კინოხელოვნება

არ იყო პრომეთე, მაგრამ იყო ბედნიერების ღმერთი – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა

6 დეკემბერი, 2015 • 4009
არ იყო პრომეთე, მაგრამ იყო ბედნიერების ღმერთი – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა

5 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, დაჯილდოების ცერემონიის ფონზე, დიტო ცინცაძის ფილმით “ბედნიერების ღმერთი” დაიხურა.

მართალია, ფესტივალის ორგანიზატორებმა საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების გამარჯვებულებისათვის სპეციალური ჯილდოს, პრომეთეს ფიგურების გადაცემა ვერ შეძლეს (რადგან დაკვეთა დროულად არ შესრულდა და ფიგურების ჩამოსხმა ვერ მოესწრო), მაგრამ კონკურსანტებისათვის გამარჯვების აღნიშვნაში ამას ხელი არ შეუშლია.

“ოქროს პრომეთე” საუკეთესო ფილმისთვის თურქი რეჟისორის სენემ თიუზენის ფილმმა “სამშობლო” მიიღო.

თურქი რეჟისორის სენე თიუზენი. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

თურქი რეჟისორის სენე თიუზენი. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

“ვერცხლის პრომეთე” საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში იონას კაპრინიანოს გადაეცა. რეჟისორმა დაჯილდოების ცერემონიაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო. სერტიფიკატი მის პროდიუსერს გადაეცა.

“ვერცხლის პრომეთე” საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში იონას კაპრინიანოს გადაეცა. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

“ვერცხლის პრომეთე” საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში იონას კაპრინიანოს გადაეცა. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

უცხოელი კინოკრიტიკოსებისა და რეჟისორებისაგან შემდგარი ჟიურის გადაწყვეტილებით ეროვნულ კონკურსში პრომეთე საუკეთესო მოკლემეტრჟიანი ფილმისთვის – თორნიკე ბზიავას “მექელეხეს” ხვდა წილად.

“ბედნიერი ვარ, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემმა ფილმმა გაიმარჯვა, არამედ იმიტომ, რომ ქართული ფილმი ვითარდება და დღეს, ფილმები იქმნება ისეთ თემებზე, რომლებზეც ფილმის გადაღება არც კი მოაფიქრდებოდა ვინმეს წლების წინ,” – ამბობს თორნიკე ბზიავა.

რეჟისორი თორნიკე ბზიავა. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

რეჟისორი თორნიკე ბზიავა. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

ასევე, ეროვნულ კონკურსში პრომეთე საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის გადაეცა ზაზა ხალვაშს ფილმისათვის “სოლომონი”. როგორც რეჟისორი აცხადებს, მას ბოლო 10 წლის განმავლობაში ფილმი აღარ გადაუღია და ამ პრიზით კინოხელოვნებაში დაბრუნება მისთვის საუკეთესო გზაა.

“ბედნიერი ვარ, რომ ჩემს პროფესიაში ასე დავბრუნდი. მთავარი როლის შემსრულებელი, რომლის სახელიც ჰქვია ფილმს, სოლომონი, რეალური პიროვნება იყო. ის, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ფილმის პრემიერას და მე ვფიქრობ, რომ დღეს სოლომონი დაბრუნდა ხელოვანთა ატმოსფეროში ამ ფილმის სახით,” – ამბობს ზაზა ხალვაში.

რეჟისორი ზაზა ხალვაში. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

რეჟისორი ზაზა ხალვაში. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

პრომეთე საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის მიიღო ფილმმა “როცა დედამიწა მსუბუქია”. ფილმზე სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე და დავით მესხი მუშაობდნენ. ფილმი უკვე გახდა ამსტერდამის კინოფესტივალის რჩეული და, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, “როცა დედამიწა მსუბუქია” კვლავ გააგრძელებს ფესტივალებზე მოგზაურობას. ქართველ მაყურებელს მისი ნახვის საშუალება მოგვიანებით მიეცემა.

IMG_1790

“პრომეთე” მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭათ ჰარუთიუნ ხაჩატრიანსა და ლანა ღოღობერიძეს.

გამარჯვებული გამოვლინდა ასევე, ე.წ. “ფიჩინგ ფორუმის” მონაწილე პროექტებს შორის. ეს არის ფილმების საწყისი პროექტები, რომლებიც ჟიურის აზრით წახალისებასა და დახმარებას საჭიროებს საბოლოოს სახის ჩამოყალიბებისათვის. კატეგორიაში გამარჯვებული გახდა გიორგი ბასილაშვილის “გაუმარჯოს”. იგი გაემგზავრება გერმანიაში “ბერნინალეს” კინოფესტივალზე.

პრიზის სახით 5 000 ლარი გადაეცა ასევე რეჟისორ ლევან კოღუაშვილს ახალი პროექტისათვის.

რეჟისორი ლევან კოღუაშვილი. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

რეჟისორი ლევან კოღუაშვილი. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ დიტო ცინცაძის ახალი ფილმის “ბედნიერების ღმერთი” ჩვენება გაიმართა. ფილმი ქართველი კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გერმანიაში აფრიკელ მეგობართან ერთად ცხოვრობს და 10 წლის შემდეგ პირველად თავის ქალიშვილს ხვდება. მაყურებელი ფილმის დასრულების შემდეგ მას დადებითად აფასებდა.

“ნამდვილად მომეწონა – როგორც ტექნიკური მხარე, ისე შინაარსობრივადაც საინტერესო ფილმია. ძველი ფილმებისაგან განსხვევით რეჟისორმა თავისი ხელწერა ცოტა შეცვალა, რაც ახალ ფილმს მოუხდა,” – ამბობს დრამატურგი ბესო ოდიშარია.

ფილმი მაყურებელს დიტო ცინცაძემ და მთავარი როლის შემსრულებელმა ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ ერთად წარუდგინეს.

"პრომეთე" მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭათ ჰარუთიუნ ხაჩატრიანსა და ლანა ღოღობერიძეს. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

“პრომეთე” მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭათ ჰარუთიუნ ხაჩატრიანსა და ლანა ღოღობერიძეს. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

ფესტივალის განვითარებას მიესალმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე:

“ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება, რაც მისასალმებელია. ყოველ წელს ჩამოდიან რეჟისორები, პროდიუსერები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ფესტივალის მასშტაბების ზრდაზე მეტყველებს. ასევე, ის თემა, რომელიც წელს ფესტივალის მთავარ თემად დასახელდა, ძალიან მნიშვნელოვანია” – ამბობს გიორგაძე.

ფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას მიეძღვნა. ქალთახედვა/”Women Eyes“ – სექციის ფარგლებში მოეწყო ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

IMG_1706

წლევანდელი ფესტივალის რჩეული ფერი იასამნისფერი იყო, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა. კინოჩვენებების გარდა, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო დისკუსიები ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხის გარშემო. ლექცია-დისკუსიები ადგილობრივმა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეულმა მომხსენებლებმა გამართეს.

ამით თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისი კიფესტივალი ქართველ მაყურებელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი