კინოხელოვნება

გზა „სალამურას თავგადასავლიდან“ 3D-მდე და პირიქით

31 დეკემბერი, 2010 • 3339
გზა „სალამურას თავგადასავლიდან“ 3D-მდე და პირიქით

„საახალწლო ზღაპარი – ბრძოლა ნატვრისთვალისთვის“ – 3D ფორმატში შექმნილი პირველი ქართული ანიმაციური ფილმია. იგი საახალწო სიურპრიზია არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ქართული მულტიპლიკაციისთვისაც. მანამდე ქართული საპროდუსერო კომპანიები ასეთი ტიპის ანიმაციური ფილმების მხოლოდ გახმოვანებით შემოიფარგლებოდნენ. დღეს კი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, სრულიად ქართული პროდუქტი შეიქმნა.

სრულყოფილებისგან ნამდვილად შორსაა. აქვს ხარვეზებიც. მაგალითად, ბევრ ეპიზოდში პერსონაჟები თოვლზე ნაკვალევს არ ტოვებენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ნაბიჯია ადგილობრივ 3D ანიმაციაში, ნამდვილად იმსახურებს აპლოდისმენტებს.

მულტიპლიკაციური ფილმი სს „რუსთაველის“ მიერ სტუდია ART ბონუსში მომზადდა. რეჟისორი შალვა რამიშვილია, რომელსაც ანიმაციურ ჟანრში ადრეც უმუშავია. „დარდუბალას“ გამოცდილება ახალ პროდუქტში მას ნამდვილად გამოადგა. ქართულ ფოლკლორზე აგებული სიუჟეტიც ფრიად საინტერესოდ ვითარდება. რეალური და ზღაპრული გმირები დინამიურად ერწყმიან ერთმანეთს. მოზარდები კეთილი და ბოროტი ძალების მარადიულ ჭიდილს „სხვა თვალით“, უფრო სწორად – „გონიერი სათვალით“ უყურებენ.

რა თქმა უნდა, ისტორია კეთილად სრულდება და ნატვრისთვალი, რომელსაც ქართველები მხოლოდ მშვიდობას შესთხოვენ, სამყაროსთვის ავის მსურველთა მცდელობის მიუხედავად, საიმედო ადამიანების ხელში რჩება.

ცნობილი პერსონაჟების – ოჩოპინტრეს, ცეროდენას, დევისა და 23–ე საუკუნის ქართველების მულტიპლიკაციური სახეები, წარსულისა და მომავლის საქართველო მხატვარმა ზაალ სილაკაურმა შექმნა. ფილმი წელიწადზე ნაკლებ დროში გაკეთდა. აცხადებს, რომ “ამ მცირე დროის გათვალისწინებით ნამუშევარი შედევრია.

სულაკაურს, მეტად ცნობილს კარიკატურებით, როგორც თავადაც აღნიშნავს, დიდი პატივი ერგო – 3D–ში შექმნილი პირველი ქართული პოდუქტის დამდგმელი მხატვარია. თუმცა განმარტავს, რომ მისი მიზანი „სალამურას თავგადასავლზე“ ახალი მულტიპლიკაციური ფილმის გადაღებაა.

ქართული ანიმაციისთვის უცხო ფორმატზე მუშაობისას ყველაზე უფრო რომელი პერსონაჟის დახატვა გაგიძნელდათ?
– ბოროტი გმირის. არაერთი ბოროტი დავხატე, სანამ სასურველს მივაგენით. საბოლოო პროდუქტი 8 თვეში შეიქმნა. ეს კი ამ საქმისთვის ცოტაა. ამ მცირე დროისა და ფინანსების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ეს ანიმაციური ფილმი შედევრია. როცა მომავალში ვინმე შეეჭიდება მსგავს საქმეს, უკეთესი შედეგის მისაღებად უნდა გაითვალისწინოს, რომ მეტი დრო და ფულია საჭირო. შეკვეთის შესრულებაში დამეხმარა ის ფაქტორიც, რომ ინტერნეტით აქტიურად ვეცნობი თანამედროვე მულტიპლიკაციური ფილმების მხატვრების მუშაობის სტილს, ტენდენციებს. მათი ნამუშევრების დახმარებით ველოსიპედის გამოგონება არ დამჭირვებია – ვაკვირდებოდი უკვე შექმნილ თემატურ გმირს და ვიყენებდი მხოლოდ საწყის მასალად. მერე უკვე ვაქართულებდი და ვაყალიბებდი გმირის ჩემეულ ტიპს. ეს არაა პლაგიატობა. უბრალოდ კოლეგა, უკვე შექმნილი ტიპაჟით, გეხმარება. გაძლევს მიმართულებას და გიადვილებს საქმეს. ასე შეუძლიათ ჩემი გმირებიც გამოიყენონ და საბოლოოდ სხვა, ორიგინალური სახეები შექმნან ისე, რომ ვერც მივხვდე. თუ ასე მოხდება, ჩემთვის საამაყო იქნება. ზოგადად, ამ ფილმზე საჭიროზე ნაკლებმა ხალხმა იმუშავა. იგივე მხატვრული მიმართულებით – ფურცლებზე დახატული ჩემი გმირების ანიმაციაში, ციფრულ ფორმატში გადაყვანაში თუ გაცოცხლებაში მხოლოდ 20 კაცი მონაწილეობდა.

სულ რამდენი პერსონაჟი შექმენით?
– 60–ზე მეტი. 10–15 სახე საბოლოოდ საერთოდ ამოვარდა ფილმიდან. თითოეული მთავარი გმირის 500–მდე სახე დავხატე, რათა საურველი აგვერჩია. თვენახევარში პერსონაჟების 80 პროცენტის შექმნა მოვასწარი. დროის სიმცირის გამო, სხვა მხატვრებსაც ვთხოვე დახმარება. მაგალითად, იმ გმირებისთვის, რომლებიც 23–ე საუკუნეში ცხოვრობენ, კოსტუმების შექმნაში ჩემი პედაგოგი, თეატრის მხატვარი ეკა სოლოღაშვილი დამეხმარა. ოჩოპინტრე და ცეროდენა ვიქტორ წიკლაურის ჩანახატია. საბოლოოდ ისინი, ასე ვთქვათ, ჩემეულად „გადავაკატავე“. საერთოდ, როცა შალვა რამიშვილმა მითხრა, სიუჟეტი ხევსურეთში ვითარდებაო, მაშინვე მივხვდი, რომ საქმეს თავს გავართმევდი. ბავშვობა მთაში გამიტარებია და მთის ხალხსაც ახლოს ვიცნობ. თუშური დიალექტიც კარგად ვიცი, რადგან ბებია მასწავლიდა. შესაბამისად, გამიადვილდა მათი ხასიათის ანიმაციური ტიპაჟების პორტრეტებში დაჭერა.

ზალიკო სულაკაურს იცნობენ, როგორც კარიკატურების მხატვარს. ანიმაციური ფილმის მხატვრობაში ამ მიმართულებით დაგროვილი გამოცდილებაც დაგეხმარათ?
– როგორ გგონიათ, სადმე იკარგება ის უამრავი შტრიხი, მონახაზი და სახე, რომელსაც კარიკატურების შესაქნელად ვიყენებ? რა თქმა უნდა, გმირების ქაღალდზე გადმოტანა გამიადვილა, კარიკატურების მხრივ, უკვე წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა გამოცდილებამ. გარდა ამისა, დამეხმარა ისიც, რომ არაერთი მულტიპლიკაციური ფილმის, ანიმაციური რგოლისა და სარეკლამო ტიხრის დამგდმელი მხატვარი ვყოფილვარ. უბრალოდ, ასეთი მასშტაბური არც ერთი პროექტი ყოფილა.

ქართული საბავშვო მწერლობის მარგალიტი, „სალამურას თავგადასავალი“ თქვენმა ბიძამ – არჩილ სულაკაურმა დაწერა. მისმა ძმამ კი ზღაპარი–მოთხრობა მულტიპლიკაციურ ფილმად აქცია, რომელზეც თაობები გაიზარდნენ. ანუ, გამოდის, თქვენი გვარისთვის მულტიპლიკაციურ ფილმებზე მუშაობა უცხო არაა.
– მართალია ბიძაჩემისაა და შეიძლება სუბიექტურობაშიც ჩამეთვალოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ „სალამურას თავგადასავალი“ თავისი მასშტაბით უდიდესია. ქართულ ანიმაციაში ამ ფილმმა დაიმკვიდრა ადგილი, თუმცა დღევანდელი გადასახედით, მას მარილი აკლია. ჩვენ მიერ შექმნილ პირველ ქართულ 3D მულტიპლიკაციურ ფილმსაც აქვს ხარვეზები, თუმცა ამის მიზეზი ის მცირე დრო იყო, რაც მის შესაქნელად მოგვცეს. ალბათ, დადგება ის დღე, როცა „სალამურაზე“კიდევ ერთ ანიმაციურ ფილმს გადავიღებ. ეს ჩემი დიდი ხნის სურვილია… წელს კი სხვა ოცნებების ასრულების წელი მაქვს – დაუჯერებელია, მასშტაბური, ულტრათანამედროვე ანიმაციური ფილმის დამდგმელი მხატვარი ვარ. წინა თვეშიც კოლეგა გელა ბერიანიძესთან ერთად დაარსებულ სტუდია „რიტუალში“ მომზადებული ანიმაცია დავასრულეთ. ეს ორნაწილიანი ფილმი კინოცენტრის დაკვეთით შევქმენით.

როდის იქნება მისი პრეზენტაცია და უახლოეს მომავალში თუ აპირებთ სხვა ანიმაციურ ფილმზე მუშაობას.
– ორნაწილიანი მულტიპლიკაციური ფილმის პირველი ჩვენება ნაახალწლევს იგეგმება. რაც შეეხება საახალწლო გეგმებს, კინოცენტრში, ასე ვთქვათ, ყველაფრით, ქართული ანიმაციური ფილმის პროექტი ამ დღეებში წარვადგინეთ. გვინდა, ეს ფილმი, ზნეობრივი თვალსაზრისით, ბავშვის სწორად აღზრდის მხრივ, მცირე მარცვალი მაინც იყოს. საინტერესოსთან ერთად ეს ფილმი მცირებიუჯეტიანიცაა, რაც მაიმედებს, რომ დააფინანსებენ. სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ მსოფლიოს მასშტაბით კარგი ანიმატორების დეფიციტია. ჩვენთანაც სულ 20 კაცი თუ იქნება პროფესიონალი. ადრე იყო შესაბამისი კურსები, ახლა კი საგანი სამხატვრო აკადემიაშიც არ ისწავლება. ამიტომაც გადავწყვიტე პატარა სტუდიის შექმნა, რომელიც იანვარში გაიხსნება. მაგალითად, ჩემს სამხატვრო სტუდიაში, იმის მიუხედავად, იციან თუ არა ხატვა,  მოზარდებს ვღებულობთ, რათა ბავშვებს ხელოვნების ეს დარგი მეტად შევაყვაროთ. მომავალი ანიმატორებისგან კი გარკვეულ დონეს ვითხოვთ. ამიტომაც ჯგუფის წევრებს გამოცდებით მივიღებთ. მჯერა, საქართველოს კარგ ანიმატორებს გავუზრდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი