ხელოვნება

კონკურსის ციებ-ცხელებანი

10 დეკემბერი, 2010 • • 1162
კონკურსის ციებ-ცხელებანი

თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალის მეოთხე დღე შევსებული დარბაზებით გამოირჩეოდა. ხალხის სიმრავლე კი, რა თქმა უნდ,ა ფილმების ხარისხთან იყო დაკავშირებული.

საერთაშორისო კონკურსის სექციაში წარმოდგენილი ორი ფილმიდან ვერც ერთს გამოარჩევდით. თავიანთ ჟანრებში ორივე ძალიან ძლიერი ფილმი იყო.

პოლონელი რეჟისორის, პაველ სალას „კატების დედა ტერეზამ“, ცოტა არ იყოს, დააბნია მაყურებელი. ეს ფილმი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც არც ერთი ნიუანსი არ უდნა გამოტოვო, ყველა მომენტს გაფაციცებით უნდა უყურო და სიუჟეტი თავისით დაგილაგდება ტვინში.

„ბევრს ჰგონია, რომ ჩემი ფილმი კრიმინალური ჟანრისაა, თუმცა არ არის ასე. ეს არის ორი ძმის ისტორია, რომლებმაც საკუთარი დედა მოკლეს. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება გავდეს კრიმინალს, მაგრამ როცა მოვლენები ვითარდება უკან დროში, ხალხი ხვდება, რომ ეს ფილმი არის მიზეზებზე, რომლებმაც საბოლოოდ ბიჭები  კრიმინალებადა ქცია. სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ასეთი რამ მართლაც მოხდა 90-იანების ვარშავაში. მე, უბრალოდ, ყველაფერი დღევანდელობაში გადმოვიტანე.“- ამბობს რეჟისორი პაველ სალა.

სეანსის შემდეგ მაყურებელთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ სწორედ პოლონური ფილმი გახდებოდა კონკურსის გამარჯვებული, თუმცა სულ რამდენიმე წუთში, მათ, ვინც ისევ საკონკურსო ფილმის ჩვენებას დაესწრო, აზრი შეეცვალა.

ისევ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული და ისევ მძიმე ოჯახური დრამა. ბრიტანულ-აფრიკული ფილმი „კანი“ რეჟისორმა ენტონი ფაბიანმა წარადგინა. სეანსამდე მან მაყურებელს აცნობა, რომ ფილმში განვითარებული მოვლენები გამოგონილი არ იყო. „რატომ არის აუცილებელი, იცოდეთ, რომ ფილმი რეალურ ისტორიას ეფუძნება? იმიტომ, რომ ზოგჯერ რეალური გამოგონილზე დაუჯერებელია. ეს ფილმი კაფკას რომანებს უფრო გავს, ვიდრე ნამდვილ ამბავს.“ – თქვა ენტონი ფაბიანმა. თეთრკანიანთა ოჯახში დაბადებული შავკანიანი გოგონას ისტორია, რომელსაც თავისი კანის ფერის გამო უამრავი პრობლემა ექმნება, ძალიან მძიმე სანახავი იყო. ფილმში აღწერილი რასიზმი იმდენად ცდებოდა ადამიანობის საზღვრებს, რომ ჩემ უკან მჯდომი ფერადკანიანების შემრცხვა. საბედნიეროდ, მალევე მივხვდი, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი და ისევ გამართულმა გავაგრძელე ფილმის ყურება. დასასრულმა საბოლოოდ აატირა თვალებზე ცრემლებმომდგარი მაყურებელი. ეს იმის ბრალიც იყო, რომ ფილმში ასახული ადამიანური, უფრო სწორად კი, არაადამიანური მომენტები გამოგონილი კი არა, მკაცრი რეალობა იყო. 

ორი ერთმანეთისგან გასნხვავებული და კარგი ფილმის ნახვის შემდეგ, ამირანში წასულმა მაყურებელმა მესამეც ნახა.

ჯული ბერტუჩელის დრამა „ხე“ სასიამოვნო დღის სასიამოვნო დასასრული იყო.

კარგი სიუჟეტი, კარგი მსახიობები, კარგი რეჟისორი –  ამ ყველაფერმა საბოლოოდ კარგი ფილმი შექმნა. ჟული ბერტუჩელის, როგორც რეჟისორისა და შარლოტ გენსბურის, როგორც მსახიობის ტანდემი ამ ფილმში შედგა. 

დღეს მაყურებელი ფესტივალის სტუმრებს შეხვდება. ფესტივალის მთავარი სტუმარი, მსახიობი გრეტა სკაკი 3 საათზე, ფილმი ჩვენების შემდეგ, ხალხის კითხვებს უპასუხებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი