ხელოვნება

7 საუკეთესო წიგნი 2015 წელს

31 დეკემბერი, 2015 • 5351
7 საუკეთესო წიგნი 2015 წელს

პაატა შამუგია

მიშელ უელბეკი – „მორჩილება”

უელბეკი

უელბეკი

Index Librorum Prohibitorum – ასე ერქვა აკრძალული წიგნების ნუსხას, რომელშიც უამრავი წიგნი იყო შეტანილი და მორწმუნე კათოლიკეებს მისი წაკითხვა, ცხადია, ეკრძალებოდათ. დიდი ხანი სულაც არაა გასული, რაც ეს სია გააუქმეს, თუმცა, ახლაც რომ „მოქმედებდეს“, მასში უელბეკის უკლებლივ ყველა რომანი მოხვდებოდა. ცენზურაზე საუბარი სხვა დროს, თუმცა, ამას დიდად მაინც ვერ ავცდებით, როცა ჩვენი დროის ყველაზე პროვოკატორ მწერალზე ვსაუბრობთ, უფრო ზუსტად კი, მის ბოლო რომანზე „მორჩილება“.

დაუმორჩილებელი მწერლის რომანს „მორჩილება“ რომ ჰქვია, არის ამაში რაღაც სიმბოლური. თუმცა, ეს მხოლოდ მცირე დეტალია. მთავარი კი ისაა, რომ რომანის გამოსვლისთანავე მთელი მსოფლიო უელბეკის ავ წინასწარმეტყველებაზე ალაპარაკდა.

სხვათა შორის, მიშელი იქამდეც ეჭვმიტანილი იყო გლობალური პროცესების ამოცნობაში, თავის რომანში „პლატფორმა“ მან 11 სექტემბერი იწინასწარმეტყველა, უფრო მეტიც, აღმოსავლეთიდან დაძრულ მილიონობით მიგრანტზე უელბეკი სიტყვა-სიტყვით წერდა წლების წინ შექმნილ რომანში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორმა მომავალში იმოგზაურა და საკუთარი თვალით ნახა „მიგრაციის ნაკადები, რომლებიც სისხლძარღვებივით ქსელავდნენ მთელ ევროპას“.

აი, ასეთი ვინმეა უელბეკი. ამიტომაც შეაშფოთა ევროპა და განსაკუთრებით, საფრანგეთი ანტიუტოპიურმა „მორჩილებამ~, რადგან აქ ევროპელთათვის არც ისე სახარბიელო პერსპექტივაა დახატული: 2022 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რადიკალი მუსლიმი კანდიდატი იმარჯვებს, შედეგად, გარდაუვალი ხდება ქვეყნის გამუსლიმება. ვფიქრობ, უელბეკი ასეთი დაუნდობელი არც ერთ რომანში არ ყოფილა. ევროპა, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა, მორჩილების მეტაფორად იქცევა – ასეთია მწერლის სასტიკი განაჩენი. ვნახოთ, 2022 წლამდე რაღა დარჩა. წესით, კი უნდა მოვესწროთ.

ჯონ მაქსველ კუტზეე – „იესოს ბავშვობა“

კუტზეე

კუტზეე

მართალია, უელბეკის „მორჩილება“ ჩინებული რამეა – სარკასტული, პროვოკაციული და ამავდროულად, სევდიანი, მაგრამ ანტიუტოპიაზე თუ მიდგება საქმე, ამ ჟანრში მე სულ სხვა ფალავანი მყავს. ჯონ მაქსველ კუტზეეს „იესოს ბავშვობა“, უბრალოდ, შეუდარებელია. რაც მთავარია, ამ სტილისგან დაცლილ სამყაროში არის მწერალი, რომლის ხელწერას ყველაზე უხეირო მკითხველიც ამოიცნობს. ნობელიანტი მწერლის ერთ-ერთი ბოლო რომანი ნამდვილი რებუსია, განგებ დაუსრულებელი, ორ(და მეტ)აზროვანი ასოციაციებით, აყირავებული რელიგიური და სოციალური პარადიგმებითა და ძალიან, ძალიან დახვეწილი ფსიქოლოგიური ნიუანსებით.

მოქმედება მიმდინარეობს გაურკვეველ ქვეყანაში, თავისებურ „ახალ მიწაზე“, სადაც ადამიანები მიდიან სისტემისგან ამორეცხილი მეხსიერებით. მათ წარსული ამოუშალეს, არ ახსოვთ საკუთარი სახელიც კი. მთავარი პერსონაჟი საიმონი გადაეყრება კიდევ უფრო მთავარ პერსონაჟს _ დეივიდს, რომლებიც ერთობლივად იწყებენ ამ უკანასკნელის (დეივიდის) დედის ძიებას.

მაგრამ ჩნდება კითხვა: რა შუაშია იესოს ბავშვობა ამ ყველაფერთან? ამის ასახსნელად ახალი რომანის დაწერა იქნებოდა საჭირო. თუმცა, მიგანიშნებთ, რომ დეივიდი, სინამდვილეში, იესოს ალეგორიაა, რომელიც სისტემასთან მებრძოლ ბავშვადაა გამოსახული. მამამისი საიმონი კი მამაღმერთის სიმბოლური სახეა, რომელმაც იესო ხელახლა უნდა „დააბადებინოს“ აინესს (დედას), ოღონდ, რასაკვირველია, უბიწოდ, რათა დამოწმდეს ის, რაც წერილ არს.

ძალიან გირჩევთ ამ წიგნს!

ჟოზე სარამაგუ – „იესოს სახარება“

სამარაგუ

სამარაგუ

როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ადამიანები, ღმერთებიც ბავშვობიდან მოდიან. თუმცა, კუტზეესგან გასხვავებით, მეორე ნობელიანტი, ჟოზე სარამაგუ უკვე მოწიფულ იესოზე წერს. „იესოს სახარება“ ქრისტეზე დაწერილ რომანთაგან, ერთ-ერთი ყველაზე „კანონიკურია“. და ამის მიუხედავად, თითქმის სრულად აყირავებს იესოზე ჩვენს შეხედულებებს. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მთავარი სასწაული, ლაზარეს აღდგინება, აქ საერთოდ არ მოხდება. მარიამ მაგდალელი (რომელიც რომანის მიხედვით, იესოს ცოლია) ქრისტეს ყურში წასჩურჩულებს: „არავინაა ქვეყანაზე ისე ცოდვილი, რომ ორჯერ მოკვდეს.“ და ეს ფრაზა იქნება გადამწყვეტი. ცხადია, ეს ყველაფერი ბიბლიის საკმაოდ თამამი ინტერპრეტაციაა, მაგრამ, სინამდვილეში, ესაა ყველაზე ზუსტი ჰუმანიზმი, ყველაზე რაციონალური სიყვარული და ყველაზე ქრისტიანული ქრისტეც, თუ გნებავთ.

P.შ. ბრონქიალური ასთმა თუ გაქვთ, არ გირჩევთ – გრძელ-გრძელი წინადადებები უყვარს სარამაგუს და შეიძლება, სუნთქვა არ გეყოთ.

უმბერტო ეკო – „მტრის ხატის შექმნა“

უმბერტო ეკო

უმბერტო ეკო

უმბერტო ეკო საქართველოში ესეისტიკით გავიცანით. სტუდენტობის დროს მის მცირე ნაშრომს „ინტერნეტიდან გუტენბერგამდე~ ქსეროასლებით დავარბენინებდით, ვუკითხავდით ერთმანეთს და გვიხაროდა, რომ სადღაც შორეულ იტალიაში არსებობდა კაცი, რომელსაც ასე მოხდენილად წერა შეეძლო. მერე უკვე „ვარდის სახელი“ გამოჩნდა, სულ ახლახან „პრაღის სასაფლაო” ითარგმნა და რამდენიმე სხვაც. მაგრამ „მტრის ხატის შექმნა“ სულ სხვა ჟანრია. ის უმბერტო ეკოს ზეპირი გამოსვლებისა და ლექციების კრებულია. ამ სათაურის მქონე წიგნი საქართველოში, წესით, ბევრს დააინტერესებს – ჩვენ ხომ მუდმივად მტრის ხატის შექმნით ვართ დაკავებულნი – ერიც, ბერიც… თუმცა, ეს თემა ჩვენი ეროვნული ექსკლუზივიც არ ყოფილა, უფრო მეტიც, ისტორიის მოშველიებით, ეკო მტრის ხატების ძალზე საინტერესო ნაკრებს გვთავაზობს, ნაციონალური, ესთეტიკური და ისტორიული მრავალფეროვნების მიხედვით. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ესეს თემაა. ეკო აქ ისტორიის, ლიტერატურისა და რელიგიის ენციკლოპედიურ ცოდნასთან ერთად, კულინარიის, ასტრონომიის, კარტოგრაფიის, ენტომოლოგიისა თუ კოსმოლოგიის ცოდნის უჩვეულო უნარს ავლენს.

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, მენდეთ, ცოტათი უფრო განათლებულები იქნებით, ვიდრე იქამდე იყავით. სინჯეთ!

ვუდი ალენი – „ჩემი აპოლოგია“

ვუდი ალენი

ვუდი ალენი

ყველა პლატონი ვერ იქნება, რომ „სოკრატეს აპოლოგია” დაწეროს. მაგრამ, თუ გაგიმართლა და, ვუდი ალენი ხარ, შეგიძლია, საკუთარი თავის აპოლოგია შეთხზა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი, რომელიც ტრაგიკომიკურის ფილიგრანული სინთეზით გვიპყრობს ხოლმე, მწერლობაშიც ამ ხაზს მიჰყვება. კაცმა რომ თქვას, მისი ფილმებიც მწერლობაა – ოსტატურად აწყობილი ფაბულით, შემყოლიებელი დიალოგებითა თუ გულისმომკვლელი მონოლოგებით.

ვუდის უშნო სათვალიდან ყოველთვის სევდიანი თვალები მოჩანს, თუმცა, შიგადაშიგ ჭინკებიც გაუკრთება და ალბათ მაშინ წერს ასეთ ფრაზებს: „ნუ ფიქრობ, რომ სიკვდილი დასასრულია. მონახე დადებითი მხარე – ეს შესანიშნავი გზაა, ვალებისგან ერთბაშად გათავისუფლდე.“

და თუ სიკვდილს ჯერ არ აპირებთ, ვუდის სხვა ორიგინალური რჩევებიც აქვს. მაგალითად, თუ ქართველი ხართ და, შესაბამისად, გიყვართ „სმა-ჭამა დიდად შესარგი”, ამავდროულად, ხართ მორწმუნეც და ყოველი დანაყრებისას რელიგიური სინდისის ხმა გაწუხებთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ – ვუდი ალენმა ამ ორი ინსტინქტის შერწყმა უკვე მოახერხა: „დავასკვენი, თუ ღმერთი ყველგანაა, მაშინ საჭმელშიც იქნება-მეთქი. და თან, რაც მეტს ვჭამ, უფრო უნდა ვივსებოდე ღმერთით-მეთქი. ამ რელიგიური ფანატიზმით აღტყინებული, გამოვსკდი. ექვსი თვის შემდეგ წმინდათა წმინდა ვიყავი, გული სულ ლოცვით მქონდა სავსე, მუცელი კი იმხელა გამიხდა, უკვე ქვეყნის საზღვარსა ჰკვეთდა.“

ეს მოთხრობები უკვე ქართულადაც არის და მისი დაგემოვნებით, ვფიქრობ, ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად, ჯანმრთელი იუმორის დიდ ნაკადსაც მიიღებთ.

მო იენი – „ღვინის ქვეყანა“

მო იენი

მო იენი

ჩინურიაო, როცა ვამბობთ, ვგულისხმობთ, რომ რაღაც ისეთთან გვაქვს საქმე, მთლად სანაქებო ხარისხით რომ არ გამოირჩევა. თუმცა, „მალხევადი” სამოსისა და „მალცვეთადი“ კედების მიღმა, ჩინეთს მწერლობა აქვს. უფრო სწორად, დიდი, შთამბეჭდავი, და ნუ მოვერიდებით ამ სიტყვას, გენიალური მწერლობაც კი.

მო იენი ჩინეთის უკანასკნელი ნობელიანტი და უკიდურესად ორიგინალური ხელწერის მქონე მწერალია. მას ჰალუცინაციური რეალიზმის დამფუძნებლად მიიჩნევენ და საფუძვლიანადაც – აქ აღწერილი ისტორიები, პერსონაჟები და სიტუაციები ფხიზელი გონებისთვის სრულიად მიუწვდომელია. და როცა ვკითხულობ, თითქოს ჩვენც ჰალუცინაციური ზეგავლენის ქვეშ ვართ.

„ღვინის ქვეყანა~ კომპლექსური რომანია, რომელიც გროტესკისა და გადაჭარბების გამოყენებით, ეგზომ ეგზოტიკურ იდეებში გვახედებს. და რაც მთავარია, ამ რომანის წაკითხვისას ვხვდებით, რომ ნებისმიერი საზღვარი პირობითია, რომ ჩინეთი და საქართველო (გეოგრაფიული დასაზღვრულობის მიუხედავად), ფაქტობრივად, არც კი განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, ჩინეთსაც ჰქონია ამბიცია, იყოს ღვინის ქვეყანა, ჩინელებსაც ჰყვარებიათ მძლავრი სტომაქისმიერი „ივენთები“, ჩინელებსაც სცოდნიათ ალკოჰოლის დაძალება (პატივისცემის ნიშნად), ჩინელებსაც სცოდნიათ გულისგამაწვრილებელი სადღეგრძელოები და ა.შ. ერთი სიტყვით, კითხულობ „ღვინის ქვეყანას“ და რწმუნდები, რომ ჭეშმარიტი ჩინელი ხარ.
ჩინებული წიგნია! სხვათა შორის, ტერმინი „ჩინებული“ ჩინურს ნიშნავს. ანუ ძალიან კარგს, დიდებულს, საჩინოს. ასე ხედავდნენ ჩვენი წინაპრები ჩინეთს. დროა, ჩვენც ასე შევხედოთ. მითუმეტეს, რომ მო იენი მართლაც ჩინებული ჩინელია.

სვეტლანა ალექსიევიჩი – „ჩერნობილის ლოცვა“

სვეტლანა ალექსიევვიჩი

სვეტლანა ალექსიევვიჩი

და ბოლოს, სვეტლანა ალექსიევიჩი – წლევანდელი ნობელის მოულოდნელობა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კონკურენტები არიან ჰარუკი მურაკამი, ჯოის კეროლ ოუტსი და ფილიპ როთი. რთული წარმოსადგენია. კიდევ უფრო რთულია, ამ სამ გრანდთან გამარჯვება. წლევანდელი ნობელი ამითაც იყო საინტერესო – ავტორიტეტები გვერდზე დარჩნენ და წამოიწია მან, ვისი ხმაც დღეს ალბათ ყველაზე მკაფიოდ უნდა ისმოდეს – ჩაგრულთა, ტანჯულთა და დავიწყებულთა ხმამ. ალექსიევიჩის „ჩერნობილის ლოცვა~ ნობელამდე კარგა ხნით ადრე ითარგმნა. ეს არის რომანი-ანამნეზი, რომელიც საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ ტრაგედიას ეძღვნება. ავტორმა თავად ჩაწერა ამ კატასტროფაში მონაწილე ასობით ადამიანი და მათი ემოციები უშუალოდ გადმოიტანა. ეს ის წიგნია, რომელსაც თანამედროვე მომხმარებლური, ტექნოლოგიებისგან თავბრუდახვეული ადამიანიც უემოციოდ ვერ წაიკითხავს. ან როგორ შეიძლება, ემოციები გვერდზე გადადო, როცა კითხულობ ისტორიას გოგოს შესახებ, რომლის შეყვარებული მის თვალწინ, ფაქტობრივად, დადნა და „რადიაქტიულ ნივთიერებად“ იქცა. და ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა, ასეთი ტრაგედიები ამ წიგნის ყველა გვერდზე შეგხვდებათ. და მისი წაკითხვით მხოლოდ თანალმობის უნარს კი არ გავიღრმავებთ, ისტორიასაც სხვა თვალით შევხედავთ.

P.შ. ერთი ანტირეკომენდაციაც მექნება: ნუ იყიდით ე.ლ. ჯეიმზის „გრეის 50 ელფერს“. არ ღირს ფულის ფლანგვა.

მომზადებულია ჟურნალისთვის “საახალწლო საკითხავი”, რომელიც გამოიცა კომპანია “ანაგის” მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი