ხელოვნება

ფუნჯებით ბულდოზერების კვალდაკვალ

16 დეკემბერი, 2010 • 1151
ფუნჯებით ბულდოზერების კვალდაკვალ

რამდენიმე დღის წინ ფიჭვნარის ველზე ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე-მესამე საუკუნით დათარიღებული ოქროს სამკაულები აღმოაჩინეს. ამავე ადგილზეა ნაპოვნი შავლაკიანი ლანგარი და გეომეტრიულ ორნამენტიანი გნათიის სტილის სასმისი, რომელიც პირველად აღმოჩნდა ფიჭვნარში. სასმისთან ერთად არქეოლოგებმა გიმნასიონის ინვენტარი, სტრიგილა, რომლითაც ათლეტები სარგებლობდნენ და მებადურის საფლავიც აღმოაჩინეს, სადაც ნაპოვნია ბადის ტყვიის საძირავები, მძივები, ოქროს საკიდები და ბრინჯაოს სამაჯურები.

ერთი თვეზე მეტია ბათუმელი არქეოლოგების ჯგუფი ფიჭვნარის ველზე მძიმე ტექნიკასთან ერთად მუშაობს. ყოველ ბულდოზერთან მობილური ჯგუფი დგას, რომ სამარხის დაზიანების შემთხვევაში მძიმე ტექნიკა შეაჩეროს, სწრაფად დაიწყოს ადგილის შესწავლა და სამარხიდან ანტიკური განძის ნაწილი გადაარჩინოს.

არქეოლოგებს დრო ცოტა აქვთ. ერთ თვეში ოცამდე არქეოლოგმა და 40-მა მუშამ 100 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია უნდა შეისწავლონ. არქეოლოგები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში არქეოლოგიური გათხრების წესების დაცვით წარმოების ფუფუნება არა აქვთ, მათი მიზანია, ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული თიხისა და კერამიკის მასალა მძიმე ტექნიკისაგან გადაარჩინონ.

ამირან კახიძე, არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, რომელიც 50 წელია ფიჭვნარის ველზე არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ქვიშა-ზვინულების სამხრეთი მონაკვეთი მძიმე ტექნიკამ მოასწორა, დაზიანდა მე-8-7 საუკუნეების ქართული კულტურის უნიკალური ძეგლის ნაწილი.

ამირან კახიძე, პროფესორი, არქეოლოგი: „ჩვენ აღმოვჩნდით მოულოდნელი გაუგებრობის წინაშე. 50 წელია ვმუშაობ და სოფელში სახლი არ გაკეთდებოდა, დასკვნა რომ არ ყოფილიყო არქეოლოგების. გრანდიოზულ ძეგლთან გრანდიოზული მშენებლობა ისე დაიწყო, რომ საქმის კურსში არავინ ჩაგვაყენა. თითქმის სიცოცხლის ფასად შევაჩერეთ მძიმე ტექნიკა ერთ-ერთ მონაკვეთზე, ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა და მიწასთან გასწორდა – ეს ფაქტია. ფორსმაჟორში ვმუშაობთ და ესეც არ შველის, რადგან ძეგლი დიდია. თითქმის მოვიდნენ იმ ადგილამდე, სადაც არქეოლოგები ვმუშაობდით. ახლა იმას ვფიქრობთ, იქეთ არ წავიდნენ. ამას ტყვია მესროლონ, მირჩევნია, როგორც რიგით მოქალაქეს“.

მკვლევარების თქმით, ფიჭვნარის ველზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ფასდაუდებელია, ერთის მხრივ, კოლხეთის ანტიკურ სამყაროსთან ურთიერთობის შესწავლისთვის და ასევე შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაციისა და ანტიკური ისტორიისა და კულტურის კვლევის თვალსაზრისით. ფიჭვნარის ველზე აღმოჩენილი მასალა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექციაშია დაცული. მსგავსი მუზეუმი დასავლეთ საქართველოში ერთადერთია.

ფიჭვნარის ველზე აღმოჩენილი მასალის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ 13 წელია ქართველ მეცნიერებთან ერთად აქ ზაფხულობით ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ჩამოდიან სამუშაოდ.

ბათუმელმა არქეოლოგებმა ძეგლის სწრაფად შესწავლისათვის თანხა, 70 ათასი ლარი, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსგან უნდა მიიღონ. „ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვართ. არც დროა საკმარისი, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ იანვარ-თებერვალშიც, ვმუშაობთ წვიმაშიც, შევიძინეთ საწვიმარი ლაბადები და მძიმე ტექნიკის კვალდაკვალ ვმუშაობთ“, – ამბობს ამირან კახიძე და აღნიშნავს, რომ შესაბამისი ინტერესის შემთხვევაში შესაძლებელი იყო არქეოლოგიური ფენების მინაში ჩასმა და ადგილზე მუზეუმის გაკეთებაც. ამის პრაქტიკა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არსებობს. 

არქეოლოგებს ფიჭვნარის ველზე სამუშაოდ მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩათ. ისინი ამბობენ, რომ ხანდახან მძიმე ტექნიკაზე დასაქმებული მუშებიც ეხმარებიან – უძველესი კერამიკის ნამსხვრევებს აგროვებენ და არქეოლოგებთან მიაქვთ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი