ხელოვნება

MTV-ს კონცერტი ბათუმში ივნისში გაიმართება

22 დეკემბერი, 2010 • • 1133
MTV-ს კონცერტი ბათუმში ივნისში გაიმართება

MTV -ს კონცერტი საქართველოში ივნისში გაიმართება. პრემიერ მინისტრის პრეს სპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა, ნეტგაზეთთან საუბარში დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები ცნობილ მუსიკალურ არხთან დასრულდა და შეთანხმებას ხელი მოეწერა.

მჭედლიშვილის ინფორმაციით, კონცერტი ბათუმში, სავარაუდოდ, ივნისის თვეში გაიმართება. 

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ კონცერტში.

MTV-ს პროდიუსერები მოლაპარაკებებს ცნობილ ვარსკვლავებთან აწარმოებენ. 

“MTV-მ უნდა მოილაპარაკოს ვარსკვალავებთან და მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ ვინ ჩამოვა კონცერტზე”.

კითხვაზე, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას კონცერტში ქართველი მომღერლები, ასევე არ არის ცნობილი. მჭედლიშვილი ამბობს, რომ კონცერტის შემოქმედებითი მხარე მთლიანად  მუსიკალური არხის კომპეტენცია იქნება.

“აქამდე პრემიერის აპარატი იყო  ჩართული, მაგრამ ახლა უკვე მთელი მთავრობა ჩაერთვება”,–ამბობს მჭედლიშვილი.

მისი ინფორმაციით, კონცერტისთვის შესაბამის ტექნიკურ აღჭრურვილობას  მუსიკალური არხი უზრუნველყოფს.

“ტექნიკურად ყველაფერი იქნება MTV-ს, სცენას და შესაბამის ტექნიკას ჩამოიტანენ, ჩვენი მხრივ, თუ საჭირო გახდება ჩვენი რესურსის გამოყენება, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ”.

საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ საორგანიზაციო საკითხები ჯერ არ არის გაწერილი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფესტივალების გამართვა დეპარტამენტის კომპეტენციაა, ისინი ჩართულნი იქნებიან ამ საკითხში.

მისივე ინფორმაციით, მაია სიდამონიძე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი, ესწრებოდა მოლაპარაკებებს, სადაც  MTV-სთან შეთანხმებას მოეწერა ხელი.

კონცერტი ბათუმში მუსიკალური არხის ეგიდით გაიმართება, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებში კონცერტების ორგანიზება და მისი პოპულარიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი