ხელოვნება

პაციფისტის ”ომობანა”

10 მარტი, 2011 • • 2466
პაციფისტის ”ომობანა”

წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსაში დღეს, 10 მარტს, მწერალ ბასა ჯანიკაშვილის რომანის ”ომობანას” პრეზენტაცია გაიმართა.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მწერლის უკვე მესამე წიგნი გამოსცა.”ომობანაში” ორი ომია– მიკროომი, რომელიც ოჯახში ვითარდება და რეალური ომი, რომელიც ოჯახის წევრებს შორის გახსნილი ფრონტის ხაზის მიღმა ვითარდება.

”ჩვენ თვისებად გვექცა, დავივიწყოთ ის დრამები, რომელთა მოწმეებიც და მონაწილენიც ვართ. მე ლიტერატურული ფატალიზმის მჯერა. ის, რაც ლიტერატურად აღიწერება,  რეალურად აღარ ხდება”,-ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.

ომის აბსურდულობა და იდიოტიზმი – ეს ბასა ჯანიკაშვილის წიგნში მთავარია – ფიქრობს ლაშა ბუღაძე. ”ომობანას კითხვისას გამახსენდა ჩემი შეგრძნება, რა ნათლად ვაცნობიერებდი აგვისტოს ომის დროს, რომ რაღაც აბსურდში ვარ”

ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე

2008 წლის ომის შემდეგ, ომის თემატიკაზე დაწერილი რამდენიმე წიგნი გამოვიდა.მათ შორის ზაზა ბურჭულაძის ”ადიბასი”, თამთა მელაშვილის ”გათვლა” და  ბასა ჯანიკაშვილის ”ომობანა”.

სამივე შემთხვევაში ომი სიუჟეტის ძირითადი ხაზის ერთგვარი ფონია.

კითხვაზე, თუ რატომ მოხდა, რომ ომი მხოლოდ ფონია, მწერლებს სხვადასხვა პასუხი აქვთ.

”თავად ომზე წერა და ომის გმირებზე წერა, რაღაც გაგებით, შეიძლება ანაქრონიზმიც არის. მედიამ წაართვა ტრაგიზმის განცდა ლიტერატურას. იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ორი წლის მანძილზე ვხედავთ კადრს, დაბომბილი ქალაქის და ქალის, რომელსაც ფეხი არ აქვს და ყვირის მიშველეთო, ფენომენი უნდა იყო, აღწერო ისე, რომ აჯობო ტელევიზიას. შესაძლებელია ამიტომაც გმირობის და ჰეროიზმის აღარავის სჯერა. რიგითი, არაფრით გამორჩეული ადამიანების საუკუნეა. ლიტერატურაც ეპოქის გამოხატულებაა”,-ამბობს ბასა ჯანიკაშვილი.

ბუღაძე კი ფიქრობს, რომ მწერლები არ გაცდნენ საკუთარი შეგრძნების არეალს. ამიტომაც აფასებს ომის თემაზე დაწერილ სამივე წიგნს, როგორც ”ძალიან გულწრფელს”.

”განსხვავებით მთელი იმ მაკულატურისგან, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ იქმნებოდა და იყო პათეტიკური, სადღეგრძელოს მსგავსი”.

”ომობანას” ერთგვარი მოტივატორი იყო პიესა, რომლისგანაც შემდეგ რომანი გაჩნდა. ერთი წლის წინათ მთარგმნელმა და კრიტიკოსმა, მაია მამალაძემ მწერლებს პიესების შექმნა სთხოვა ომის თემაზე. პიესის დასრულების შემდეგ ბასა ჯანიკაშვილი მიხვდა, რომ მას სათქმელი კიდევ დარჩა. სწორედ დარჩენილი სათქმელით და უკვე დაწერილი პიესით დაიწერა ”ომობანა”.

ამბობს,  რომ არა აგვისტოს ომი, არც რომანს დაწერდა.

”პაციფისტი ვარ, შეგნებით და მორალით და ცხოვრების წესით. ვფიქრობ, რომ ომი აბსურდია და არ არის გამოსავალი. ეს წიგნიც ამაზეა”,-ამბობს ბასა ჯანიკაშვილი.

���� �����������
���� �����������

მასალების გადაბეჭდვის წესი