფართო მაყურებელმა ნახოს. ბრიტანელებს  ფილმის პრემიერა მაის–ივნისში, ამერიკელებს კი აგვისტოში უნდათ. შეიძლება მოხდეს კომბინირებული ვარიანტიც, ევროპამ უფრო ადრე გაუშვას და ამერიკამ –მოგვიანებით”.

მინიმუმ მაისამდე ფილმის პრემიერა არ შედგება. რაც შეეხება საქართველოს, ფილმის ჩვენება გაიმართება იმ ქვეყანასთან ერთად, რომელიც პირველი გაუშვებს ფილმს კინოეკრანებზე.

ამ დროისათვის ფილმის დისტიბუტორებს “აგვისტოს ხუთი დღე” რამდენიმე ქვეყანაში აქვთ გაყიდული. მათ შორისაა– ამერიკა, კანადა, დასავლეთ ევროპა, იაპონია. ფილმი არ არის გაყიდული აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ–ს ქვეყნებზე.

კობა ნაყოფია ვარაუდობს, რომ უახლოეს ერთ თვეში რენი ჰარლენის ფილმს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც გაყიდიან.

ფილმის პროდიუსერი არ აკონკრეტებს თუ რა თანხა დაჯდა ფილმის გადაღება. ფილმების ინტერნეტ ბაზის ინფორმაციით კი აგვისტოს ხუთი დღის ბიუჯეტი ოცი მილიონი დოლარია.

 

ამავე თემაზე:

ფილმი რუსეთ–საქართველოს ომზე

მასალების გადაბეჭდვის წესი