ხელოვნება

Sepultura საქართველოში

27 ნოემბერი, 2015 • 1385
Sepultura საქართველოში

ლეგენდარული ბრაზილიური მძიმე მეტალ ჯგუფი Sepultura, 30 წლის საიუბილეო მსოფლიო ტურის ფარგლებში, 27 ნოემბერს, პირველად ისტორიაში, თბილისს ეწვია.

კონცერტის რამდენიმე ასეული მსმენელი, კლუბ Art Venue Elektrowerk–ში, საბჭოთა პერიოდის ძველი ქარხნის შენობაში შეიკრიბა, რომლის მიგნებაც, მიუხედავად ფეისბუქზე განთავსებული რუქისა, მსმენელთა უმეტესობისთვის არც ისე ადვილი აღმოჩნდა.

კონცერტი 21:30 საათზე დაიწყო და ორ საათს გაგრძელდა. სეტლისტი დაპირებისამებრ მრავალფეროვანი იყო. იგი მოიცავდა სიმღერებს, როგორც ჯგუფის ძველი შემადგენლობის (მაქს კავალერას პერიოდის 1984 -1997) დროინდელი ალბომებიდან, ისე ახალი სოლისტის – დერეკ გრინის მოღვაწეობის პერიოდიდან (1997-დან დღემდე). მათ შორის: Breed Apart, Cut-Throat, (Roots, 1996), Choke (Against, 1998), Inner Self (Beneath the Remains, 1989),  Territory, Biotech Is Godzilla, Chaos A.D. (Chaos A.D., 1993), Bestial Devastation (Bestial Devastation, 1985), Arise (Arise, 1991) და Motorhead-ის სიმღერის – Orgasmatronის ქოვერი (Arise–ის 1997 წლის ალბომიდან). კიდევ ერთი ჰიტი Roots–იდან  – Ratamahatta, Sepultura-მ ქართული როკ ჯგუფის – Vanilla Cage–ის წევრებთან ერთად შეასრულა. შოუ კი Roots-ის ალბომიდან, კიდევ ერთი, ყველასთვის საყვარელი ჰიტით – Roots Bloody Roots-ით დახურეს.

გარდა ამისა, მათ შეასრულეს გუფის 30 წლის იუბილისთვის სპეციალურად დაწერილი სიმღერა – SepulturaUnder My Skin, რომელიც ჯგუფის გულშემატკივრებს მიუძღვნეს. „განსაკუთრებით კი იმ გულშემატკივრებს, რომელთაც სხეულზე სეპულტურას ტატუ აქვთ ამოსვირინგებული“ – თქვა ანდრეას კისერმა კონცერტის მსვლელობისას.

Locomotive Promotion–ის წარმომადგენლის, ზუკა მაჭავარიანის თქმით, მოლაპარაკებებს Sepultura–სთან დიდი ხანია აწარმოებდნენ – “აქ ორმხრივი სურვილი იყო, მათაც უნდოდათ საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენც ძალიან მოწადინებულები ვიყავით იმიტომ, რო
მ ვიცოდით – აქ ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ელოდა ამ ჯგუფს”. ორგანიზატორების თქმით, კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა.

სეპულტურას საქართველოში ჩამოყვანის მცდელობა იყო 2011 წელსაც, ოღონდ სხვა საპრომოუტერო კომპანიის მიერ. მაშინ საორგანიზაციო საკითხებში არსებული ხარვეზების გამო მოლაპარაკება ჩაიშალა.

როგორც დერეკ გრინმა, კონცერტამდე, პრეს–კონფერენციაზე განმარტა, ჯგუფი თითქმის ორი წელია აქტიურ ტურშია. უშუალოს 30 წლის საიუბილეო მსოფლიო ტური კი 2015 წლის მარტში დაიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო – მსოფლიო ტურის ერთ-ერთი ბოლო გაჩერება იყო, ჯგუფის წევრები ტრადიციულად ენერგიულები ჩანდნენ – „მას შემდეგ, რაც ჯგუფში მოვედი, ვფიქრობ ეს საუკეთესო ტურია რაც გვქონია. ადრეც მიმიღია შემოთავაზებები საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, ბევრი მწერდა საქართველოდან, აინტერესებდათ ჩამოვიდოდით თუ არა ოდესმე საქართველოში. ვფიქრობ ბევრ ჯგუფს შეშურდება, რომ ჩვენ დავუკარით აქ, ანუ ადგილას სადაც ჩვენ არასოდეს დაგვიკრავს…  სადაც ისინიც არასოდეს ყოფილან. ჩემთვის, როგორც ჯგუფის წევრისთვის, ერთ–ერთი ყველაზე სასიამოვნო მოვლენაა დავუკრათ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან განებივრებულნი მუსიკის ხშირად მოსმენით, ადამიანებისთვის ვინც ნამდვილად დააფასებენ ამას. ასე, რომ ესეც არის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი საქართველოში სტუმრობისა“ – თქვა დერეკმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

საიუბილეო ტურის ფარგლებში, 28 ნოემბერს Sepultura–მ სომხეთში დაუკრა,  5 დეკემბერს ისინი ბრაზილიაში გამოვლენ, 12 დეკემბერს კი პერუში დაასრულებს ტურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი